36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

36-37 დოლარი 1 ბარელზე – როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

არსებობს თუ არა საფრთხეების მოლოდინი რუსეთისგან, თუკი ნავთობის გაიაფება გაგრძელდება და როგორც მენავთობეები პროგნოზირებენ, შესაძლოა, ის 30 დოლარამდეც გაუფასურდეს?

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, ანალიტიკოსების თქმით, როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ხელისუფლება პურის არარსებობას პოლიტიკური სანახაობით ანაცვლებს და რუსეთიც შიმშილის გადაფარვას მტრის ხატის პროპაგანდითა და კონფლიქტებით შეეცდება. მით უფრო იმ ფონზე, რომ რუსეთი თურქეთთან ცივი ომის პირობებში იმყოფება და რადგანაც ამ ორ ქვეყანას ინტერესთა კვეთა, სამწუხაროდ, საქართველოში და აზერბაიჯანშიც აქვს, დიდი ალბათობაა, ჩვენზე წნეხი გაიზარდოს.

ბოლო დღეებში ბარელი ნავთობის ფასი 36-37 დოლარამდე დაეცა და 2008 წლის ანტირეკორდს მიუახლოვდა. ის, რომ ნავთობის ფასის ასე დაცემა და არსებული პროგნოზები აშინებს რუსეთს, ამას მოსკოვში არც მალავენ. როგორც რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი აცხადებს, ქვეყნის ბიუჯეტი დაგეგმილია იმ ანგარიშით, რომ ბარელი ნავთობის ფასი 50 დოლარი იქნება. თუმცა დღეს მაკროეკონომიკური სიტუაცია შეიცვალა, ბარელის ფასი დაახლოებით 36-37 დოლარია და გაუგებარია, რა მოხდება შემდეგ.

“გამორიცხული არ არის, რომ 2016 წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბარელზე ფასი 30 დოლარი ან უფრო ნაკლებიც იყოს”, – რუსული სააგენტო “ტასი” მინისტრის სიტყვებს ციტირებს.

ეს პერსპექტივა რუსეთის ბიუჯეტს სერიოზული საფრთხეების წინაშე აყენებს. ამიტომაც მინისტრმა ასევე გააკეთა მოწოდება, რომ ”რთული დროებისთვის” უნდა მოემზადონ და მისმა უწყებამ ექსტრემალური სიტუაციისათვის გეგმაც შეიმუშავა. ნავთობის ფასების დაცემის შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს მიერ ეკონომიკის დასახმარებლად შემუშავებული გეგმის დეტალები რუსულმა მედიამ 11 დეკემბერს გაამჟღავნა. უწყების შეთავაზებაა 5%-ით მოხდეს ბიუჯეტის სეკვესტრი; ტრილიონ რუბლამდე გაიზარდოს შემოსავლები პრივატიზაციიდან და გაიყინოს კაპიტალური მშენებლობები; ანტიკრიზისული რეზერვების მოცულობა 557 მილიარდი რუბლია, თუმცა, ამ რეზერვების გამოყენება შეთავაზებულია მხოლოდ ექსტრემალურ სიტუაციაში. იმავე დღეს, ბრენტის მარკის 1 ბარელი ნავთობის ფასი 38 დოლარამდე დაეცა და 2008 წლის მინიმალურ დონეს მიუახლოვდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს აქვს გეგმა ”ბე” და კიდევ გეგმა ”ცე” ნავთობის ბაზარზე არასასურველი კონიუნქტურის შემთხვევაში.

როგორც რუსული მედია წერს, მოსალოდნელია, რომ 2016 წელს ბიუჯეტის შემოსავლები იქნება 13.74 ტრილიონი რუბლი, ხარჯები – 16.10 ტრილიონი, დეფიციტი – 2.36 ტრილიონი. ბიუჯეტი დაგეგმილია იმ ანგარიშით, რომ ბარელი ნავთობი 50 დოლარი იქნება. თუმცა, ნავთობის ფასი ვარდნას განაგრძობს და შესაძლოა არა 2008 წლის, არამედ 2004 წლის ანტირეკორდი მოხსნას, როდესაც ბარელი 30 დოლარზე ოდნავ მეტი ღირდა.

რუსი ექსპერტის სერგეი პიგარევის განცხადებით, ნავთობის ფასი შესაძლოა კიდევ უფრო ქვემოთ წავიდეს, რაც ბაზარზე ირანული ნავთობის დამატებითი მოცულობების გამოსვლას უკავშირდება. თეირანმა უკვე განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ, რომლებიც ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, მიწოდებას სულ მცირე დღეში 500 ათასი ბარელით გაზრდის.

