ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ბირთვული საფრთხე

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მოითხოვს, დაუყოვნებლივ მიეცეთ საშუალება, შევიდნენ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე. შეერთებული შტატები შექმნილ ვითარებაში რუსეთს ადანაშაულებს. რუსეთმა კი, თავის მხრივ, გუშინ, 11 აგვისტოს, გაეროს უსაფრთხოების საგანგებო სხდომა მოიწვია, რათა განეხილათ ატომური ელექტროსადგურის გარშემო განვითარებული მოვლენები.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი შეშფოთებულია ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება, რომელიც ბირთვულ უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს, უნდა შეწყდეს. მისი შეფასებით, ასეთი დიდი ზომის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებმა   შესაძლოა მსოფლიო სერიოზულ შედეგებამდე მიიყვანოს.

რუსული და უკრაინული მხარეები თავდასხმებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გაეროში რუსეთის ელჩის ვასილი ნებენზიას თქმით, ის, რაც ელექტროსადგურზე გასული დღეების განმავლობაში ხდება,  კიევის რეჟიმის კრიმინალური ქმედებებია, რომლებიც მიმართულია როგორც ბირთვული ინფრასტრუქტურის, ასევე იქ მომუშავე თანამშრომლების წინააღმდეგ. ვასილი ნებენზია აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით  საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ მოჰყოლია  არანაირი  რეაქცია.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი  ტერორისტულ სახელმწიფოდ მოიხსენია. მისი თქმით, ჯერ არავის არ გამოუყენებია  ასე აშკარად ბირთვული ელექტროსადგური იმისთვის,  რომ დაემუქროს მთელ მსოფლიოს და თავისი პირობები წაუყენოს. უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მსოფლიოს მხრიდან საჭიროა სწრაფი რეაგირება, რათა რუსი ოკუპანტები ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურიდან განდევნონ.

ვაშინგტონიც მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საომარი მოქმედებები უკრაინის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად. ამ დროისთვის რადიაცია არ შეინიშნება, თუმცა მსოფლიო საზოგადოება სულ უფრო მეტად შიშობს მოსალოდნელ ბირთვულ კატასტროფასთან დაკავშირებით.

წყარო: euronewsgeorgia.com

Leave a Reply

Menu Title