იაფი საწვავი სახელმწიფო დაკვეთებსა და პროგრამაში ჩართული ფერმერებისთვის

საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა, მიუხედავად ბოლო წლებში გამოკვეთილი ერთგვარი სტაბილიზაციისა, მაინც რჩება საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად. ამაზე მეტყველებს სოფლის მეურნეობის ძირითადი პროდუქტებით ქვეყნის მოთხოვნილებების თვითუზრუნველყოფის დაბალი დონე (ხორბლით – 15%-მდე, ხორცით – 40%) და მეტისმეტი დამოკიდებულება იმპორტზე. მხოლოდ 2021 წელს საგარეო ვაჭრობაში სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო პროდუქციის უარყოფითმა სალდომ 212 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც ნეგატიურად აისახება როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, ისე ეროვნული ვალუტის კურსზე. დიდია დაუმუშავებლად დატოვებული მიწის ფართობი, რომელიც სახნავის 60%-ს აღწევს, რაც სხვა მრავალ მიზეზთან ერთად, გამოწვეული იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო მატერიალური საშუალებების (ძირითადად სასუქების, შხამქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და საწვავის) გაძვირებით.

ცნობილია, რომ ნავთობი განეკუთვნება ძნელად მოსაპოვებელ და ამოწურვადი ენერგიის წყაროს, რაც განაპირობებს საწვავზე მაღალი ფასების შენარჩუნებას. მხოლოდ ბოლო ერთი წლის მანძილზე ნედლი ნავთობის ფასი მსოფლიოში დაახლოებით 2.2-ჯერ გაიზარდა (55 აშშ დოლარიდან 122 დოლარამდე).

საკუთარი ნავთობპროდუქტების უქონლობის გამო, საქართველოს მთავრობას შეუძლია გლეხებზე (ფერმერებზე) მისაყიდი საწვავის ფასის რეგულირება, მხოლოდ საწვავზე დარიცხული გადასახადების რეგულირებით (აქციზი, დღგ, ან ორივე ერთად).

საწვავის შესყიდვის ფასის ნაწილის, ან მთლიანად გახარჯული საწვავის ღირებულების სახელმწიფო დაკვეთებსა და პროგრამებში შესრულებაში ჩართულ ფერმერისთვის დაბრუნების პრაქტიკას მრავალი ქვეყანა მიმართავს. ზოგ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე გამოსაყენებელ გაიაფებულ საწვავს სრულად ანაზღაურებენ (შვედეთში), ზოგან კი მხოლოდ ნაწილობრივ (აშშ, გერმანია და სხვ.)

ამ მიმართულებით საინტერესოა სომხეთის გამოცდილება, სადაც განბაჟებული დიზელის ღირებულებას ემატება მხოლოდ 10%, რასაც სოფლის მეურნეობაში იაფი საწვავის გამოყენების აუცილებლობით ხსნიან.

ჩვენი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე მისაღებია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩასატარებლად შესყიდული დიზელის საწვავის სუბსიდირება არაპირდაპირი გადასახადების ანუ აქციზისა და დღგ-ს მანიპულირებით, რისთვისაც შესამუშავებელია მისი გამოყენების გამჭირვალე მექანიზმი და მისაღებია შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტის მიერ. ამასთან, მხედველობაშია მისაღები სახელმწიფოს წინაშე მდგარი სერიოზული შიდა და გარე გამოწვევები, ბიუჯეტის შეზღუდული ხასიათი და აღნიშნული საწვავის სუბსიდირება უნდა გავრცელდეს სოფლად არა ყველა მეურნეზე, არამედ შესაბამის სახელმწიფო დაკვეთებსა და პროგრამებში ჩართულ ფერმერებზე – ასეთ პროგრამებში მონაწილე სოფლის მეურნის სტატუსის მქონე პირებზე, აგრეთვე მათ მიერ შექმნილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელ გაერთიანებებზე (კოოპერატივებზე) და ა.შ.

ცნობისათვის მოგვყავს დიზელის საწვავზე საცალო ფასის გაანგარიშების მეთოდიკა: პლატცის ფასს ემატება საქართველოს საზღვრამდე ტრანსპორტირებისა და განბაჟების ხარჯები, ეს არის ე.წ. კომერციული ფასი. საწვავი საბაჟოზე აღირიცხება კილოგრამებში. ყოველ 1 000 კილოგრამ საწვავის ღირებულებას ემატება აქციზი 440 ლარის ოდენობით, შემდეგ მას ერიცხება დღგ, რომელიც შეადგენს კომერციული ფასისა და აქციზის საერთო ღირებულების 18%-ს. საცალო ქსელში გატანამდე დიზელის ღირებულებას (კომერციული ღირებულება+აქციზი+დღგ) ემატება კომპანიის მომსახურების და მოგების ღირებულება, შედეგად ყალიბდება დიზელის გასაყიდი საცალო ფასი.

