მიანმარი რუსული ენერგორესურსების იმპორტს გეგმავს

მიანმარი, რომელსაც სამხედრო ხუნტა მართავს, ფასების ზრდისა და რესურსების ნაკლებობის შესამსუბუქებლად, რუსული ბენზინისა და მაზუთის იმპორტს გეგმავს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანა რუსეთთან მეგობრულ კავშირებს კვლავ ინარჩუნებს მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა დასავლეთის სანქციების ქვეშ რჩება – მიანმარი სამხედრო გადატრიალების გამო, რომელმაც დემოკრატიულად არჩეული მთავრობა დაამხო  და რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის, რომელსაც იგი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს.

„ჩვენ მივიღეთ ნებართვა, რუსეთიდან შემოვიტანოთ ბენზინი. ჩვენ მას უპირატესობას ვანიჭებთ ხარისხისა და დაბალი ფასის გამო”, – განაცხადა მიანმარის სამხედრო სპიკერმა ზავ მინ ტუნმა.

თავის მხრივ, რუსეთი თავისი ენერგორესურსების გასაყიდად ახალ „კლიენტებს“ ეძებს, რადგან მისი ყველაზე დიდი საექსპორტო ადგილი, ევროპა, ამ წლის ბოლოს რუსულ ნავთობზე ეტაპობრივად ემბარგოს დააწესებს.

მედიის ცნობით, რუსული საწვავის მიწოდება სექტემბრიდან დაიწყება.

გასული წლის თებერვალში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საწვავის ფასი 350%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მედიის ცნობით, გასულ კვირას ქვეყნის მასშტაბით ათობით ბენზინგასამართი სადგური დაიკეტა, რადგან მათ საწვავი გასაყიდად აღარ ჰქონდათ.

წყარო: pia.ge

Leave a Reply

Menu Title