ტოკიო ზომებს იღებს პუტინის ბრძანებულებით ნავთობისა და გაზის ერთობლივი პროექტის სხვა უწყებისთვის გადაცემის შემდეგ

იაპონიის მთავრობა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ „მისი ინტერესები დაცული უნდა იყოს,“ მას მერე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, გამოსცა ბრძანებულება რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების ნავთობისა და გაზის პროექტის საქმიანობის რუსეთის სხვა სტრუქტურისთვის გადაცემის შესახებ.

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მოქმედი პროექტის, „სახალინ-2-ის“ კონტროლის შესახებ ბრძანებულებას პუტინმა ხელი მოაწერა ერთი დღით ადრე და ის შეიძლება ახალი სახიფათო პრეცედენტი იყოს უცხოელ ინვესტორებთან მოსკოვის დამოკიდებულებაში.

იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სეიძი კიხარამ განაცხადა, რომ ტოკიო „ყურადღებით სწავლობს შედეგებს, რომლებიც ამ ნაბიჯმა შეიძლება მოუტანოს გათხევადებული გაზის იმპორტის“.

იაპონია დამოკიდებულია გათხევადებული გაზის იმპორტზე და ადრე გამორიცხა პროექტ „სახალინ-2-დან“ იაპონური ფირმების გასვლის შესაძლებლობა მიუხედავად იმისა, რომ იაპონია მხარს უჭერს რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს.

პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კისიდამ, განაცხადა, რომ მისი მთავრობა არ თვლის, რომ პუტინის ბრძანებულებას მოჰყვება გათხევადებული გაზის იმპორტის შეჩერება. მაგრამ ამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა გამოაცხადა, რომ მოხელეები განიხილავენ პოტენციურ მომწოდებლებს. იაპონიის სავაჭრო კომპანიები, „მიცუი“ და „მიცუბიში კორპი“ „სახალინ-2-ის“ აქციების 22,5 პროცენტს ფლობენ ერთად. შეკითხვაზე, არის თუ არა „სახალინ-2“ იმის მაგალითი, რაც შეიძლება მოხდეს დასავლელ ინვესტორებთან ერთად მოქმედ სხვა პროექტების მიმართ, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველა კონკრეტულ შემთხვევის შესაბამისად იმოქმედებს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title