მოლდოვა ზაპოროჟიეს ბირთვული კატასტროფისთვის ემზადება – კიშინოვის მერია რეკომენდაციებს აქვეყნებს

კიშინოვის მერიამ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში მოსახლეობისთვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა. ინფორმაციას NewsMaker ავრცელებს.

ატომური კატასტროფის შემთხვევაში მერია მოქალაქეებს, უპირველეს ყოვლისა, დახურულ ოთახში შესვლასა და იქ დარჩენას ურჩევს. რეკომენდაციეაში წერია, რომ ოთახში უნდა დაიხუროს ფანჯრები, კარი და ამოივსოს სავენტილაციო ხვრელები. ასევე, გამოირთოს სავენტილაციო სისტემა, თუკი ასეთი არსებობს. თუ მოქალაქე მანქანაშია, მაშინვე უნდა აწიოს საქარე მინები, გამორთოს ვენტილაცია და დატოვოს დაბინძურების ზონა. ამასთან, მოქალაქემ უნდა გაიხადოს ტანსაცმელი და მოათავსოს პლასტიკურ პაკეტში. კარგად ჩამოიბანოს თმა და დაიბანოს ტანი. ეს ყველაფერი, მერიის განმარტებით, რადიოაქტიური მტვრის ნებისმიერ ნაწილაკს გაანადგურებს.

მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, ბორის გილკამ, რომლის Facebook- გვერდზეც გამოქვეყნდა აღნიშნული რეკომენდაციები, მოლდოვის ჯანდაცვის სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ მოქალაქეებისთვის აქამდე არ უცნობებია, თუ როგორ მოიქცნენ ბირთვული კატასტროფის შემთხვევაში.

ამასთან გილკა წერს, რომ „ფარისებრი ჯირკვლის მიერ რადიოაქტიური იოდის შეწოვის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია კალიუმის იოდის აბების მიღება, თუმცა ეს აბები საჭიროა მხოლოდ დიდი ბირთვული ავარიის შემთხვევაში, რადგან ფარისებრი ჯირკვალი ამ აბებიდან სწრაფად შთანთქავს სტაბილურ (არარადიოაქტიურ) იოდს და რადიოაქტიური იოდის დაგროვებას აჩერებს, ამიტომ ამ უკანასკნელს სხეული სწრაფად გამოდევნის.“

ბორის გილკა შენიშნავს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააზუსტოს, თუ რა დოზით, ვის მიერ არის ან არ არის რეკომენდებული ამ პრეპარატის მიღება.

მოლდოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან 740 კილომეტრში მდებარეობს. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ბოლო დღეებში რუსი ოკუპანტების მხრიდან დაიბომბა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარების გამო და სადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) ექსპერტების დაშვება მოითხოვა.

6 აგვისტოს ევროკავშირმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მოქმედებები დაგმო. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრის დროს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს რუსეთის ატომური ინდუსტრიისა და ბირთვული საწვავის სანქცირებისკენ მოუწოდა.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი

Leave a Reply

Menu Title