აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირბადის შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი ნახშირორჟანგის მიწისქვეშ შენახვის პროგრამისთვის $2.25 მილიარდის გამოყოფას გეგმავს, რაც ქვეყანას კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ნახშირბადის შენახვის ვალიდაციისა და ტესტირების დაფინანსება ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონპროექტიდან მოხდება, რომელსაც ჯო ბაიდენმა ხელი გასულ წელს მოაწერა. პროექტი  ორიენტირებული იქნება ელექტროსადგურებიდან და სხვა სამრეწველო უბნებიდან  ნახშირბადის შენახვაზე, ასევე ჰაერიდან ნახშირბადის პირდაპირ ამოღებაზე. პროგრამა  ითვალისწინებს როგორც ხმელეთის, ასევე ისეთი ოფშორული საწყობების შექმნას, როგორიცაა  მექსიკის ყურეში, ზღვის ფსკერზე არსებული დაცლილი ნავთობისა და გაზის საბადოები.

აღსანიშნავია, რომ ელექტროსადგურებიდან ნახშირბადის ემისიების შენახვა ელექტროენერგიის გამომუშავებას დამატებით ხარჯს მატებს და კომპანიებს, როგორც წესი, სჭირდებათ სუბსიდიები მის დასაფარად. ატმოსფეროდან ნახშირორჟანგის პირდაპირი დაჭერა, ტონა ნახშირბადზე შესაძლოა $600-მდე დაჯდეს. თუმცა, მომხრეების განცხადებით, ინვესტიციები და ნახშირბადის დაჭერის ტექნოლოგიის განვითარება ხარჯებს შეამცირებს.

თუ ბაიდენის გაფართოებული კლიმატის კანონმდებლობა კონგრესის მიერ არ დამტკიცდება, ბაიდენის ინიციატივა 2050 წლისთვის ეკონომიკის დეკარბონიზაციასთან დაკავშირებით შესაძლოა, შეფერხდეს. მეცნიერთა განცხადებით, კლიმატის ცვლილებების შეზღუდვის პრიორიტეტი ემისიების თავიდან აცილებაა, თუმცა ნახშირორჟანგის შენახვა სავარაუდოდ სათბური აირების საშინელი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი გახდება.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title