იტალიაში ნაგვის ნარჩენებისგან მიღებული გაზით რუსულ გაზს ჩაანაცვლებენ

იტალიური კომპანია, Maire Tecnimont ნაგავსაყრელების ნარჩენების გადამუშავების ახალ მეთოდს ნერგავს და ხუთ წელიწადში ნაგვისგან ენერგომომარაგებისთვის და გათბობისთვის საჭირო გაზის 10%-მდე მოცულობის წარმოებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალესანდრო ბერნინიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ეს საწვავი რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას შეძლებს.

ბერნინის თქმით, ქვეყნის ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 მილიონი ტონა ნარჩენი გროვდება, რაც მეორად გადამუშავებას არ ექვემდებარება. პროექტი, Green Circular District ათი ქარხნის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც წელიწადში 600 000 ტონა ნაგავს გადაამუშავებს. ბერნინი ვარაუდობს, რომ ხუთი წლის განმავლობაში „ეს ქარხნები ქვეყნის შიგნით გაზის 10%-ის წარმოებას შეძლებენ, რაც იტალიის გათბობისა და ელექტრომომარაგების მთლიან ქსელს სჭირდება.“

„ჩვენ შეგვეძლია მისი გადამუშავება სინთეზირებულ გაზად, რომ უცხოურ ენერგიაზე დამოკიდებულება შემცირდეს,“ – აცხადებს ალესანდრო ბერნინი სააგენტოსთან ინტერვიუს დროს.

Maire Tecnimont პროექტში თავისი ინვესტიციის ოდენობას არ ამხელს, თუმცა უკვე მზად არის, ნარჩენების ქიმიკატებში გადამუშავების საკუთარი ტექნოლოგია ინდუსტრიული მასშტაბით დანერგოს. კომპანია თავის „მწვანე“ ტექნოლოგიებს მავნე გამონაბოლქვის შემცირების გასაღებად აფასებს. ბერნინი ამბობს, რომ „უახლოეს მომავალში ამ პროცესმა შესაძლოა, ფოლადის ინდუსტრიის დეკარბონიზაციას შეუწყოს ხელი.“

Maire Tecnimont-ის საბაზრო კაპიტალიზაცია, დაახლოებით, 890 მლნ ევროს (906 მლნ დოლარს) შეადგენს. წლის პირველი ნახევრისთვის კომპანიის სუფთა შემოსავალი 42.2 მლნ ევრო იყო, რაც, წინა წელთან შედარებით, 5.5%-ით მეტია. ბერნინი კომპანიის მთავარ ფინანსურ ოფიცრად, დაახლოებით, ათი წლის განმავლობაში მუშაობდა, ვიდრე მაისში აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნებოდა.

ამჟამად იტალია, ისევე, როგორც ევროპის უმეტესი ნაწილი, რუსეთიდან ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირების ფონზე, ზამთრისთვის გაზსაცავებს ავსებს. იტალიაში გაზის მთლიანი იმპორტიდან რუსეთის წილი, დაახლოებით, 25%-ია, მაშინ, როცა ადრე ეს მოცულობა 38%-ს შეადგენდა. ქვეყანა 2024-2025 წლების ზამთრისთვის რუსული გაზის სრულად შეწყვეტას აპირებს. ნავთობისა და გაზის იტალიურმა ჯგუფმა, Eni-მ ივლისის ბოლოს გამოაცხადა, რომ სხვა მიმწოდებლებთან კონტრაქტების ხარჯზე რუსული გაზის მთლიან ჩანაცვლებას 2025 წლისთვის გეგმავს.

ახლახან ევროკავშირის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, გაზის მოხმარება 15%-ით ნებაყოფლობით შეამცირონ. ზამთრისთვის მოსამზადებლად მიწოდების შემცირებისკენ წევრ ქვეყნებს ევროკომისიამ 29 ივლისს მოუწოდა, რადგან მისი შეფასებით, რუსეთის მხრიდან მიწოდების შემცირებამ ევროპის ქვეყნების, თითქმის, ნახევარს უკვე პრობლემები შეუქმნა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

Leave a Reply

Menu Title