რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?

 

ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა

 

სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ინფრასტრუქტურის გარდა, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ ჩაანაცვლონ რუსეთი და მიაწოდონ ევროპას საკუთარი ნავთობი და ბუნებრივი აირი, უნდა დაამტკიცონ, რომ ისინი საიმედო და სანდო პარტნიორები იქნებიან. აღნიშნულ მოთხოვნებს ერგება რამდენიმე ქვეყანა, აქედან ერთი საერთოდაც ევროპის ნაწილია.

 

ნორვეგია

ევროპაში ნავთობისა და გაზის ერთ-ერთი დიდი მომპოვებელი, მიმდინარე მოვლენების ფონზე, მნიშვნელოვნად ცვლის საკუთარ პოლიტიკას და სიმძლავრეებს ზრდის.

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნორვეგია აქცენტს წიაღისეული საწვავის მოპოვებისა და მოხმარების შემცირებასა და მწვანე ენერგიის წყაროებზე გადასვლაზე აკეთებდა, თუმცა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო მას საკუთარი გეგმების გადახედვა მოუწია. ქვეყანამ მარტში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირის მოპოვება 6,3%-ით გაზარდა. ინფორმაცია ნორვეგიის ნავთობისა და გაზის რესურსების (NPD) სამმართველომ გაავრცელა.

აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიულ გაზზე მოთხოვნა ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომიდან გაიზარდა, როცა ევროპაში ენერგოკრიზისის შედეგად გაზსა და ელექტროენერგიაზე ფასის ზრდა დაფიქსირდა.

თუმცა, გადამწყვეტი როლი მაინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა ითამაშა. რუსეთის შეჭრიდან სამი კვირის შემდეგ ნორვეგიის მთავრობამ ევროპაში გაზზე გაჩენილი მოთხოვნის დასარეგულირებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის შესახებ განაცხადა. ნორვეგიის ნავთობისა და ენერგეტიკის მინისტრმა კომპანია Equinor-ს ტროლში, ოზებერგსა და ჰეიდრუნის საბადოებზე ნედლეულის მოპოვებისა და ექსპორტის უფლება მისცა. ამასთან, Equinor-ი გეგმავს თხევადი გაზის საწარმოს ხელახლა ამუშვებას ჰამერფესტში,  რომელიც 2020 წელს მომხდარი ხანძრის გამო არ ფუნქციონირებდა.

რა თქმა უნდა, ნორვეგიას არ შეუძლია რუსული ბუნებრივი აირის სრულად ჩანაცვლება, მაგრამ, მას მნიშვნელოვანი წვლილი შეუძლია შეიტანოს დივერსიფიცირებისა და ტრანზიციის პროცესში.

 

უკრაინა

ყველას გასაკვირვად, დავოსის 2022 მსოფლიო ეკონომიკის ფორუმზე, როდესაც საუბარი ევროკავშირის ბუნებრივი აირით მომარაგებას ეხებოდა, სულ უფრო ხშირად გაისმოდა უკრაინის სახელი.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის შემდეგ ევროპაში გაზის ყველაზე დიდი საბადოები უკრაინას აქვს. გარდა ამისა, უკრაინის მიწისქვეშა ბუნებრივი აირის საცავების გამოყენება ხელს შეუწყობს ევროკავშირის გეგმების განხორციელებას გაზის სტრატეგიული რეზერვების შექმნასთან  დაკავშირებით.

ასევე, ცოტა ხნის წინ ზემოღხსენებული მიზნები უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმაც დაადასტურა:  „უკრაინა უახლოეს წლებში ბუნებრივი აირის ექსპორტიორი გახდება“, –  განაცხადა მან.

