რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიების მიმართულებით შექმნილი გადამზადების პროგრამების პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ განახლებადი ენერგიების მიმართულებით შექმნილი გადამზადების პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას დაესწრო და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე.

„მისი განცხადებით, უნარების განვითარება განახლებადი ენერგიის დარგში პირდაპირ ეხება იმ სტრატეგიასა და პოლიტიკას, რომელზედაც აქტიურად მუშაობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მისი თქმით, ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსგავსი პროგრამების არსებობას, რადგანაც ეს ხელს უწყობს სერტიფიცირებული სპეციალისტების არსებობას ბაზარზე, კონკურენტული გარემოს შექმნასა და საბოლოო ჯამში ხდება ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, განახლებადი ენერგიების ეროვნული სამოქმედო გეგმა, ევროკომისიის შესაბამისი დირექტივის საფუძველზე, მემონტაჟეთა სერტიფიცირების პროგრამის არსებობას ითვალისწინებს.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია განახლებადი ენერგიების მიმართულებით კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის განვითარების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, განახლებადი ენერგიის მოწყობილობების მემონტაჟე რეგულირებად პროფესიათა ჩამონათვალში მოექცა და სამუშაო უფლების მოპოვებისთვის სათანადო, სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატის ქონა სავალდებულო ხდება.

შედეგად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი დაწესებულება, რომელიც მზის ფოტოელექტრული სისტემების, მზის თერმული სისტემების, ბიომასის ბოილერების და ღუმელების, გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მემონტაჟის სფეროში ჩართული სპეციალისტების გადამზადებას და სერტიფიცირებას მოახდენს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Menu Title