Saudi Aramco-ს წმინდა მოგებამ $200 მლრდ-ს მიაღწია

APPLE საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უძვირეს კომპანიად რჩება, თუმცა მას ბოლო პერიოდში Saudi Aramco მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს და პერიოდულად ლიდერის პოზიციასაც ართმევს. რადგან ბირჟაზე არამკოს აქციების მხოლოდ 1.5% ივაჭრება, მისი ცნობადობა შედარებით დაბალია, მაგრამ ეს ფაქტი არაბულ გიგანტს წლიური $200 მლრდ-იანი მოგების მიღებაში ხელს არ უშლის.

Saudi Aramco 1933 წელს დაარსდა და ამჟამინდელი შეფასებით 270 მლრდ ბარელ ნავთობის მარაგებს ფლობს. 2021 წელს შავ ოქროზე ფასის მატებამ კომპანიის შემოსავალი $600 მლრდ-მდე, წმინდა მოგება კი $200 მლრდ-მდე გაზარდა. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 12 მაისის მდგომარეობით $2.350 ტრლნ-ს შეადგენს, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 24%-ით მეტია. ამ მონაცემით არამკო პირველ ადგილზე მყოფ ეფლს სულ ოდნავ ჩამორჩება. 2019 წლამდე არამკოს აქციათა 100%-ს საუდის არაბეთის მთავრობა ფლობდა. ახლა მის საკუთრებაში 98.5%-ა.

ღია სააქციო საზოგადოებებიდან Apple ჯერჯერობით უკონკურენტოა. მისი კაპიტალიზაცია $2.370 ტრლნ-ს შეადგენს, რაც იანვრის პირველ იანვართან შედარებით 20%-ით ნაკლებია. Apple 1976 წელს სტივ ჯობსმა და სტივ ვზონიაკმა დააარსეს. 2019 წელს ის პირველი ტრლნ-იანი კომპანია გახდა. მიუხედავად იმისა, რომ გაყიდვებში Samsung-ს ჩამორჩება, ბრენდის ღირებულებითა და განსხვავებულის იმიჯის შენარჩუნებით კაპიტალიზაციით კორეულ კონკურენტს მნიშვნელოვნად უსწრებს.

$1.950 ტრლნ-იანი კაპიტალიზაციით Microsoft მესამე ადგილს იკავებს. მართალია ბოლო 4 თვეში მისი ღირებულება 22%-ით შემცირდა, მაგრამ ბოლო 12 თვეში მაინც 9%-იანი ზრდა ფიქსირდება. ბილ გეითსმა პოლ ალენთან ერთად Microsoft 1975 წელს დააარსა. ნამდვილი წარმატება 1993 წლიდან დაიწყო, მაშინ როცა გაყიდვაში Windows 3.1 ჩაეშვა. 2022 წლის მდგომარეობით ლეპტოპებისა და დესკტოპ კომპიუტერების დაახლოებით 80% Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს.

Google-ის ყველა აქციის ჯამური ღირებულება $1.5 ტრლნ-ა. სხვა ტექნოლოგიური კომპანიების მსგავსად იანვრიდან დღემდე მისი კაპიტალიზაციაც 22%-ით შემცირდა, მაგრამ ბოლო ერთ წელიწადში მაინც 3%-იანი ზრდა ფიქსირდება. Google 1998 წელს ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა დააარსეს და მალევე „დაგუგვლა“ „დასერჩვის“ სინონიმად აქციეს.

ტრილიონერთა კლუბში ჯერჯერობით ადგილს ონლაინ გაყიდვების ლიდერი Amazon-იც ინარჩუნებს, თუმცა იანვრიდან დღემდე მან უკვე ღირებულების 38% დაკარგა 12 მაისის მდგომარეობით მისი კაპიტალიზაცია $1.070 ტრლნ-ს შეადგენს. AMAZON ჯეფ ბეზოსმა 1994 წელს დააარსა, ღია სააქციო საზოგადოებად კი 1997 წელს გარდაქმნა.

ჯამში ხუთივე ტრლნ-იანი კომპანიის ღირებულება $9.240 ტრლნ-ს შეადგენს, რაც თავის მხრივ აშშ-ისა და ჩინეთის გარდა ყველა ცალკე აღებული სახელმწიფოს ეკონომიკას აღემატება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title