ნარმანია: საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, მიმდინარე ეტაპზე საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი არ ხორციელდება, რადგან ადგილობრივი გამომუშავება მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს.

მისი განმარტებით, საქართველოში გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგია ექსპორტზე თურქეთში გადის და ეს პროცესი უახლოეს პერიოდშიც გაგრძელდება.

„მიმდინარე წლის გაზაფხული საკმაოდ წყალუხვი იყო, ეს ტენდენცია ზაფხულის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავებული ენერგია მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს და მეტი ენერგიაც რჩება, ამიტომ ხორციელდება ჭარბი ენერგიის ექსპორტი თურქეთში. ეს ტენდენცია უახლოეს პერიოდშიც შენარჩუნდება, ვინაიდან წყალუხვობა ნარჩუნდება და გარდა ამისა, ე.წ. მარეგულირებელმა ჰიდროელექტროსადგურებმა, რომლებსაც შეუძლიათ დააგროვონ წყალი, საკმაო მოცულობით წყლის რესურსი დააგროვეს, რომელიც საშუალებას მისცემს, რომ ეტაპობრივად გამოიმუშაონ ელექტროენერგია“,- აღნიშნა სემეკის თავმჯდომარემ.

მაისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი გაორმაგებულია. მაისში ენერგეტიკის სექტორში ზრდის ერთ-ერთ კონტრიბუტორად, საქსტატში სწორედ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების 20%-ით ზრდას ასახელებენ.

„ენერგეტიკის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება ჰიდროელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის წარმოების მოცულობის ზრდა. 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2-ჯერ და მეტად არის გაზრდილი ელექტროენერგიის ექსპორტი“,- განაცხადა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ მაისში საქართველოს ეკონომიკის 11.6%-ით ზრდის მიზეზებზე საუბრისას.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, მაისის მონაცემებით, საქართველოდან თურქეთში ექსპორტზე 219.8 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგია გავიდა, 8.8 მლნ კვტ.სთ.-ია ექსპორტირებული აზერბაიჯანში, ხოლო 43.5 მლნ კვტ.სთ. სომხეთში. ამასთან, მაისში რუსეთიდან და თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ განხორციელებულა.

წყარო: businessformula.ge

Leave a Reply

Menu Title