აღსანიშნავია, რომ დიზელის საწვავი საცალო ქსელში იყიდება ლიტრობით, მაშინ, როდესაც აქციზი და დღგ-ს გაანგარიშება ხდება კილოგრამიდან, ანუ წონიდან, ეს ნიშნავს, რომ 1 ლიტრზე გაანარიშებული აქციზი იქნება ნაკლები, ვიდრე 1 კილოგრამზე, კერძოდ, აქციზი 1 კგ საწვავზე შეადგენს 44 თეთრს, ხოლო 1 ლ-ზე – 36.7 თეთრს, რაც შეეხება დღგ-ს, მისი ოდენობა უნდა მოგვაწოდოს კონტრაქტორმა კომპანიამ, რამდენადაც იგი დამოკიდებულია პლატცზე არსებულ ფასზე. ამდენად, თუ აქციზის სიდიდე 1 კგ ან 1 ლიტრ საწვავზე მუდმივი სიდიდეა, დღგ, პირიქით, ცვალებადია და ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურ გაანგარიშებას საჭიროებს.

საწვავის განაწილება გლეხურ (ფერმერულ) მეურნეობებზე შემდეგნაირად წარმოგვიდგენია: რაიონის თვითმართველობის ორგანოსთან იქმნება საწვავის სუბსიდირების კომისია, რომელიც თითოეული სახელმწიფო დაკვეთებსა და პროგრამებში ჩართული კომლის მიხედვით სპეციალურ ბარათში აღრიცხავს დასამუშავებელი ფართობის მოცულობას და ადგენს ამისათვის საჭირო დიზელის საწვავის ნორმატიულ რაოდენობას. საწვავში გლეხი (ფერმერი) იხდის სრულ ფასს.

ძირითადი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების (საგაზაფხულო და საშემოდგომო) დამთვარების შემდეგ რაიონული კომისია ატარებს შერჩევით მონიტორინგს, რომელშიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მონაწილეობენ საწვავის კონტრაქტორი კომპანიისა და საწვავის იმპორტიორთა კავშირის წარმომადგენლები და ვიზუალური დაკვირვების, აგრეთვე, საწვავის შესყიდვის დამადასტურებელი ქვითრების საფუძველზე ხელმოწერით ადასტურებს საწვავის ხარჯვის სისწორეს.

ჩატარებული სამუშაოების საფუძველზე ჯამდება გამოყენებული საწვავისა და მასზე დარიცხული აქციზისა და დღგ-ს ღირებულება და კომისიის წევრების ხელმოწერით წარედგინება ფინანსთა სამინისტროს ხაზინის სამსახურს, რომელიც აღნიშნულ თანხას ურიცხავს კონტრაქტორ ბანკს. ბანკი თავის მხრივ თანხას ურიცხავს რაიონულ ფილიალებს ზემოხსენებულ პროგრამასა და დაკვეთაში ჩართულ ფერმერებზე გასაცემად.

საწვავის სუბსიდირების შესახებ უნდა მომზადდეს მთავრობის დადგენილების პროექტი, სადაც მითითებული უნდა იყოს ნავთობპროდუქტების კონტრაქტორი კომპანიისა და კონტრაქტორი ბანკის შერჩევის წესი. ნავთობპროდუქტების შერჩეულ კომპანიას უნდა მოეთხოვოს დიდ სოფლებში საწვავის საკუთარი ტრანსპორტით შეტანა.

განსახილველია საკითხი ერთ გლეხზე (ფერმერზე) გასაცემი შეღავათების მოცულობის შესახებ, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს, როგორც დასამუშავებელი ფართობის, ისე საწვავის რაოდენობის მიხედვით.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ერთ კილოგრამ თუ ერთ ლიტრ საწვავზე აქციზის ოდენობის გაანგარიშება ადვილია, რადგან მისი სიდიდე საწვავის ერთეულზე მუდმივია. რაც შეეხება დღგ-ს, იგი დამოკიდებულია საწვავის კომერციული ფასზე, ანუ შეიცვლება იმის მიხედვით, თუ როგორია პლატცზე საწვავის ფასი.

აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება სუბსიდირებული იქნეს გაყიდული საწვავის თითოეული ლიტრი, ვთქვათ 1.50 ლარით. ამ ეტაპზე გამართლებული იქნება სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ჩართული, სახელმწიფო დაკვეთის მიმღები თითოეული ფერმერის საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა) არსებული სახნავ-სათესი ფართობის დამუშავებისთვის საჭირო საწვავის რაოდენობის დადგენა. შეიძლება მოვახდინოთ ასეთი გაანაგრიშება: ერთი ლიტრი დიზელის საწვავი ბენზინგასამართ სადგურზე, ბოლო მონაცემებით, ღირს 4 ლარი და 32 თეთრი, მაშინ 5 ჰა სახნავის მქონე ფერმერს დაჭირდება 100 ლიტრი საწვავი, რომელშიც მან უნდა გადაიხადოს 432 ლარი. ერთ ლიტრზე 1.5 ლარის სუბსიდირების შემთხვევაში გლეხი მიიღებს 150 ლარს. აქედან გამომდინარე, რეალურად გლეხს (ფერმერს) 100 ლიტრი საწვავის შეძენა დაუჯდება არა 432 ლარი, არამედ 282 ლარი (432-150=282), ანუ 34.3%-ით ნაკლები, რაც სერიოზული შეღავათია.

