ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ირანმა უპასუხა ევროკავშირის წინადადებას ბირთვულ შეთანხმებაზე, დეტალები უცნობია

ირანმა განაცხადა, რომ პასუხი გასცა ევროკავშირის საბოლოო წინადადებას 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლების თაობაზე, თუმცა პასუხის დეტალები არ გამოუქვეყნებია.

ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო IRNA 16 აგვისტოს იტყობინება, რომ მოლაპარაკებების მონაწილეებმა საკუთარი პასუხები წარმოადგინეს და რომ თეირანი ჯერ არ მიიღებს ევროკავშირის წინადადებას, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ მეტი მოლაპარაკება აღარ გაიმართება.

„უთანხმოება ეხება სამ საკითხს, რომელთაგან ორში აშშ-მა სიტყვიერად გამოთქვა თავისი პოზიციის მოქნილობა, მაგრამ ეს ტექსტში უნდა იქნეს შეტანილი. მესამე საკითხი ეხება [გარიგების] გაგრძელებას, რაც შეერთებული შტატების რეალიზმზეა დამოკიდებული“, – იუწყება IRNA.

„ირანმა წერილობით წარმოადგინა პასუხი ვენის შეთანხმების ტექსტის პროექტზე და განაცხადა, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნება, თუკი აშშ-ს პასუხი რეალისტური და მოქნილი იქნება“, – ვკითხულობთ სააგენტოს ცნობაში.

მანამდე IRNA-ს მოჰყავდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის განცხადება, რომ „ამერიკის მხარე სიტყვიერად დათანხმდა [თეირანის] ორ მოთხოვნას“.

გარიგების განახლების შესაძლებლობამ, რასაც შეიძლება ირანში ნავთობის მოპოვების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გაუქმება მოჰყვეს, მსოფლიოში ნავთობის ფასების ვარდნას შეუწყო ხელი.

ირანსა და მსოფლიოს წამყვან ძალებს შორის ისტორიული შეთანხმება შეჩერდა მას შემდეგ, რაც ის 2018 წელს დატოვა აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თეირანს მძიმე სანქციები დაუწესა.

ქვეყნები, რომლებიც ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბირთვული პროგრამის თაობაზე შეთანხმების განახლებაზე, თეირანისგან პასუხს ელიან საბოლოო პროექტზე, რომელიც გასულ კვირაში წარმოადგინა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა ჟოზეპ ბორელმა.

IRNA-ს მოჰყავს ანონიმი ირანელი დიპლომატის სიტყვები იმის შესახებ, რომ „ევროკავშირის წინადადებები მისაღებია იმ პირობით, თუკი ისინი ირანს გარანტიებს მიანიჭებს სანქციებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხში“, ასევე ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსთან გადაუჭრელ საკითხებში.

ბრიტანეთმა, ჩინეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა აგვისტოს დამდეგს განაახლეს ირანთან მოლაპარაკებები ერთთვიანი პაუზის შემდეგ. შეერთებული შტატები მოლაპარაკებებში არაპირდაპირი გზით მონაწილეობს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title