ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ნავთობის ფასმა შესაძლოა, ისტორიული რეკორდი მოხსნას!

მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ისევ მაღალ ნიშნულზეა და მისი შემცირება ვერაფრით ხერხდება, პირიქით, არსებული ვითარება და მოლოდინი ნავთობის მეტად გაძვირების რისკს აჩენს. რა იქნება მომავალში და რატომ არ აქვს შედეგი მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ნავთობის ფასის შემცირების მიმართულებით?

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის (ყოველდღიური მიწოდება 648 000 ბარელი), თუმცა ბაზარზე ფასი მაინც არ მცირდება. პირიქით, საერთაშორისო ბირჟებზე „ბრენტის“ ფასი ამჟამად 123-დოლარიან ნიშნულზეა, რაც გასული ორი თვის უმაღლესი მაჩვენებელია.

არსებულ ვითარებაზე მეტად უფრო დრამატულია მომავლის მოლოდინი. არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრის, სუჰაილ ალ მაზროუს განცხადებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასები ჯერ ახლოსაც არ არის მაქსიმალურ ნიშნულთან და, ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის აღდგენის ფონზე, მოსალოდნელია, მისი ღირებულება „არნახული“ ტემპით გაიზარდოს.

„ამჟამინდელი მოთხოვნის გათვალისწინებით, ფასების მაქსიმალურ ნიშნულთან ახლოსაც არ ვართ, რადგან ჩინეთი ჯერაც არ დაბრუნებულა“, – განაცხადა ალ მაზროუმ და დასძინა, რომ ოპეკის მიერ რუსეთის სრულად ჩანაცვლება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან, საუდის არაბეთისა და საემიროების გარდა, დამატებითი საწარმოო შესაძლებლობები არც ერთ ქვეყანას არ აქვს, მის გასაზრდელად კი სპეციალური ინფრასტრუქტურის მოწყობა, მსხვილი ინვესტიციები და, რაც მთავარია, გარკვეული პერიოდია საჭირო.

ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობა ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის შეხვედრებზე არაერთხელ გახდა განხილვის მთავარი საგანი. ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, ნედლი ნავთობის მოსაპოვებლად მხოლოდ ბუნებრივი რეზერვები არ არის საკმარისი და ამისათვის აუცილებელია ძვირად ღირებული ჭაბურღილებისა და გადამამუშავებელი ობიექტების მოწყობა, რისი საშუალებაც, ევროკავშირის დახმარების გარეშე, ოპეკის წევრ სახელმწიფოებს არ აქვთ.

ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოება 648 000 ბარელით გაიზრდება, რაც თითქმის 200 000 ბარელით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ აღნიშნული არის უმნიშვნელო მატება, რაც რეალურად ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნილებებს.

„ვითარების მთელი სიმძიმე და სირთულე განპირობებულია იქიდან, რომ, ფაქტობრივად, რუსეთის ფედერაცია, ქვეყანა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე ნავთობის ექსპორტიორია, მიმდინარე ეტაპზე, ევროკავშირის მხრიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი სანქციების ქვეშ მოექცა.

რუსეთი ომის დაწყებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი წნეხის ქვეშ არის მოქცეული მსოფლიო თანამაგობრობის მხრიდან. ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ამერიკამ, უარი თქვა მათი ნავთობის იმპორტზე, ასევე დიდი ბრიტანეთი წლის ბოლომდე შეზღუდავს და საერთოდ გაანულებს რუსეთიდან ნავთობის ექსპორტს. სანქციებს აქვს ცალკეული სახეც, ძალიან ბევრი კომპანია უარს აცხადებს რუსეთთან ვაჭრობაზე და ეს ფაქტორიც უარყოფით გავლენას ახდენს უშუალოდ მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის მიწოდებასთან დაკავშირებულ ვითარებაზე.

მსოფლიოში მოთხოვნა-მიწოდებას შორის საკმაო დისბალანსია. „ოპეკი პლუსმა“ წარმოება გაზარდა, მაგრამ ეს არის უმნიშვნელო ზრდა, ანუ რეალურად ვერ აკმაყოფილებს გაზრდილ მოთხოვნილებებს. საგულისხმოა, რომ ჩინეთში ელოდებიან ეკონომიკის ზრდას და ეს ნიშნავს იმას, რომ ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება. იგი არის მსოფლიოში ნომერი მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ასევე, ნავთობის მეორე მომხმარებელი”, – განუცხადა „რეზონანსს” ვანო

მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ მსოფლიო საკმაოდ მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას.

„დღეს მსოფლიო დგას საკმაოდ დიდი ენერგეტიკული კრიზისის წინაშე. ეს ყველაფერი განპირობებულია რუსეთ-უკრაინის ომიდან და რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, პირველ რიგში, ნავთობსა და შემდეგ სხვა ენერგომარატებლებზე.

არაბთა გაერთიანებული საემიროების ენერგეტიკის მინისტრთან ერთად, მსგავს განცხადებებს აკეთებს ამერიკაც. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები აცხადებენ, რომ საკმოდ მნიშვნელოვანი ენერგოკრიზისი ახლოვდება. სიტუაცია საით წავა და მოვლენები როგორ განვითადება, ამაზე საუბარი, ფაქტობრივად, შეუძლებელია”, – დასძინა „რეზონანსთან” მთვრალაშვილმა.

ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენციის შენარჩუნების ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი სამომავლო მოლოდინს უკავშირდება. ინვესტორები და ტრეიდერები ფიქრობენ, რომ მიწოდების 648 000 ბარელით გაზრდა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს საერთაშორისო ბაზარზე, რადგან ევროკავშირის მიერ დამტკიცებული სანქციების რიგით მეექვსე პაკეტის პირობებში ბუნებრივად შემცირდება რუსეთის მხრიდან ნავთობის მიწოდება. ბაზარზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, დაახლოებით, ორი მილიონი ბარელით მეტი ნავთობია საჭირო, ვიდრე ეს ოპეკის სამოქმედო გეგმითაა განსაზღვრული.

მეორე ძირითადი ფაქტორი ჩინეთში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასა და უმსხვილეს ქალაქებში „ლოქდაუნების“ გაუქმებას უკავშირდება. მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომხმარებლის ეკონომიკური აქტივობისა და მობილობის აღდგენა საგრძნობლად გაზრდის ზეწოლას ნავთობის ფასებზე, ჩინეთისა და ევროკავშირის მოთხოვნის სათანადოდ დასაკმაყოფილებლად კი ოპეკის მიერ ამჟამად განსაზღვრული კვოტა საკმარისი არ არის.

ამ ყველაფერის გათვალისწინებით, ვითარების სწორად განჭვრეტა საკმოდ რთულია, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ წლის ბოლომდე ნავთობზე მაღალი ფასები შენარჩუნდება, რომელიც შესაძლოა, 140 დოლარამდეც კი გაიზარდოს.

როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნავთობზე ფასის ზრდის ტემპი მისი მინიმალური მაჩვენებლიდან 350%-ით არის გაზრდილი, რაც 1973 წლის შემდეგ ორწლიანი პერიოდისთვის უდიდესი ნახტომია.

2023 და 2024 წლებში კი ექსპერტები ნავთობის ფასების 8-13%-იან ვარდნას მოელიან. მოსალოდნელია, რომ „ბრენტის” მარკის ნავთობის ფასი 2022 წელს საშუალოდ 100 დოლარი ეღირება ბარელზე. სპეციალისტები პროგნოზირებენ, რომ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე ფასი მაინც არსებითად მაღალი დარჩება.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply

Menu Title