მისი სიტყვებით, ბუნებრივი აირის მოხმარების შემცირების გამო, უკრაინას თავისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება საკუთარი წარმოებითვე შეუძლია, შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა მისი ექპორტზე გატანისაც, ყოველ შემთხვევაში მანამდე მაინც, სანამ შიდა მოთხოვნა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება, რაც, მიმდინარე ომის ფონზე (იმ შემთხვევაშიც კი თუ ის უახლოეს თვეებში დასრულდება) ნაკლებად სავარაუდოა. გარდა ამისა, ევროპის მომარაგებაში, თუნდაც დროებით, გარკვეული წვლილის შეტანა, მნიშვნელოვნად დაეხმარება კონტინენტს ტრანზიციისა და დეგაზიფიკაციის პროცესში.

რა თქმა უნდა, უკრაინასთან დაკავშირებით ბევრი წინააღმდეგობა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ უკვე დაამტკიცა, რომ ის სანდო და საიმედო პარტნიორია, რომელიც ომის პირობებშიც კი შეუფერხებლად უზრუნველყოფდა ბუნებრივი აირის ტრანზიტს ევროპაში, გასათვალისწინებელია, რომ უკრაინული გაზის ტრანსპორტირების შემთხვევაში შესაძლოა ჰქონდეს ადგილი რუსეთის მხრიდან საბოტაჟს, რასაც წინა შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ არ აქვს ადგილი, რომ უშუალოდ რუსული საწვავის ტრანზიტი ხორციელდება.

 

აშშ

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებაში, არის აშშ, რომელმაც უკვე გამოხატა ევროპაში თხევადი გაზის ექსპორტის გაზრდის მზადყოფნა.

ენერგეტიკის სფეროში პარტნიორობის ახალი შეთანხმების შესახებ, შტატებისა და ევროკავშირის ლიდერებმა 25 მარტს ბრიუსელში განაცხადეს.

შეთანხმების ფარგლებში, ამერიკა ევროკავშირის ქვეყნებს წელიწადში დამატებით 15 მილიარდ კუბურ მეტრ თხევად ბუნებრივ აირს მიაწოდებს.

 

იაპონია

თხევადი ბუნებრივი აირის საკუთარი მარაგების ევროპისთვის გაზიარებას იაპონიაც დათანხმდა.

აღსანიშნავია, რომ იაპონია თავადაა მსოფლიოში თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი.

თუმცა, ტოკიო რამდენიმე ტანკერის, რომელთაგან თითო 70 000 ტონა თხევადი გაზითაა დატვირთული, ევროპისკენ გადამისამართებაზე თანახმაა.

იაპონიაში ევროკავშირის წარმომადგენელმა პატრისია ფლორმა ტოკიოს მადლობა გადაუხადა და სოლიდარობის ჟესტი „ხანგრძლივი თანამშრომლობის“ დასტურად შეაფასა.

„იაპონია, რომელიც გაზის იმპორტიორი და მომხმარებელია, ამგვარი ნაბიჯის გადადგმას პირველად დათანხმდა“, – განაცხადეს იაპონიის ვაჭრობის სამინისტროში.

 

ისრაელი

კიდევ ერთი კანდიდატი, რომელმაც უკრაინის მსგავსად გაკვირვება გამოიწვია, როდესაც მან ევროკავშირის ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხში დახმარების სურვილი გამოთქვა, არის ისრაელი, რადგან, თითქოს, ერთი შეხედვით, მის ტერიტორიაზე არ მოიპოვება მნიშვნელოვანი ნავთობისა თუ გაზის მარაგები, თუმცა, ოფშორული რეზერვებისა და ევროკავშირთან მეგობრობის წყალობით, ასევე იმის გამო, რომ ის ევროპასთან ტერიტორიულად უფრო ახლოსაა, შესაძლოა მართლაც ითამაშოს გარკვეული როლი გაერთიანების წიაღისეული საწვავით მომარაგებაში.

ისრაელის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვის აუზის ისრაელის მიერ კონტროლირებად ზონაში 26 მილიარდ ბარელამდე ნავთობი და დაახლოებით 7700 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ EastMed მილსადენმა, რომელიც ისრაელის ოფშორულ რეზერვებს ევროპასთან დააკავშირებს კვიპროსისა და შემდეგ საბერძნეთის გავლით, მიმდინარე წლის იანვარში დაკარგა აშშ-ს მხარდაჭერა. შესაბამისად, სრულმასშტაბიანი მშენებლობის პროცესი დღესვე რომც დაიწყოს, ის 2027 წლამდე არ დასრულდება.

