გერმანიაში, ბუნებრივი აირის არასაკმარისი მიწოდების გამო, ადრე კონსერვაციაში მყოფმა ქვანახშირზე მომუშავე ელექტროსადგურმა განაახლა მუშაობა

გერმანიაში, ქვემო საქსონიის მიწის ჰოჰენჰალმენის მუნიციპალიტეტში არსებულმა, ადრე კონსერვაციაში მყოფმა მეჰრუმის ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურმა, მუშაობა ბუნებრივი აირის არასაკმარისი მიწოდების გამო განაახლა.

რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შეზღუდვის წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის მიზნით კონსერვაციის რეჟიმში მყოფი ქვანახშირის ელექტროსადგურების ამუშავებას გერმანიის პარლამენტის ორივე პალატამ სპეციალური კანონით დაუჭირა მხარი.

გერმანიის ეკონომიკის და გარემოს დაცვის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა ეს ნაბიჯი შეაფასა როგორც “მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი”. კოალიციურ მთავრობაში მყოფი მწვანეების თქმით, კრიზისთან გასამკლავებლად ასეთი ნაბიჯის გადადგმა გახდა საჭირო.

გერმანიის ელექტროენერგიის, გაზის, ტელეკომუნიკაციების, ფოსტისა და რკინიგზის ფედერალური ქსელის სააგენტოს მონაცემებით, ივნისში წარმოებულ ელექტროენერგიაში ბუნებრივ გაზზე მომუშავე ელექტროსადგურების წილი 11,2%-მდე შემცირდა. ადრე ეს მაჩვენებელი 30%-ს და მეტსაც აღწევდა. გერმანიის მიერ იმპორტირებული ბუნებრივი აირის ~50% რუსული იყო.

Leave a Reply

Menu Title