მიმდინარე წლის მაისში საქართველომ ყველაზე მეტი (52 500 ტონა) ბენზინი და დიზელი რუსეთში იყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 237%-ითაა გაზრდილი.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის მაისის იმპორტში რუსეთის წილი 53.3% იყო. იმპორტში მეორე პოზიციას იკავებდა რუმინეთი – 19 200 ტონა (19,5%), შემდეგ იყო თურქმენეთი – 12 900 ტონა (13,1%) და ბულგარეთი – 9 000 ტონა (9,1%).
მაისში, აპრილთან შედარებით, საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 28.8%-ით, ხოლო წლიურად 11.1%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება 2022 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებს, რუსეთი ამ შემთხვევაშიც ლიდერია. იანვარ-მაისში რუსეთიდან საქართველოში 136 400 ტონა ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა. წლიური ზრდა 45%-ია.
იანვარ-მაისში საქართველოში განხორციელებული ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის მიხედვით ქვეყნების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- რუსეთი – 136,4 ათასი ტონა (მთლიანი იმპორტის 31,6%);
- რუმინეთი – 101,5 ათასი ტონა (23,5%);
- ბულგარეთი – 74,0 ათასი ტონა (17,1%);
- აზერბაიჯანი – 53,6 ათასი ტონა (12,4%);
- თურქმენეთი – 52,7 ათასი ტონა (12,2%);
- თურქეთი – 7,6 ათასი ტონა (1,7%);
- საბერძნეთი – 3,8 ათასი ტონა (0,9%);
- ყაზახეთი – 1,6 ათასი ტონა (0,4%);
- სეიშელი – 0,5 ათასი ტონა (0,1%);
- კვიპროსი – 0,4 ათასი ტონა (0,1%);
- შვეიცარია – 0,1 ათასი ტონა – (0,02%).
მიმდინარე წლის იანვარ-მაისში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უმნიშვნელოდ, 0.8%-ით გაიზარდა.
წყარო: businessformula.ge