დაფუძნდა ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, რომელსაც სულ მალე მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მოუწევს

ნავთობპროდუქტებისა და ავტოინდუსტრიის კომპანიებმა „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ დააფუძნეს. მისი მიზანი ნარჩენების სწორი მართვაა, რომელშიც ბიზნესი და საჯარო სექტორი კოორდინირებულად ითანამშრომლებენ. ამით საქართველო პირველ ნაბიჯს დგამს ნარჩენების მართვის პროცესში, რაც საბოლოოდ ეკონომიკის განვითარებას და  ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე წარმატების მიღწევას ემსახურება. ბიზნესის განაცხადი მთავრობაში უკვე წარდგენილია და აკრედიტაციას ელოდება.

საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად (საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის N327 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის N325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“; საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის N 324 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“) განახორციელებს ნარჩენი ზეთების, საბურავებისა და აკუმულატორების მართვის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების კოლექტიური ორგანიზაციის ფუნქციებს. ორგანიზაციის მთავარი მისია იქნება ნარჩენების სწორი და კანონმდებლობის შესაბამისი მართვა.

ცნობილია, რომ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პროცესთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულფასოვნად აღსრულების ხელშეწყობისა და სრულყოფის მიზნით ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შემდეგ ორგანიზაციებთან: „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“.

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ დამფუძნებლები არიან კომპანიები: შპს „ავტორაიდერი“; შპს „ვისოლ ავტო ექსპრეს“; შპს „ავტო-ბანი 2000“; შპს „ჯეოტრონიკი“; შპს „ვაკო მოტორსი“; შპს ,,აისი“; შპს ,,ალფა მოტორსი“, შპს „ამბოლი“ და ა(ა)იპ „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“.

მიმდინარე ეტაპზე ასოციაცია აერთიანებს 20-ზე მეტ წევრ კომპანიას. „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი არის ბაკურ ხუნდაძე, ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ხოდელი და ირმა პატარაია; ხოლო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი – ვანო მთვრალაშვილი.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მთავარი მიზანია, მჭიდროდ ითანამშრომლონ ქვეყნის მასშტაბით ნარჩენების მართვის ერთიანი სტანდარტისა და მიდგომების დასანერგად, ერთობლივად იზრუნონ საქართველოში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ღონისძიებების მოწყობასა და წინადადებების შემუშავებაზე; ითანამშრომლონ საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვაში ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

როგორც ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, ასოციაციის მიზანს წარმოადგენს საქართველოში გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და ნარჩენების მართვის სფეროში არსებულ კანონმდებლობასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების მუდმივი განხილვა და რეკომენდაციების მომზადება შედარებით ეფექტური და მოქნილი საკანონმდებლო სისტემის ჩამოყალიბებისათვის; თავისი წევრებისათვის საინფორმაციო და საკანონმდებლო ბაზის შექმნა გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით; საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება ქვეყანაში ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ხელშესაწყობად;

,,ნარჩენების მართვის საკითხი ჩვენთვის არის აბსოლუტურად უცხო, პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში იწყება ნარჩენების მართვის პროცესი. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვართ გზამკვლელები,  ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელიც  ასეთ მნიშვნელოვან პროექტს იწყებს ქვეყანაში. მსგავსი რამ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში არ ხორციელდება.  ძირითადი თემა გარემოს დაცვის საკითხებს უკავშირდება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების  გზაზე საქართველოსთვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარდგენილი გვაქვს ავტორიზაციისთვის განაცხადი  3 მიმართულებით, როგორიცაა ნარჩენი ზეთი, საბურავი  და აკუმულატორი. ვფიქრობ, გადაწყვეტილება დადებითი იქნება. გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერა პროექტის მიმართ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, რასაც ამ განვლილი პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვგრძნობდით.

ნარჩენების  მართვის საკითხის სწორად გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია  ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის არსებობდეს  მყარი კავშირი, რაც ორგანიზაციას დაეხმარება, პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულება, რომელიც ავტორიზაციას გაივლის შემდეგ დაეკისრება“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

მისი შეფასებით, გამოწვევა დიდია, თუმცა ბიზნესის მხრიდან ამავე დროს არის მზადყოფნა, სწორად გაართვას თავი დაკისრებულ მოვალეობას და ნარჩენების მართვის საკითხში თავისი როლი გააძლიეროს.

,,ჩვენ  ვალდებული ვხდებით, რომ 2023 წლის 1-ელი იანვრიდან  ნაკადების მიმართულებით, როგორიცაა, ნარჩენი პროდუქციის  ამოღება, მისი უტილიზაცია, რეციკლირება და სხვადასხვა ფორმა, კანონთან თანხვედრაში მოვიყვანოთ. გარდა იმისა, რომ ნარჩენების სწორი მართვა გარემოს დაცვაზე პოზიტიურად მოქმედებს, მეორე მხრივ ეკონომიკურ  განვითარებაშიც დადებითი წვლილი შეაქვს.  ამდენად,  მეორადი პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნას ვიწყებთ.  ეს მიმართულება  ვითარდება როგორც ინდუსტრია, რაც არის დამატებით დასაქმებული ადამიანები და ბიუჯეტში შესული თანხა.

გარდა იმისა, რომ ნარჩენების გადამუშავება დაიწყება, ეს მიმართულება მოექცევა სამართლებრივ ჩარჩოში და ნარჩენების მართვის კულტურა ჩამოყალიბდება.  ამდენად, ბიზნესი იზრუნებს ამ ნარჩენების ამოღებასა და უტილიზაციაზე, რაც პირდაპირ კავშირშია გარემოს დაცვასთან. ცხადია, კერძო სექტორი ამ გამოწვევების საპასუხოდ მზადაა. შეიძლება, ეს ზედმეტი ხარჯია კომპანიებისთვის,  ცალკე მოითხოვს გარკვეულ დროს, მაგრამ ბიზნესი იქნება მოტივირებული, ნარჩენების მართვის საკითხში აქტიურად ითანამშრომლოს  მთავრობასთან  და ამ პროცესების სათავეში მოექცეს“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

წყარო: “რეზონანსი”

Leave a Reply

Menu Title