“სანქცია, რომლებიც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და მინიმალურად – ევროკავშირისთვის – რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე გადასახადის დაწესებაა”

უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ევროპის ლიდერები ყველანაირად ცდილობენ შეიმუშაონ „ჭკვიანი სანქციები“, რომლებიც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და მინიმალურად – ევროკავშირისთვის. რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე გადასახადის დაწესება კარგი ვარიანტია.

  • ავტორი: დანიელ გროსი – ევროპული ანალიტიკური ცენტრის CEPS-ის ექსპერტი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას, მათ შორის სამოქალაქო ზონებს, ბომბავს. ამ ფონზე კი სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება კითხვა, უნდა აკრძალოს თუ არა ევროკავშირმა ან ცალკეულმა სახელმწიფოებმა ბუნებრივი აირის იმპორტი რუსეთიდან. აშშ-მა უკვე გადადგა ასეთი ნაბიჯი, მაგრამ ბევრად უფრო დიდ ზიანს მიაყენებს პუტინის ომს იგივე სანქცია ევროკავშირისგან, რომელზეც მოდის რუსეთიდან ბუნებრივი აირის ექსპორტის 3/4.

იმპორტის სრულად აკრძალვით ევროპას დაუდგება სერიოზულ მოკლევადიანი ეკონომიკური შედეგები და შეიძლება  საქმე არამდგრადობამდეც მივიდეს. საბედნიეროდ, არის სხვა გამოსავალი, რომელიც მინიმალურ ზიანს მიაყენებს ევროკავშირის ეკონომიკას: გადასახიდი [დაბეგვრა] რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე.

ნორმალურ დროში, ასეთი იმპორტის გადასახადი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესდებას დაარღვევდა, მაგრამ რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით, ევროკავშირს შეუძლია აამოქმედოს გადასახადებსა და ვაჭრობაზე შეთანხმების XXI მუხლი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით დასაშვებ გამონაკლისებს ეხება. რუსეთმა უკვე დიდი ხანია დააწესა 30%-იანი გადასსახადი ექსპორტზე. ევროკავშირს შეუძლია განაცხადოს, რომ ეს უბრალოდ საპასუხო გადაწყვეტილებაა.

ამ გადასახადის შემოღება ერთ ღამეშია შესაძლებელი და მას აქვს მნიშვნელოვანი პოლიტიკური უპირატესობები. ასეთი ზომა უზრუნველყოფს, რომ რუსეთი [უკრაინაში შეჭრისთვის] ფასს გადაიხდის, ევროპელები კი საწვავის გარეშე არ დარჩებიან. ეს შეამცირებს და, საბოლოო ჯამში, დაასრულებს ევროპის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე; ხოლო რაკი გადასახადი ევროკავშირის დონეზე დაწესდება, დამტკიცდება, რომ ბლოკის წევრებს ერთიანად მოქმედება შეუძლიათ.

გადასახადის დაწესება რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე დიდწილად ხელს შეუწყობს ევროპის მიერ რუსული ბუნებრივი რესურსების შესყიდვით აგრესიის დაფინანსების ბრალდების უარყოფას. ევროპულ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ რუსული ბუნებრივი აირის ალტერნატივა, უცებ შეიცვლიან მომარაგების წყაროებს. ქვეყნები, რომლებსაც სხვა წყაროების ნაკლელობა აქვთ, [გაზრდილი] ფასით მიიღებენ წყაროების დივერსიფიკაციის ძლიერ და მუდმივ სიგნალს. ევროპული მოთხოვნა რუსულ ბუნებრივ აირზე თავდაპირველად ნელა ჩამოვა ქვევით, მაგრამ დაღმასვლის დონე მხოლოდ გაიზრდება.

ასეთი ნაბიჯი კერძო კომპანიებს გაუჩენს ხანგრძლივ და ძლიერ სტიმულს, ევროპას უკეთესი ვარიანტები შესთავაზონ. თუ ევროკავშირი ნათლად განაცხადებს, რომ გადასახადი ძალაში იქნება, სანამ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს, პოტენციურ მიმწოდებლებს მთელი მსოფლიოდან ექნებათ მოტივაცია, მოიძიონ ახალი წყაროები ან მეტი ინვესტიცია განახორციელონ არსებული წყაროების გამოყენებისთვის.

ამასთან ერთად, გადასახადი მნიშვნელოვან შემოსავალს მოუტანს ევროკავშირს. ენერგეტიკაზე მაღალი ფასების პირობებში რუსული ბუნებრივი აირისგან მარტივად შეიძლება წლიურად 30-50 მილიარდი ევროს შემოსავლის მიღება.

