მაია ბითაძემ ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ბიოსფერული რეზერვატების დაარსების აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე მონაწილეობდა.

UNESCO-მ ორი დაცული ტერიტორია – ,,დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი’’ და ,,სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი“ ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეიტანა, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასშტაბით პირველ პრეცედენტს წარმოადგენს.

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ ღონისძიებაზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ UNESCO-ს მიერ ორი დაცული ტერიტორიის ბიოსფერული რეზერვატების საერთაშორისო ნუსხაში შეტანა, ქვეყნისთვის უნიკალური შესაძლებლობაა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე ტურისტული რეკრეაციული მიზნებისა და ზოგადად ლანდშაფტის დაცვის თვალსაზრისით.

„შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილად ისტორიული მოვლენა მოხდა, საქართველოში შეიქმნა ახალი სისტემა გარემოს დაცვის, დაცული ტერიტორიების დაცვის მიმართულებით და ის შრომა, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო, დღეს გვაქვს უკვე ფიზიკური შედეგის სახით.

დღეს სრულიად ახალი შესაძლებლობები იქმნება ბიოსფერული რეზერვატის სახით, ეს არის ტერიტორია, რომელიც უკვე, არა მხოლოდ ჩვენი სამართლის, არამედ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში იქნება დაცული და ნამდვილად მეამყება, რომ რამსარის საიტის გარდა, რომელიც ასევე საერთაშორისო სამართლის დაცვის ქვეშ არის და დასავლეთ საქართველოს მოიცავს, ჩვენ გვაქვს უკვე ახალი ტიპის დაცვის რეჟიმი, იუნესკოს ფარგლებში.

გილოცავთ ყველას. ეს არის ნამდვილად დიდი შესაძლებლობა, როგორც ჩვენი ქვეყნის ტურისტული მიზიდულობის გაზრდის კუთხით, ჩვენი ბიომრავალფეროვნების დაცვის კუთხით და პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Leave a Reply

Menu Title