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციამ ”ოპეკმაც” უკვე განაცხადა, რომ მოპოვებას იმ შემთხვევაშიც კი არ შეამცირებს, თუ ნავთობის ფასი ბარელზე 20 დოლარს ჩამოსცდება. ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძის განცხადებით, ამერიკელები ხუმრობით საბჭოთა კავშირს და შემდეგ რუსეთს განუჭვრეტელი წარსულის მქონე ქვეყანას უწოდებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა არა მარტო მომავლის პროგნოზს არ ექვემდებარება, წარსულიც კი ბუნდოვანი აქვს.

”რამდენიმე დღის წინ პუტინმა განაცხადა, იმედი გვაქვს ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება არ დაგვჭირდებაო. ასე რომ, ძნელია იმის წინასწარმეტყველება, რა შეიძლება ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთმა მოიმოქმედოს”, – აღნიშნავს არჩვაძე.

მისივე თქმით, ეკონომიკის განვითარებისათვის სავალუტო რეზერვების მობილიზაციის გზა მარტო ნავთობპროდუქტების ან ენერგომატარებლების ექსპორტი არ უნდა იყოს, ის გარკვეულ პერიოდში იძლევა შედეგს, მაგრამ ამას დივერსიფიცირება სჭირდება, იგივე ტექნოლოგიებით და ახალგაზრდა თაობის განათლებით.

სოსო არჩვაძე: ”რუსეთს რომ მოეხერხებინა და ეკონომიკის განვითარებისთვის უფრო ცივილური ფორმა მიეცა, ის ამდენი პრობლემებისა და რისკების წინაშე არ დადგებოდა და მთელი მსოფლიოსათვის უფრო პროგნოზირებადი და ნაკლებად თავის ტკივილის მომტანი იქნებოდა. არც საკუთარი თავისთვის და არც მსოფლიოსათვის არ იძლევიან მშვიდი ცხოვრებისა და განვითარების საშუალებას. ახლა კი ქამრების სერიოზული მოჭერა მოუწევთ. როგორც კი ეცემა ნავთობის ფასი, ავტომატურად რუბლის დევალვაცია ხდება. ლაპარაკია იმაზე, რომ დოლარში გადაანგარიშებული მსყიდველობითუნარიანობა მოსახლეობისა და ბიზნეს სექტორისათვის შემცირდება. ამის ”პირველი მერცხალიც” გამოჩნდა და რუსი ტურისტების რაოდენობა უცხოეთში 40%-ით შემცირდა. ამდენად, ტურისტული სეგმენტის განვითარებისთვის აქცენტის გადატანა ქვეყნის შიგნით მოხდება. ჩვენები წერენ, რომ რუსეთის თურქეთსა და ეგვიპტესთან პრობლემების გამო ჩვენთან ტურისტული ნაკადები გაიზრდება, მაგრამ ტურისტული ნაკადი სანამ საქართველოში ჩამოაღწევს, ის აფხაზეთის მიმართულებით გაიზრდება და რუსეთს უფრო მეტი მოტივაცია უჩნდება, რომ აფხაზეთი უფრო სრულ და კომპლექსურ აბორდაჟზე აიყვანოს. არ ვიცი ამის საწინააღმდეგო ღონისძიებები აქვს თუ არა შემუშავებული მთავრობას, თუ დინებას მიუყვება. გამორიცხული არ არის ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთმა კიდევ სადმე დამატებით დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები, ან სირიაში სამხედრო მოქმედებები უფრო მწვავე გახადოს. რაც უნდა ფანტასტიკურად გვეჩვენებოდეს, ეს ვარიანტები გამორიცხული არ არის”, – აცხადებს არჩვაძე.

რა დივიდენდები და რა საფრთხეები შეიძლება ჰქონდეს საქართველოს ნავთობის გაიაფების შედეგად – არჩვაძის თვალსაზრისით, ჩვენთვის დადებითი ის იქნება, რომ ფასები არ გაიზრდება.

