“ორგანიზმთა გენების შეცვლით კლიმატის ცვლილებასთან მებრძოლებს მივიღებთ”

CRISPR-ის ერთ-ერთ შემქმნელს სჯერა, რომ გენების შესწორების ეს ტექნოლოგია, შესაძლოა, კაცობრიობის წინაშე არსებულ ისეთ დიდ პრობლემებთან ბრძოლაში დაგვეხმაროს, როგორიც კლიმატის ცვლილებაა.

ახალ ინტერვიუში MIT Technology Review-სთან, CRISPR-ის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ჯენიფერ დუდნამ განაცხადა, რომ ამ ტექნოლოგიის გამოყენება შესაძლებელია ნიადაგსა თუ წყალში მობინადრე მიკრობებში ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარის გასაზრდელად. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს დუდნამ თავის კოლეგა ემანუელ შარპანტიესთან ერთად აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო.

დუდნას თქმით, ამ ფუტურისტულ იდეას, პოტენციურად, დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა უფრო შორეულ მომავალში.

“დიდი ყურადღება ექცევა CRISPR-ის გამოყენებას კლინიკურ მედიცინაში. თუმცა, ვეჭვობ, რომ შემდეგი ათწლეულის განმავლობაში, როდესაც ტექნოლოგიის გლობალურ და ყოველდღიურ გავლენაზე დავფიქრდებით, აღმოჩნდება, რომ პოტენციურად, ყველაზე დიდი ეფექტი მას სოფლის მეურნეობასა და კლიმატის ცვლილების პრობლემის გადაჭრაზე ექნება”, — განუცხადა მეცნიერმა MIT Tech-ს.

გაზრდილი გამძლეობა

მცენარეებში ნახშირორჟანგის შთანთქმის უნარის გენეტიკურად გაზრდის იდეა CRISPR-ის საშუალებით უკვე რამდენიმე წელია არსებობს. მაგალითად, სოლკის ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტის მცენარეების გამოყენების ინიციატივა მიზნად ისახავს, გააძლიეროს მცენარეების ფესვური სისტემა და გაზარდოს სუბერინის წარმოება. ეს უკანასკნელი დამცავი გარსია, რომელიც მცენარეში ნახშირორჟანგის დასაწყობებაზეა პასუხისმგებელი.

მსგავსი პროცესი, შეიძლება, გამოყენებულ იქნას იმისთვის, რომ ცოცხალმა ორგანიზმებმა მეტი ნახშირორჟანგის დასაწყობება შეძლონ. გარდა ამისა, CRISPR მათ, შესაძლოა, კლიმატის ცვლილებასთან შეგუებაშიც დაეხმაროს.

მაგალითად, კალიფორნია ბერკლის უნივერსიტეტის მეცნიერები ბრინჯის გენეტიკურ მოდიფიცირებას ცდილობენ. ეს მარცვლეული ადამიანებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით კალორიების მნიშვნელოვანი წყაროა, მეცნიერების მიზანი კი ბრინჯის გამძლეობის გაზრდაა გვალვების მიმართ. კვლევა ინოვაციური გენომიკის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ტარდება, რომელიც დუდნამ დააფუძნა. თუმცა, იგი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია.

CRISPR-ს უკვე მრავალმხრივი გამოყენება აქვს და სანამ მეცნიერებს მისი კლინიკური გამოყენებები აღელვებთ, სათანადოდ უნდა შეფასდეს ამ ტექნოლოგიის პოტენციური ეფექტი გლობალური კვების ჯაჭვსა და მზარდ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაზე.

წყარო: on.ge

Leave a Reply

Menu Title