 

ალჟირი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მშიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი აფრიკული გაზისა და ნავთობის მიმართ. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, აღნიშნული ინტერესი უფრო დიდია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი და იტალია, ასევე საფრანგეთიც.

დაახლოებით ერთი თვის წინ იტალიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას ალჟირიდან გაზის იმპორტის თითქმის 40 პროცენტით გაზრდის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო დრაგიმ ალჟირში ვიზიტისას განაცხადა, მიღწეული შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია იტალიის მხრიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ.

იტალიური ენერგოკომპანიისEni-ს განცხადებით, ალჟირულ კომპანია Sonatrach-თან მიღწეული შეთანხმებით, გაზის მიწოდება „ტრანსმედის“ მილსადენით მიმდინარე წელს გაიზრდება და 2023-2024 წლისთვის დამატებითი მოცულობა წელიწადში ცხრა მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

 

ლიბია

გარდა ალჟირისა, ევროკავშირის ქვეყნებმა გამოთქვეს სურვილი დაეხმარონ ლიბიას შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზებაში. ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებით აქტიურობს იტალია, რომლისთვისაც ლიბია წარსულში მთავარი ენერგეტიკული პარტნიორი იყო.

ასევე, იტალიას სურს გახდეს მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც დააკავშირებს აფრიკას და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთან ევროპაში.

“უნდა გავაძლიეროთ ენერგეტიკული თანამშრომლობა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებს შორის. გვინდა, ორგანიზება გავუწიოთ ენერგეტიკულ ტრანზიციას მთელს რეგიონში”, – განაცხადა მარიო დრაგიმ.

ეგვიპტე

კიდევ ერთი აფრიკული ქვეყანა საიდანაც ევროპა ბუნებრივი აირის იმპორტის გაზრდას გეგმავს, არის ეგვიპტე. იტალიურმა Eni-მ უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას ეგვიპტეში გაზის მოპოვების გაზრდისა და ევროპაში თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მიწოდების გაზრდის შესახებ.

Eni-მ, რომელმაც აღმოაჩინა ეგვიპტის სუპერგიგანტური გაზის საბადო Zohr 2015 წელს, განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას ეგვიპტის ბუნებრივი გაზის ჰოლდინგ კომპანიასთან (EGAS) გაზარდოს გაზის წარმოება და გაზარდოს საძიებო სამუშაოები არსებულ და ახალ საბადოებზე.

ამით ევროპა აძლიერებს ძალისხმევას გაზის იმპორტის ალტერნატიული წყაროების მოძიებაში, რათა შემცირდეს მისი დამოკიდებულება რუსულ გაზზე.

შეთანხმებამ ევროპაში სამი მილიარდი კუბური მეტრი LNG-ის ტრანსპორტირებას გახდის შესაძლებელს. Eni, რომლის უმსხვილესი აქციონერი სახელმწიფოა, ფლობს წილს ეგვიპტის Damietta LNG ქარხანაში, რომლის სიმძლავრე წელიწადში 7,5 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია.

 

კონგო

გარდა ზემოთხსენებული აფრიკული ქვეყნებისა, იტალიის სახელმწიფო ენერგოკომპანია ENI-მ კონგოს რესპუბლიკასთანაც გააფორმა ბუნებრივი გაზის მოპოვებასა და მიწოდებაზე კონტრაქტი.

კონგოსთან ხელშეკრულება ახალ პროექტს გულისხმობს, რომლის განხორციელების შედეგადაც შესაძლებელია 4,5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიღება. თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები მოცულობის გაზრდაზეც.

