პარლამენტმა მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნას მხარი დაუჭირა

საქართველოში კიდევ ერთი დაცული ლანდშაფტი შეიქმნება. ამის შესაძლებლობას იძლევა კანონპროექტი „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საბოლოო მოსმენით, 78 ხმით  მიიღო.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტები „მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარადგინა.

უწყების ცნობით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახელას ხეობის ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით. დავით გაბაიძის ინფორმაციით, საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნით, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი და გაეროს განვითარების პროგრამა (GEF/UNDP) ახორციელებს პროექტს „აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“.

მომხსენებლის ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდეგ გამართული კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა, რომ დაცული ტერიტორიის დასახელება ნაცვლად მაჭახლისა, იქნება მაჭახელას დაცული ტერიტორია.

მისივე თქმით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნა ხელს შეუწყობს მაჭახელას ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, კულტურით და ისტორიული თავისებურებებით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას.

Leave a Reply

Menu Title