საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

იაფი საწვავის არხი ნელ-ნელა იკეტება, ბენზინი ძვირდება და გაიაფების პერსპექტივა უკვე აღარ არსებობს

საწვავის ფასმა გეზი კვლავ გაძვირებისკენ აიღო. ბოლო 1 კვირაში ბენზინი 15-20 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ყოველ შემთხვევაში, ფასის კლების არანაირი საფუძველი ჯერჯერობით არ არის, პირიქით, იმპორტიორები აცხადებენ, რომ საწვავი მომდევნო პერიოდშიც გაძვირდება, რაც ძირითადად, რუსეთიდან იმპორტის შეზღუდვას უკავშირდება და ორივე ტიპის საწვავს შეეხება – ბენზინსა და დიზელს, რომლებზეც მიმდინარე პერიოდში ტრადიციულად მზარდი მოთხოვნაა.

ადგილობრივ ბაზარზე დიზელის ფასმა უკვე 4,70 ლარს მიაღწია. ბენზინი3,15 ლარის ფარგლებშია მცირე ავტოგასამართ სადგურებზე, როცა, მაგალითისთვის, ,,ევრორეგულარი“ 1 კვირის წინ 3-3,05 ლარი ღირდა. შედარებით მაღალი იყო ფასი ბრენდირებულ სადგურებზე და გაძვირება ახლა იქაც დაწყებულია/

აღსანიშნავია, რომ ბენზინი დაბალ ფასს ინარჩუნებდა რუსეთიდან ,,იაფი იმპორტის“  ხარჯზე. ივნისის შაუ რიცხვებში, როდესაც ,,პლატცის“ ფასი 1300 დოლარი იყო, რუსეთიდან 1 ტონა ბენზინი 900 დოლარად შემოდიოდა.

ბოლო რამდენიმე დღეა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ერთ-ერთი მიზეზი, რაც ფასებზე მოქმედებს, რუბლის კურსია. რუსული ვალუტა დოლარის მიმართ საგრძნობლად არის გამყარებული. 4 ივლისის მდგომარეობით, 1 დოლარი 54 რუბლი ღირს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს, რამაც ადგილობრივ ბაზარზე საწვავის გაძვირება გამოიწვია.

,,დღევანდელი ვითარება საწვავის ბაზარზე საკმაოდ რთულია. მთელი პრობლემა განპირობებულია იმით, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ბაზრებზე ვითარება მთლიანად შეცვალა. ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, ამან გამოიწვია ის, რომ მოიმატა ფასმა ,,პლატცის“ მიხედვით. თანაც პროდუქციის მოწოდების მხრივ გარკვეული პრობლემები შეიმჩნევა. ეს, ერთი მხრივ, ეხება როგორც ევროკავშირიდან შემოსულ ტვირთებს და ასევე თურქმენეთიდან და რუსეთის ფედერაციიდან შემოტანილ პროდუქტზეც მოწოდების პრობლემაა.

განსაკუთრებით რთულადაა საქმე დიზელის საწვავთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, ბაზრზე პროდუქციის დეფიციტიც კია. როგორც ცნობილია, აზერბაიჯანიდან 2 თვეზე მეტია დიზელის მოწოდება ვერ ხერხდება და ამის მიზეზი აზერბაიჯანის დიზელის საწარმოო ქარხნის გადაიარაღებაა. საქართველოში რეალიზებული დიზელის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან შემოდიოდა და ლოგისტიკური ჯაჭვი საკმაოდ მოკლე იყო. ყველაფერი ეს საწვავის გაძვირებას იწვევს. მთავარი მიზეზი კი მაინც  რუსეთ-უკრაინის ომია“, – განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

მან ასევე ფასებზე რუსული რუბლის კურსის გავლენა შეაფასა, რაც დამატებით კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რომ საქართველოში ამ ქვეყნიდან  შემოტანილი საწვავი ძვირია და ტენდენცია ჯერჯერობით უცვლელი რჩება.

,,როდესაც რუბლი მყარდება, რუსეთიდან ტრანსპორტირებული პროდუქტის ფასი მატულობს. ესეც, რა თქმა უნდა, საწვავის ფასზე მოქმედებს. რუბლში გვიწევს შეძენა, რომელიც დოლარში კონვერტირდება და საბოლოოდ, პროდუქტი გვიძვირდება.

რუსეთის ფედერაციიდან დიზელის შემოტანა უკვე პრობლემაა, აზერბაიჯანიდანაც და ევროპის მიმართულებითაც არის გარკვეული შეფერხებები, რაც მთლიანობაში ფასის ზრდას იწვევს.

გარკვეული დროის განმავლობაში რუსეთიდან ბენზინი, განსაკუთრებით კი ,,რეგულარის“ ტიპის საწვავი, დაბალ ფასად შემოდიოდა და ამან ადგილობრივ ბაზარზე ამ პროდუქტის გაიაფებაც გამოიწვია, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვითარება შეიცვალა და უცნობია, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ფაქტობრივად, ის მოცემულობაა, როცა პროგნოზის გაკეთების საშუალება არ გვაქვს“, – დასძინა მთვრალაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

საწვავის ბაზრის მიმდინარე ტენდენციაზე საუბრობენ იმპორტიორებიც. კომპანია ,,სენტას“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე საქართველოში ბენზინის გაძვირების ძირითად მიზეზად რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვას ასახელებს. მისი ინფორმაციით, როგორც დიზელის, ასევე ბენზინის იმპორტში კლებაა, რამაც ფასებზე განსაკუთრებით იმოქმედა.

,,მაღალი ინფლაციაა და ფასს მეტ-ნაკლებად ,,ვიჭერდით“ რუსეთიდან იაფი საწვავის მეშვეობით და ახლა ეს შესაძლებლობაც არ გვაქვს. როგორც ცნობილია, რუსეთიდან ბენზინისა და დიზელის  შემოტანა შეფერხდა და ეს არის ძირითადად საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. სავარაუდოდ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ფასები საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა, ბოლო პერიოდში 15-20 თეთრით გაძვირდა და გაიაფების წინაპირობა უკვე არ არის. პრემიუმ და სუპერის ტიპის საწვავი ამ ეტაპზე, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოდის, ხოლო  საერთაშორისო ფასი მსოფლიოში გაზრდილია. ძნელი სათქმელია, რა იქნება უახლოეს მომავალში, სანქცირებულები არიან კომპანიები და ესეც ხელს უშლის ნავთობპროდუქტების მოწოდებას, საკმაოდ რთული მოცემულობაა“, – განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ ზაალ იაკობიძემ.

უცხოელი ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთის მიერ წარმოების  შემცირება 1 ბარელი ნავთობის ფასს 380 დოლარამდე გაზრდის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ რუსეთი აშშ-სა და ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ წარმოებას შეამცირებს.

ორიოდე დღის წინ კლიენტებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მოსკოვს შეუძლია შეამციროს წარმოება დღეში 5 მილიონი ბარელით. ასეთ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არ დაზარალდება, დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით.

თუკი რუსეთი დღიურ მოპოვებას არა 5 მილიონით, არამედ 3 მილიონი ბარელით თუ შეამცირებს, ნავთობი 190 დოლარამდე გაძვირდება.

წყარო: resonancedaily.com

Leave a Reply

Menu Title