ირლანდია სათბური აირების გამონაბოლქვის განახევრებას გეგმავს

ირლანდიის მთავრობამ ეკონომიკის ძირითადი სექტორებიდან ნახშირბადის ემისიების შეზღუდვის გეგმა დაისახა. მთავრობის გადაწყვეტილებამდე, კოალიციის პარტნიორები, მწვანეთა პარტია, Fianna Fail-ი და Fine Gael-ი, სოფლის მეურნეობის სექტორიდან 25%-იან შემცირებასთან დაკავშირებით კომპრომისზე წავიდნენ.

ირლანდიის სოფლის მეურნეობის სექტორზე ქვეყნის სათბური აირების ემისიების დაახლოებით 38% მოდის, ნოემბერში გამოქვეყნებული კლიმატის სამოქმედო გეგმის თანახმად, ემისიების შემცირების სამიზნე 22%-დან 30%-მდე უნდა განისაზღვროს. სხვა სექტორებში ემისიების შემცირების საჭიროება კი შემდეგნაირად განისაზღვრა: 75% ელექტროენერგიის სექტორისთვის, 50%-იანი შემცირება ტრანსპორტისთვის, 40%-ით საცხოვრებელი კორპუსებისა და 35% ინდუსტრიისთვის.

გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ დასახული მიზნები მკაცრია ყველა სექტორისთვის, თუმცა სამართლიანია, შესაბამისი და, რაც მთავარია, მიღწევადი. კლიმატის სამოქმედო გეგმის თანახმად, სექტორების მიხედვით 2030 წლისთვის სათბური აირების ემისიები 51%-ით უნდა შემცირდეს, მიზნის მიღწევას კი დაახლოებით 125 მილიარდი ევროს სახელმწიფო და კერძო ინვესტიცია დასჭირდება.

გარდა ამისა, ირლანდიის კლიმატური გეგმა 1,000-მდე ღონისძიებას მოიცავს, რომელთა შორისაა, 2030 წლამდე, ელექტრომობილების რაოდენობის 1 მილიონამდე ზრდა და დაახლოებით 500,000 სახლში გათბობის ძველი საშუალებების ენერგოეფექტიანი ალტერნატივებით ჩანაცვლება. ელექტროენერგიის წარმოება 80%-ით განახლებად წყაროებზე უნდა გადავიდეს, უმეტესი ნაწილი კი ოფშორული ქარის ენერგიამ უნდა დაიკავოს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title