“ევროკავშირმა გააცნობიერა სამხრეთ დერეფნის გაფართოებაში ინვესტიციის ჩადების აუცილებლობა”

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელიც 6 თვეზე მეტია გრძელდება, აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო და უფრო იზრდება.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს რუსული ბუნებრივი აირის მოხმარების ეტაპობრივ შეწყვეტას. აღნიშნული კი საფრთხეს უქმნის დასავლეთის ენერგეტიკულ მდგრადობასა და სტაბილურობას, რის გამოც ის ცდილობს მოძებნოს გაზის მიწოდების ალტერნატიული გზები. ერთ-ერთი მათგანია აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანი, რომელიც უკვე ახორციელებს ბუნებრივივი აირის ექსპორტს იტალიაში სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) გავლით, ხშირად საუბრობს ხსენებული მარშრუტით მიწოდების გაზრდაზე.

“აზერბაიჯანს აქვს ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდის პოტენციალი. ქვეყანა აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპელ კოლეგებთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ველით, რომ სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით მიწოდება გაორმაგდება ძალიან მალე”, – განაცხადა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლთანოვმა.

ხსენებული კომენტარის გაკეთებიდან ერთი თვეში ევროკავშირთან გაფორმდა მემორანდუმი ენერგეტიკის სექტორში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ.

“ხელმოწერილი მემორანდუმი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობას. მინდა გამოვყო სამი პუნქტი ამ დოკუმენტიდან. პირველ რიგში, ჩვენ ვგეგმავთ ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდას აზერბაიჯანიდან. ამ მემორანდუმის მიხედვით, ჩვენ მზად ვართ გავაფართოვოთ სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მარშრუტს ევროკავშირისთვის” ასევე, ვაპირებთ გავზარდოთ მისი სიმძლავრე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე წელიწადში. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია განახლებადი ენერგიის წყაროების საკითხი. აზერბაიჯანს აქვს უზარმაზარი პოტენციალი განახლებად ენერგიაში. მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა ბუნებრივი აირის სფეროში შეესაბამებოდეს ჩვენს პასუხისმგებლობას გარემოს დაცვის კუთხით“, – განაცხადა ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბაქოში დოკუმენტის ხელმოწერის დროს.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა მეთიუ ბრაიზა, ატლანტიკური საბჭოს უფროსი თანამშრომელი, საერთაშორისო ექსპერტი და კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე. მან აღნიშნა, რომ დიდი ხანია ცხადი იყო, რომ ევროკავშირის ლიდერებს სურდათ სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოება.

„აღნიშნულის განსახორციელებლად, ევროკავშირმა და ევროპულმა კომპანიებმა უნდა ჩადონ ინვესტიციები ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურებში, არა მხოლოდ ტრანსადრიატიკის მილსადენში, რომელიც არის SGC-ის ევროპული სეგმენტი, არამედ სამხრეთ კავკასიისა (SCP) და ტრანსანატოლიური (TANAP) გაზსადენების გაფართოებაშიც “, – განაცხადა ბრაიზამ.

აზერბაიჯანთან მემორანდუმის ხელმოწერამდე, ევროკავშირი ზოგადად საკმაოდ თავშეკავებული იყო გაზსადენების ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების მიმართ, რადგან, ბუნებრივი აირის გამოყენება, სხვა წიაღისეულ საწვავთან შედარებით ნაკლებად, მაგრამ მაინც იწვევს სათბურ ემისიებს (CO2). თუმცა, ახლა უკვე ნათელია, რომ ბუნებრივი აირი კვლავ მოთხოვნადი იქნება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, როგორც გარდამავალი საწვავი (იგულისხმება ენერგეტიკული ტრანზიცია, ანუ წიაღისეული საწვავიდან განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის პროცესი).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევროკავშირს სურს შეამციროს ბუნებრივი აირის მოხმარება, თუმცა, მათ გააცნობიერეს SGC-ის გაფართოებაში ინვესტიციის საჭიროება, განაცხადა ბრაიზამ.

აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელობაზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის კირილ პეტკოვის ბოლო განცხადებაშიც იყო საუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზადაა დამატებით მიაწოდოს ბულგარეთს 0,5-1 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში, გარდა უკვე შეთანხმებული 1 მილიარდსა. „თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ უნდა ვიპოვოთ გზა ამ გაზის ბულგარეთამდე მიტანისთვის“, – განუცხადა პეტკოვმა ბულგარულ მედიას ბაქოდან დაბრუნების შემდეგ, სადაც ის შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

როგორც ბრაიზამ აღნიშნა, „აზერბაიჯანიდან 1 მილიარდი კუბური მეტრის იმპორტის შესაძლებლობა ძალიან მიმზიდველია, რადგან ეს არა მხოლოდ დაიცავს ქვეყანას რუსული გაზის იმპორტის დეფიციტისგან, არამედ ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ზრდას, რაც აუცილებელია ეკონომიკის მდგრადობისთვის“.

ბრაიზას ინფორმაციით, მილსადენების მშენებლობას დიდი დრო არ დასჭირდება, თუმცა მეტი დრო იქნება საჭირო გაზის დამატებითი წყაროების მოძიებისთვის. „აზერბაიჯანს არ ექნება მნიშვნელოვანი ახალი ექსპორტის მოცულობა, შესაძლოა, 2027-2028 წლამდე“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ხსენებული ახალი საწარმოო სიმძლავრეების აღმოჩენას და ექსპლუატაციას დრო დასჭირდება.

ამრიგად, ევროკავშირში იმპორტირებული რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხში აზერბაიჯანის როლი სავარაუდოდ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული იქნება. ბუნებრივი აირი, რომელითაც ის ევროპას მოამარაგებს, სამხრეთის გაზის კორიდორის საშუალებით მოხდება. ხსენებული კორიდორი მოიცავს სამხრეთ კავკასიურ მილსადენს (SCP), ტრანსანატოლიურ მილსადენსა (TANAP) და ტრანს ადრიატიკულ მილსადენს (TAP). მისი მარშრუტი (SCP) საქართველოზეც გადის.

WEG-ის უკანასკნელ კვლევაში ვკითხულობთ, რომ გატარებული მოცულობების გაზრდა ნიშნავს, საქართველოს მიერ შეღავათიან ფასად მიღებული გაზის მოცულობის გაზრდასაც. საქართველო შეღავათიან ფასად მიღებს გატარებული გაზის 5%-ს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title