ვფიქრობთ, ანალოგიური ხასიათის მუშაობა უნდა წარიმართოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გაიაფების სხვა მიმართულებითაც, იმის გათვალისწინებით, რომ მხოლოდ ნიადაგისs დამუშავება (ხვნა, დაფრეზვა, დაფარცხვა დათესვა…) ჰექტარზე უკვე 1200 ლარზე მეტი ჯდება.

P.S. სოფლის მეურნეობის პროდუქციის დივერსიფიცირების მკაცრი შეზღუდულობის (რაც გამოწვეულია მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის პროდუქციის სასარგებლო ორგანულ-ფიზიკურ თვისებათა, ანუ სამომხმარებლო ღირებულებათა ფაქტობრივი უცვლელობით) გამო სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდის ტემპი ბევრად ჩამორჩება მისი წარმოებისათვის საჭირო საშუალებებზე (საწვავი, ელექტროენერგია, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, სასუქები და სხვ.) ფასების ზრდის ტემპს (სწორედ ეს ფაქტი ქმნის სათანადო მოტივაციას ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში აგრარული წარმოების სუბსიდირებისათვის).

მიგვაჩნია, რომ სამომავლოდ ზემოაღნიშნული გაანგარიშება უნდა გაკეთდეს არამარტო საწვავის, არამედ წარმოების ყველა სხვა საშუალების მიმართაც. ამ მიზნით ათვლის წერტილად აღებული უნდა იქნეს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების საშუალო ინდექსი ერთი რომელიმე საშუალო მოსავლიანი წლის მიხედვით და ასეთივე წესით გაანგარიშებული იქნეს წარმოების საშუალებების ფასების ზრდის საშუალო ინდექსი. ორივე ინდექსი შესაბამისი კანონით დამტკიცებული უნდა იქნეს მომავლისთვის როგორც ფასების პარიტეტი, სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და მისი აღწარმოებისათვის საჭირო საშუალებებზე (პარიტეტი გვიჩვენებს, თუ რა რაოდენობის სამრეწველო საქონელი ან მომსახურება შეიძლება მიიღოს სოფლად საქონელმწარმოებელმა მის მიერ წარმოებული პროდუქციის ერთეულზე).

ამდენად, ყველა მომდევნო სამეურნეო წლისთვის გაანგარიშებული ფასების ინდექსებიდან გამომდინარე, სახეზე გვექნება პარიტეტს გადაცილებული საერთო თანხა, რომელიც წარმოების საშუალებათა მწარმოებელების სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან უნდა იქნეს გამოყოფილი. (თუ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდის ინდექსმა შეადგინა 5%, ხოლო აღწარმოების საშუალებებზე – 10%, ამ შემთხვევაში ბიუჯეტმა უნდა გაიღოს ხარჯების 5%).

ფასების პარიტეტის შემოღების პირველ წლებში სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაჩქარებული ტემპებით განვითარების მიზნით, ჩვენი აზრით, საჭირო იქნება აგრარულ პროდუქციაზე დაწესებული ფასების პარიტეტის შენარჩუნება და აღწარმოების საშუალებებზე ფასების მთელი ნამატის ბიუჯეტზე გადაკისრება ( ანუ 10-ვე %-სა).

ფასების პარიტეტი დაწესებული უნდა იქნეს ისეთ სტრატეგიულ პროდუქციაზე, როგორიცაა სასაქონლო მარცვლეული, ხორცი, რძე, ხილი, ციტრუსი და კიდევ რამდენიმე, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სასურსათო უშიშროებას და კვებისა და გადამმუშავებელ მრეწველობას ნედლეულით.

დასასრულ. „სოფლის მეურნეობის პროდუქციის აღწარმოებისათვის საჭირო საქონელსა და მომსახურებაზე ფასთა პარიტეტის დადგენისა და დაცვის შესახებ“, საქართველოს კანონის მიღება ხელს შეუწყობს აგროპროდუქციის წარმოების გადიდებას და სათავეს დაუდებს სოფლის მეურნეობის საწარმოო სპეციალიზაციის გაღრმავებას, გაზრდის აგრარული სექტორის ეფექტიანობას, წვლილს ეროვნულ მეურნეობაში, სოფლად ცხოვრებისა და საქმიანობის მოტივაციას, შეამცირებს სოფლიდან ქალაქად და საზღვარგარეთ სოფლის მოსახლეობის მიგრაციას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უზრუნველყოფაში იმპორტზე არსებულ ამჟამინდელ მაღალ დამოკიდებულებას.

წყარო: for.ge

Leave a Reply

Menu Title