ანდრია გვიდიანი: “ენერგეტიკის სექტორში ინვესტორზე ორიენტირებული საინვესტიციო გარემოა”

„მთავარია საზოგადოებამ დაინახოს, რომ ჰესების სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია მის კეთილდღეობასთან“

ეკონომისტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც  დიდი ჰესების სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებას ეხებოდა, ეხმაურება. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საკითხმა ბოლო თვეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამ კონტექსტში საგულისხმოა პრემიერის განცხადება, რომ დიდი ჰესები, შესაძლოა სახელმწიფომ ააშენოს. რა თქმა უნდა, კერძო სექტორის მიერ ქართულ ენერგეტიკაში ინვესტირება ძალიან კარგია. თუმცა, თუ სახელმწიფოს ჩართულობა დაასრულებს იმ სპეკულაციებს, რასაც სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ძალები ეწევიან, რა თქმა უნდა, შესაძლებელია სახელმწიფოს ორგანიზებით მოხდეს ჰესების მშენებლობა. ცხადია, ასეთი პრაქტიკა არსებობს, სადაც სახელმწიფო აორგანიზებს გამოცდილ სამშენებლო კომპანიებთან, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თუ აქტივების მმართველ კორპორაციებთან ურთიერთობებს.

შეიძლება განვიხილოთ ასეთი იდეა, რომ ნებისმიერი ენერგოობიექტი სააქციო საზოგადოებად ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ყველას ჰქონდეს აქციების თუ ობლიგაციების შეძენის უფლება. ვფიქრობ, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მიეცეს ქართული ენერგეტიკის განვითარებაში უშუალო თანამონაწილეობის შესაძლებლობა. აქ მთავარია საზოგადოებამ დაინახოს, რომ ჰესების სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია მის კეთილდღეობასთან. ასეთი მიდგომით გაცილებით გამარტივდება საზოგადოების დარწმუნება ენერგოობიექტების მშენებლობის აუცილებლობაში. შესაბამისად, ამ ფორმატში, პრაქტიკულად პარალიზებული ხდებიან ისეთ ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად ძირს უთხრიან ქართული ენერგეტიკის განვითარებას. გარდა ამისა, ამ ფორმატის მიდგომამ, შესაძლოა კაპიტალის ბაზრის განვითარებაში საეტაპო მნიშვნელობა შეიძინოს.

რაც შეეხება ფინანსურ რესურსებს, აქ არაერთი შესაძლებლობაა. საგარეო რესურსებზე რომ არაფერი ვთქვათ, დღეს ქართულ ბანკებში მობილიზებულია 22.9 მილიარდი უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტები, რომელთა საშუალო საპროცენტო განაკვეთი მაქსიმუმ 2%-ის ფარგლებშია. გარდა ამისა, ასევე მობილიზებულია 15.2 მილიარდის დეპოზიტები ლარში. შესაბამისად, თუ მოსახლეობას საშუალება მიეცემა პირდაპირ მონაწილეობა მიიღოს ჰესების მშენებლობაში, თავისუფლად შესაძლებელია ჰესების ასაშენებელი ფინანსური რესურსები ქვეყნის შიგნითაც მოვიძიოთ.

P.S. – ყველაფერი გვერდზე რომ გადავდოთ, უპატიებელი დანაშაულია არ ვიყენებდეთ ჩვენს რესურსებს. ყველაფერი უნდა ვქნათ, ყველა მოდელი უნდა განვიხილოთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ ჰიდრორესურსების ათვისება.

#მეტისინათლე

#მეტიჰესი“ , – წერს გვიდიანი.

Leave a Reply

Menu Title