მზის ენერგიის გამოყენების პერსპექტივა საქართველოში

მალე საქართველოში ყველაზე დიდი მზის ელექტროსადგური ამუშავდება

კომპანია “გრინ ენერჯი” უახლოეს მომავალში 1.1 მგვტ დადგმული სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ექსპლუატაციაში მიიღებს.

სადგურს კომპანია კასპის მუნიციპალიტეტში აშენებს. 2000-მდე მზის პანელი, რომელიც 1.6 ჰექტარ ტერიტორიაზეა დამონტაჟდებული, წლიურად 1 400 000 კვტ.სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პანელების ნაწილის დამონტაჟება უკვე დასრულებულია და სადგური ამჟამად 500 კვტ სიმძლავრის დატვირთვით ოპერირებს. პროექტის ღირებულება $610 000-ია.

გამომუშავებული განახლებადი ელექტროენერგიით პლასტიკის და ენერგოეფექტური კერამიკული აგურის საწარმოები მარაგდება.

“გრინ ენერჯი” კერძო და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას 2017 წლიდან ეწევა. კომპანიას საქართველოში 5 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის კომერციული და საყოფაცხოვრებო მზის ელექტროსადგურები აქვს დამონტაჟებული. “გრინ ენერჯი” საქმიანობას ასევე აზერბაიჯანშიც ეწევა, სადაც 25 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრის მზის სადგურები აქვს აშენებული.

“ჩვენი უმთავრესი მიზანია მზის ენერგეტიკის განვითარებით გავზარდოთ საქართველოს ენერგოეფექტურობა და ენერგოდამოუკიდებლობა. მზის ენერგია ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიაა. ასეთი სადგურების განვითარებით, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში “მწვანე ეკონომიკის” განვითარებაში და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი ბუნებრივი გარემო” – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი დავით შვანგირაძე.

Leave a Reply

Menu Title