აფრიკის კონტინენტთან გეოგრაფიული სიახლოვე იტალიას, ასევე ესპანეთს, მნიშვნელოვნად უადვილებთ დივერსიფიცირებისთვის წიაღისეული საწვავის ახალი წყაროების მოზიდვას, ევროპის ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორც, მაგლითად, გერმანიაა, რომელიც განსაკუთრებითაა დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.

 

ყატარი

თუმცა, დაახლოებით ორი კვირის წინ, რთული მოლაპარაკებების შემდეგ, გერმანია და ყატარი ენერგეტიკულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც, ყატარმა 2024 წლიდან გერმანიისათვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება უნდა დაიწყოს.

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ყატარი მნიშვნელოვანი იქნება გერმანიის სამომავლო ენერგეტიკულ სტრატეგიაში რუსული გაზის დივერსიფიკაციისთვის.

„ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხი ჩვენთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს. გერმანია თავის ინფრასტრუქტურას განავითარებს, რათა გემით თხევადი გაზის იმპორტი იყოს შესაძლებელი. ეს დიდი ნაბიჯია და ყატარი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს სტრატეგიაში“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

 

აზერბაიჯანი

ყველა ხსენებული ვარიანტებიდან, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი წვლილი შეიტანონ ევროპისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიცირებაში, განსაკუთრებით ერთი ქვეყანა გამოირჩევა და ეს არის აზერბაიჯანი.

გასული წლის განმავლობაში ეს ქვეყანა მზარდი დიპლომატიური ძალაუფლების მქონე სახელმწიფოდ იქცა. მათ განავითარეს და შეინარჩუნეს მჭიდრო ურთიერთობა თურქეთთან, ისრაელთან, სპარსეთის ყურის ქვეყნებთან და დააბალანსეს ურთიერთობები რუსეთსა და ევროკავშირთანაც კი. აზერბაიჯანის მთავრობამ ცოტა ხნის წინ გამოუცხადა სრული მხარდაჭერა თურქეთს, მის უახლოეს მოკავშირესა და სომხეთს, დიდი ხნის მტერს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციას. რთულ გეოგრაფიულ რეგიონში, სხვადასხვა ძალებისა და “გარიყული” სახელმწიფოების (ჩრდილოეთიდან რუსეთი და სამხრეთით ირანი) გარემოცვაში, აზერბაიჯანმა წარმატებით აიღო საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური კურსი და შეინარჩუნა სტაბილური ურთიერთობა თითქმის ყველა მეზობელთან.

მიუხედავად იმისა, რომ ბაქო ჯერ კიდევ გადის საიმედოობის მნიშვნელოვან გამოცდას, მას აქვს ორი სხვა საკვანძო ფაქტორი იმისთვის, რომ გახდეს ევროპისთვის ენერგიის ახალი მიმწოდებელი, ესენია: სათანადო სიმძლავრეები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სამხრეთის გაზის დერეფანი არის მილსადენების ერთობლიობა, რომელიც აკავშირებს ბაქოს იტალიასთან. იგი გადის საქართველოზე (სამხრეთ კავკასიური მილსადენი), თურქეთზე (ტრანს-ანატოლიური მილსადენი) და საბერძნეთზე (ტრანს-ადრიატიკული მილსადენი). მიმდინარეობს საუბრები აღნიშნული დერეფნის ისრაელის ბუნებრივი აირის მარაგებთან დაკავშირებაზეც, დროისა და ფულის დაზოგვის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის დაწყებისას აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ მას შეუძლია ევროპას დაუყონებლივ მიაწოდოს დამატებითი 0,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. თანაც ეს იყო მანამ, სანამ კასპიის სხვა მწარმოებლებიც ჩაერთვებოდნენ.

აზერბაიჯანი ყოველწლიურად 45-50 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს, ხოლო უახლოეს წლებში იგეგმება ლურჯი საწვავის სხვა ენერგორესურსებით ჩანაცვლება, რომ უცხოურ ბაზრებზე მიწოდება, მინიმუმ, 25-30 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზარდოს.