”მიუხედავად იმისა, რომ ლარის დევალვაცია 40% იყო, სამომხმარებლო საქონელზე ფასები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა და არც გაიზრდება. საქართველო ხეირობს იმას, რომ ბევრი საქონელი იაფად შემოგვაქვს. თუმცა, ნავთობის გაიაფებას უარყოფითი მხარეც აქვს, რადგან ამ დროს ნავთობექსპორტიორი ქვეყნების პოტენციალი და გადახდისუნარიანობა მცირდება და თუკი ამ ქვეყნებში რაიმეს ექსპორტს ვახდენთ, ჩვენი საქონლის შეძენის რესურსი შეუმცირდებათ. მაგალითად, რუსეთში რუბლის დევალვაციის გამო ჩვენი ღვინის ექსპორტი 46%-ით შემცირებულია. ეს არის პროცესი, სადაც ყველა ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანია ამ სცილასა და ქარიბდას შორის ნაკლები დანაკარგებით გავაღწიოთ”, – დასძენს არჩვაძე. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელ გია ხუხაშვილის თქმით, ნავთობის გაიაფებით საქართველოს ხიფათი უფრო მეტი აქვს, ვიდრე სარგებელი. ჩვენთვის სარგებელი გახლავთ ის, რომ ნავთობი ეკონომიკის საბაზისო ელემენტია, ჩვენ იმპორტიორი ქვეყანა ვართ და გაიაფებული ნავთობი ლარის ინფლაციურ პროცესებს არბილებს. პოლიტიკურად კი ძალიან სახიფათოა”, – მიიჩნევს ხუხაშვილი.

მისი განცხადებით, მოსალოდნელია ბარელი ნავთობის ფასი კიდევ დაეცეს, იმიტომ, რომ ჯერ ირანი ნავთობის ბაზარზე სრული მასშტაბით არ ჩართულა. ნავთობის გაიაფება კი მარტო რუსეთისთვის არ იქნება პრობლემა. ეს გლობალურ დაძაბულობას უკაშვირდება და მაინცდამაინც კარგი არ არის.

გია ხუხაშვილი: ”რატომღაც ნავთობის ფასის ვარდნა მხოლოდ რუსეთის ჭრილში განიხილება. სინამდვილეში პრობლემა უფრო ღრმაა, ვიდრე მხოლოდ რუსეთზე გაჩერება. ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდება ხდება, ფასი იკლებს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებში სოციალური რისკები იმატებს. როდესაც სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები იწყება, შიმშილის გადაფარვა მტრის ხატის გაძლიერებითა და სხვა მიმართულებით საზოგადოების კონსოლიდაციით ხდება. ეს არის იდეოლოგიური ბრძოლა, პროპაგანდის გაძლიერება და კონფლიქტები, რასაც ახლა რუსეთში ვაკვირდებით. დღევანდელ სამყაროს კონფლიქტები ისედაც არ აკლია და ალბათ ნავთობიდან შემოსავლების ნაკლებობა აგრესიის ზრდას გამოიწვევს, მათ შორის რუსეთისგანაც თუმცა, სამწუხაროდ არა მხოლოდ რუსეთისგან. დღეს არაორდინარული ვითარებაა შექმნილი სირიის ირგვლივ, სადაც მრავალვექტორიანი დაპირისპირება მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ახალი მსოფლიო წესრიგი ყალიბდება, რადგან ამ პოზიციურ ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული. რისკი იმისა, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდეს, დიდია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი მრავალგანზომილებიანი რისკები არ გაჩენილა. შესაბამისად, ვითარება მყიფეა. ჩემი აზრით, თურქეთიც სარისკო პოლიტიკას ეწევა”.

ხუხაშვილის განცხადებით, ამ ყველაფერს საქართვლეოს პრიზმიდან უნდა შევხედოთ, რადგან რუსულ-თურქულ ცივ ომში ერთ-ერთი საიმზნე შესაძლოა, საქართველოც გახდეს.

”ცივ ომს ჰიბრიდული ომები ახასიათებს და ამგვარი მდგომარეობა რუსეთსა და თურქეთს შორისაც არის ჩამოყალიბებული. ჰიბრიდული ომი ნიშნავს არა მხარეებს შორის პირდაპირ შეტაკებას, არამედ ერთმანეთის დესტაბილიზების მცდელობას. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამისათვის თურქეთს სამიზნედ ჩრდილოეთ კავკასია აქვს, რუსეთს – თურქეთში ქურთების მომენტის გააქტიურება შეუძლია. ისინი ასევე იაქტიურებენ ისეთ ქვეყნებში, სადაც ინტერესთა კვეთა აქვთ. ისეთი კი, სამწუხაროდ, საქართველო და აზერბაიჯანია. აქედან გამომდინარე შეიძლება ირიბად ჩვენზე წნეხი გაიზარდოს, უპირველესად რუსეთის მხრიდან, თურქეთი კი, იმედი მაქვს უკეთესად მოიქცევა. თუმცა, მაინც მიმაჩნია, რომ ჩვენს სპეცსამსახურებს ამ მიმართულებითაც დასჭირდებათ ყურადღებით ყოფნა”, – ამბობს ხუხაშვილი.

ეკატერინე ბასილაია
გაზეთი ”რეზონანსი”

Leave a Reply

Menu Title