ამ შემოსავლის გამოყენება შეიძელბა არა მარტო ბუნებრივი აირის აწეული ფასისადმი მოწყვლადი ევროპელების დასახმარებლად, არამედ უკრაინის მთავრობის მხარდაჭერის გაზრდისთვის და უკრაინელი ლტოლვილების მიღების ხარჯის დასაფარად. თუ თითოეული ლტოლვილის მიღებას 5000 ევრო სჭირდება, ევროკავშირში კი თავშესაფარს 3-5 მილიონი უკრაინელი ეძებს, ევროკავშირს 15-25 მილიარდი ევრო სჭირდება.

ამ გადასახადისგან თავის ასარიდებლად რუსეთს რამის გაკეთება არ შეუძლია. იმის გათვალისწინებით, რუსული ბუნებრივი აირის რამხელა წილს ყიდულობს ევროკავშირი, ალიანსის ბერკეტი საკმაოდ ძლიერია. სხვა მყიდველები რუსეთისგან არ იყიდიან საკმარის ბუნებრივ აირს [ევროკავშირის] დანაკარგის ასანაზღაურებლად. მათ შორისაა ჩინეთი, რომელმაც უკვე შეიძინა საკმაოდ ბევრი ბუნებრივი აირი რუსეთიდან და არ ენდომება, მასზე უფრო დამოკიდებული გახდეს.

გადასახადის დაწესების ეკონომიკური ასპექტი გასაგებია. უსაფუძვლოა შიში, რომ ამ შემთხვევაში გაიზრდება ბუნებრივი აირის ფასებიც, რადგან რუსეთს ბევრი არ ჰყავს სხვა კლიენტები და მოსკოვს მოუწევს, დათანხმდეს უფრო პატარა ფასს. ფასების ცოტათი ზრდის მიუხედავად, ასეთი ნაბიჯის ღირებულება ევროკავშირისთვის მცირე უნდა იყოს, რადგან გადასახადისგან მიღებული შემოსავალი ევროკავშირში დარჩება. უფრო მეტიც, გადასახადის დაწესებამ შეიძლება ბაზარი დააწყნაროს, რადგან ამ შემთხვევაში ცნობილი გახდება სამომავლო პერსპექტივა ექსპორტის სრული აკრძალვის გარეშე.

ეს გვაჩვენებს გადასახადის დაწესების მორიგ უპირატესობას: გავლენა ფასებზე და ბუნებრივი აირის მიწოდებაზე პოლიტიკოსებს მისცემს საჭირო ინფორმაციას ევროპის ბუნებრივი აირის ქსელის რუსეთიდან გამოერთების გამოწვევაზე. გადასახადის დონე კი შეიძლება გადაიხედოს, პოლიტიკური ვითარების შესაბამისად.

შეიძლება გადასახადის დაწესება რუსულ ნავთობზეც, ოღონდ უფრო პატარა უნდა იყოს, რადგანაც ნავთობის ტრანსპორტირება ბევრად უფრო ადვილია. ძალიან მაღალი გადასახადის შემთხვევაში რუსეთი მოახდენს ექსპორტის დივერსიფიკაიას. თუმცა 10%-იანი გადასახადის დაწესება დასავლეთის ყველა ქვეყნის მიერ სერიოზულ შემოსავალს მოიტანს, რომლის გამოყენებაც მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლად შეიძლება.

რა თქმა უნდა, რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე დაწეესებული გადასახადი მოკლევადიან პერსპექტივაში არ უბიძგებს ვლადიმერ პუტინს, დაასრულოს ომი უკრაინაში. მან თავი სტრატეგიულ და პოლიტიკურ კუთხეში მიიმწყვდია და ასე უბრალოდ უკრაინის დატოვება არ შეუძლია.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პუტინის რეჟიმზე მაქსიმალური ზეწოლა არ უნდა განხორციელდეს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას ნიშნავს. ევროპის ლიდერები ყველანაირად ცდილობენ შეიმუშაონ „ჭკვიანი სანქციები“, რომლებიც მაქსიმალურად მტკივნეული იქნება რუსეთისთვის და მინიმალურად – ევროკავშირისთვის. მათ უნდა აღიარონ, რომ გადასახადის დაწესება რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტზე ყველაზე ჭკვიანური სანქციაა.

წყარო: netgazeti.ge

Leave a Reply

Menu Title