კასპიის ზღვის დასავლეთ მხარეს მდებარე აზერბაიჯანი იდეალური დამაკავშირებელია ევროპასა და ხსენებული ზღვის აღმოსავლეთ მხარეს მდებარე ნახშირწყალბადებით მდიდარ ორ ქვეყანას – თურქმენეთსა და ყაზახეთს შორის. პირველი განსაკუთრებით კარგი ვარიანტია ბუნებრივი აირით ევროპის მომარაგებისთვის.

გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შახბაზოვმა და ბულგარეთის პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

პრემიერ–მინისტრმა კირილ პეტკოვმა აღნიშნა, რომ აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საბერძნეთ–ბულგარეთის ინტერკონექტორზე, რომლის მეშვეობითაც მისი ქვეყანა გაზის სამხრეთის დერეფნის TAP–ის მონაკვეთს დაუკავშირდება.

ექსპერტის შეფასებით, დღეს საკმაოდ არსებითად განიხილება სამხრეთ დერეფნის გაზსადენით არა მხოლოდ ბუნებრივი აირის, არამედ წყალბადის მიწოდების პერსპექტივაც, რადგან აზერბაიჯანში წყალბადის ნედლეულის წარმოების დაწყება იგეგმება, ხოლო ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სამხრეთ დერეფნის პროექტს მრავალი ათწლეულის განმავლობაში დიდი მომავალი აქვს.

ამას ემატება ისიც, რომ თურქეთის საზღვაო ზონაში გაზის დიდი მარაგი აღმოაჩინეს, რაც რეგიონში ერთობლივი პროექტების განხორციელების წინაპირობაა, რადგან გაზის სამხრეთ დერეფნის კონსორციუმი ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს, ხოლო მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტები მზად არიან, აზერბაიჯანს სესხები ყველაზე დაბალი პროცენტით გამოუყონ.

ყელაფერთან ერთად, მილი მეჯლისის წევრი, ეკონომიკის დოქტორი, რუფატ გულიევი ამბობს, რომ აზერბაიჯანი არ ისარგებლებს მსოფლიო ბაზრებზე გაზის გაძვირებით და ლურჯი საწვავის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გაყიდვას განაგრძობს.

„ჩვენ არ ვაქცევთ გაზს რაიმე პოლიტიკურ იარაღად და ვცდილობთ, ვიყოთ მოწესრიგებული და ერთგული პარტნიორები ევროკავშირისთვის,“ – აცხადებს გულიევი.

 

თურქმენეთი

თურქმენეთში, ცოტა ხნის წინ მთავრობაში “ცვლილება” მოხდა. 12 მარტიდან უმაღლესი თანამდებობა წინა პრეზიდენტის 40 წლის ვაჟმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ბუნებრივი აირის მარაგით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, რაც გლობალური მარაგების დაახლოებით 10%-ს შეადგენს. თუმცა, ქვეყანა უკვე შეპირებულია რუსეთს და შემდეგ ჩინეთს, საკუთარი გაზის მიყიდვას. თუმცა, არის ნიშნები, რომ “ახალი” ხელმძღვანელობა შესაძლოა დაინტერესებული იყოს ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტითაც.

აქვე უნდა ვახსენოთ, რომ თურქმენეთი ნავთობის მოპოვების დროს ბუნებრივი აირის წვის მოძველებული პრაქტიკას მიმართავს, რომლის დროსაც დიდ დანაკარგებს აქვთ ადგილი. თურქმენეთს შეუძლია მოპოვების პროცესის მოდერნიზება და აღნიშნული გამოთავისუფლებული აირის, რომელიც აქამდე იკარგებოდა, ახალა კი უკვე დამატებითი მარაგის სახეს მიიღებს,  მიწოდება მილსადენებით დაინტერესებული მყიდველისთვის. ხსენებულმა დამატებით მიღებულმა მარაგმა შესაძლოა 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს რამდენიმე თვეში. გარდა ამისა, აღნიშნული ხელს შეუწყობს ახალი, შედარებით უფრო მოკლე (78 კმ-ის) და პრაქტიკული დამაკავშირებელი მილსადენის  მშენებლობის იდეას, რომელიც თურქმენეთის ოფშორულ “მაგთიმნის” ნავთობის საბადოს აზერბაიჯანში გაზის შემგროვებელ ობიექტებთან დააკავშირებს. აზერბაიჯანული წყაროები მიუთითებენ, რომ მსგავსი ხაზი შეიძლება ამოქმედდეს დამტკიცებიდან ოთხიდან ექვსი თვის განმავლობაში, რაც შესაძლებელს გახდის დამატებით 10 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირის ევროპისთვის მიწოდების.

