მურმან მარგველაშვილი ნამახვანჰესზე: სახელმწიფოს ფუნქცია კერძო ბიზნესის საქმის კეთება არ არის

ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესის პროექტი ეფექტური იყო.

“ჩვენ გავუშვით ეს შესაძლებლობა. იმ თანხად, რაზეც შეპირებული გვყავდა ინვესტორი, ახალ სიტუაციაში, ეს შეიძლება ვეღარ გავაკეთოთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ნამახვანჰესი რჩება ერთ-ერთ ყველაზე საჭირო პროექტად საქართველოს ენერგეტიკაში”, – აცხადებს მურმან მარგველაშვილი “ბიზნესპარტნიორთან”.

ნამახვანჰესის პროექტის პირობებთან დაკავშირებით, ენერგეტიკოსი ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული რამდენად სათანადო ექსპერტიზა გაკეთდა პროექტთან დაკავშირებით – საფრთხეები არამეცნიერულად და არაპროფესიული კუთხით იყო გაჟღერებული.

“ჩვენი განვითარების მთავარი გასაღებია მეტი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ”,- აღნიშნა მურმან მარგველაშვილმა.

ენერგეტიკოსი მიიჩნევს, რომ ნამახვანჰესი სახელმწიფოს ჩართულობით არ უნდა აშენდეს და ფული ინვესტორმა უნდა დახარჯოს.

მურმან მარგველაშვილი აქვე დასძენს, რომ სახელმწიფოს ფუნქციაა სწორი ორგანიზება.

“საერთოდ სახელმწიფოს ფუნქცია არ არის კერძო ბიზნესის საქმის კეთება, ძალიან მარტივი მიზეზის გამო – შემოტანილი თანხა ის არის, რაც ჩვენს ეკონომიკას ემატება და ზრდის. ჩვენ თუ რაიმე თანხა გვაქვს, შეიძლება ბევრ სხვადასხვა სფეროში გამოვიყენოთ, მათ შორის ბევრად სტრატეგიულ სფეროში, როგორიცაა განათლება, თავდაცვა, ჯანდაცვა და ა.შ. სახელმწიფოს რესურსები არ უნდა იხარჯებოდეს იქ, სადაც შეიძლება გამოვიყენოთ გარედან შემოტანილი დამატებითი ფული. თანხა, რომელიც შემოდის, ვიღაცას ხელფასად მიეცემა, მოხმარდება გადასახადს, ჩვენი რესურსების ათვისებას, ჩვენთან კი, რჩება ობიექტი”, – განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ნამახვანჰესის“ ინვესტორმა კომპანია ENKA Renewables-მა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე, 22 სექტემბერს განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ინვესტორმა $800 მლნ-იანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გაგრძელებაზე თქვა უარი. ENKA Renewables-მა ასევე განაცხადა, რომ საქმე არბიტრაჟში გადაინაცვლებდა.

ეკონომიკის სამინისტრომ მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში სამინისტრო განაგრძობს კომუნიკაციას ინვესტორ კომპანიასთან, რათა გამოინახოს სწორი და სახელმწიფოებრივად გამართლებული გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო გარემოს არ დააზიანებს და ამავე დროს, პროექტთან დაკავშირებულ ყველა კითხვას საბოლოოდ მოხსნის.

მას შემდეგ, მთავრობამ არაერთგზის განაცხადა, რომ ENKA შეიძლება სხვა ინვესტორმა კომპანიამ ჩაანაცვლოს და ის სახელმწიფოს დიდი ჩართულობით განხორციელდეს, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტყილება ამ განცხადებას ჯერ არ მოყოლია.

Leave a Reply

Menu Title