საქართველოს გავლით ენერგეტიკული „მწვანე დერეფანი“ შეიქმნება – რუმინეთი პროექტზე უკვე აქტიურად მუშაობს

რუმინეთის მთავრობას სურს, კასპიისა და შავი ზღვების ქარის საზღვაო ელექტროსადგურები საქართველოს გავლით რუმინეთამდე წყალქვეშა კაბელით დააკავშიროს, რასაც „მწვანე დერეფანს“ უწოდებს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა, ვირგილ-დანიელ პოპესკუმ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ექსკლუზიურად სააგენტო Trend-ს განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, ეს პროექტი „რუმინეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში მწვანე ენერგიის ექსპორტს შეუწყობს ხელს, მითუმეტეს, ამჟამად ევროპაში ენერგიაზე დიდი მოთხოვნაა.“

„ეს მეტად საინტერესო პროექტია აზერბაიჯანს, რუმინეთსა და საქართველოს შორის, რაშიც მონაწილეობა ბევრ სხვა ქვეყანასაც სურს,“ – აცხადებს ვირგილ-დანიელ პოპესკუ.

მინისტრმა გაიხსენა, რომ კასპიასა და შავ ზღვებს შორის „მწვანე დერეფანის“ შექმნაზე დისკუსია მიმდინარე წლის დასაწყისში, აზერბაიჯანში მისი მორიგი ვიზიტის დროსაც მიმდინარეობდა.

ამასთან, პოპესკუს შეფასებით, ევროპისთვის მიწოდების უსაფრთხოების მხრივ, გაზის სამხრეთის დერეფანი ამჟამად იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

მისი თქმით, „ევროპის ყველა თვალი ახლა აზერბაიჯანისკენ არის მიპყრობილი.“ მინისტრი ამბობს, რომ რუმინეთი რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებით შედარებით ნაკლებად ზარალდება, რადგან ქვეყნის მთლიანი მოხმარება წელიწადში 11 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივი აირს შეადგენს, საიდანაც 8 მილიარდი კუბური მეტრი ადგილზე იწარმოება. ამასთან, რუმინეთმა გაზის მოპოვება შავ ზღვაშიც დაიწყო, რაც ამ მოცულობას კიდევ 1 მილიარდი კუბური მეტრით ზრდის.

თუმცა მთლიანი მოხმარებისთვის ქვეყანას 2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი ჯერ კიდევ სჭირდება, ამიტომ მთავრობა გამოსავალს ეძებს, ხოლო აზერბაიჯანული გაზი, პოპესკუს თქმით, ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალია.

„ჩვენ გვინდა, რომ დარჩენილი მოცულობა აზერბაიჯანიდან შემოვიტანოთ,“ – აცხადებს მინისიტრი.

პოპესკუს ცნობით, რუმინეთის მხარემ ტრანსბალკანური გაზსადენიდან რევერსული მოპოვების პროექტი შეიმუშავა. რევერსული ნაკადისთვის მოდიფიკაცია გასულ წელს დასრულდა, რის შედეგადაც შეიქმნა დერეფანი, რომლითაც რუმინეთში გაზის ექსპორტი და იმპორტი თურქეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან არის შესაძლებელი. აზერბაიჯანული გაზის მიღება რუმინეთს თურქეთის გავლითა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ტერმინალებიდან შეუძლია.

ტრანსანატოლიისა (TANAP) და ტრანსადრიატიკის (TAP) გაზსადენებზე წვდომას რუმინეთი საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB) შეძლებს. ამ ვერტიკალური დერეფნის მშენებლობა, რომელიც ექვსი წლის წინ უნდა დასრულებულიყო, ამ ზაფხულს, ივლისში დასრულდება. რა შეეხება BRUA-ს, ეს ბულგარეთი-რუმინეთი-უნგრეთი-ავსტრიის მილსადენია, რომელიც კიდევ ერთ დერეფანს წარმოადგენს. BRUA-ს მილსადენით სამხრეთისა და ვერტიკალური დერეფნებიდან გაზის მიღება რუმინეთს, ასევე, მოლდოვასა და ევროპის სხვა ქვეყნებს შეუძლია.

პოპესკუმ აღნიშნა, რომ რუმინეთის ნავთობის მთლიანი მოხმარებიდან იმპორტის წილი 70%-ია, რომლის ნახევარიც ყაზახეთს ეკუთვნის, დანარჩენი მოცულობა კი ქვეყანაში რუსეთიდან შედის. მინისტრის თქმით, რუმინეთი აქაც ალტერნატივას ეძებს, რომ ეს მოცულობა სხვა წყაროებიდან შეიტანოს.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title