 

ყაზახეთი

ზემოთხსენებულისთვის ყაზახური გაზის დამატება იდეალური ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, წლის დასაწყისიდან, მან ნაკლებად სანდო პარტნიორის სახელი შეიძინა, მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში, ქვეყანა მოიცვა საპროტესტო აქციებმა და პრეზიდენტმა თოყაევმა უპასუხა რეპრესიული და ძალადობრივი ქმედებებით, რის შედეგადაც ასობით მომიტინგე დაიღუპა. ქვეყნის მეთაურმა თვითნებურად დააკავა ათასობით ადამიანი, მათ შორის ისეთი პოლიტიკოსები, როგორიცაა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქარიმ მასიმოვი. გარდა ამისა, მიესალმა რუსეთის ჯარების შეყვანას ქვეყნის “სტაბილურობისთვის”, რითაც კიდევ უფრო მეტად გახდა კრემლისგან დავალებული.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთმა, სულ მცირე, უარი თქვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერაზე, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, პუტინმა და თოყაევმა დაახლოებით 11 შეხვედრა და/ან სატელეფონო ზარი განახორციელეს. ყაზახეთის პრეზიდენტმა არაერთხელ გადაუხადა მადლობა პუტინს რუსული ძალების ქვეყანაში გაგზავნისთვის და მას “ამხანაგი” უწოდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ევროპას სურდეს თავისი ენერგეტიკული უსაფრთხოების გაცვლა ერთი არასტაბილური ავტოკრატიდან მეორეზე.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმებასაც, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე.

გარდა ამისა, ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა ბულატ აქჩულაკოვმა  განცხადა, რომ თურქეთი ყაზახური ნავთობითა და გაზით დაინტერესდა.

„თურქეთში ვიზიტისას, შევხვდი ენერგეტიკის მინისტრ ფატიხ დონმეზს. დავათვალიერეთ თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე განვიხილეთ ნავთობისა და ბუნებრივი აირის საკითხი, მიწოდების გზები და შესაძლო ინვესტიციები“, – განაცხადა ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

 

საქართველოს როლი

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროკავშირში იმპორტირებული რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხში აზერბაიჯანის როლი სავარაუდოდ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული იქნება. ბუნებრივი აირი, რომელითაც ის ევროპას მოამარაგებს, სამხრეთის გაზის კორიდორის საშუალებით მოხდება. ხსენებული კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიურ მილსადენს (SCP), ტრანსანატოლიურ მილსადენსა (TANAP) და ტრანს ადრიატიკულ მილსადენს (TAP). მისი მარშრუტი (SCP) საქართველოზეც გადის.

WEG-ის უკანასკნელ კვლევაში ვკითხულობთ, რომ გატარებული მოცულობების გაზრდა ნიშნავს, საქართველოს მიერ შეღავათიან ფასად მიღებული გაზის მოცულობის გაზრდასაც. საქართველო შეღავათიან ფასად მიღებს გატარებული გაზის 5%-ს.

 

ნინო სამადაშვილი

 

ამ სტატიის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მიერ, USAID-ის მეშვეობით გაწეული დახმარების შედეგად MediaTOR-ის პროექტის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტისა და Internews Georgia-ს მიერ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. ავტორის მოსაზრებები  შეიძლება არ ემთხვეოდეს USAID-ის ან აშშ-ს მთავრობის პოზიციას.

Leave a Reply

Menu Title