თალიბებმა რუსული ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს

თალიბებმა ავღანეთისთვის ბენზინის, დიზელის, ბუნებრივი აირისა და ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებით რუსეთთან დროებითი შეთანხმება გააფორმეს. ავღანეთის კომერციისა და ინდუსტრიის მინისტრ ჰაჯი აზიზის განცხადებით, მისი სამინისტრო სავაჭრო პარტნიორების დივერსიფიკაციის საკითხზე მუშაობს, ხოლო რუსეთმა მათ საქონლის საშუალო გლობალურ ფასზე შესთავაზა ფასდაკლება.

რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმება პირველი ცნობილი საერთაშორისო ეკონომიკური გარიგებაა, რომელიც თალიბებმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ გააფორმეს. აღნიშნული ნაბიჯი შესაძლოა, ისლამისტურ მოძრაობას იზოლაციის შემსუბუქებაში დაეხმაროს, რამაც ქვეყანა ფაქტობრივად მოწყვიტა გლობალურ საბანკო სისტემას.

შეგახსენებთ, თალიბების ხელისუფლებას, რომელმაც დასავლურ ძალებთან და მათ ადგილობრივ მოკავშირეებთან 20-წლიანი ბრძოლის შემდგომ, საბოლოოდ ძალაუფლება ხელში ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გამოსვლისთანავე ჩაიგდო, არცერთი სახელმწიფო არ აღიარებს. თალიბანის მთავრობას ოფიციალურად არ ცნობს რუსეთიც, თუმცა მოსკოვმა ქაბულის დაცემის წინ მოძრაობის ლიდერებს უმასპინძლა, მისი საელჩო კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომლებიც ღიაა ავღანეთის დედაქალაქში.

აზიზის ინფორმაციით, რუსეთი შეთანხმების ფარგლებში ავღანეთს ყოველწლიურად ერთ მილიონ ტონა ბენზინს, ერთ მილიონ ტონა დიზელს, 500,000 ტონა თხევად გაზსა (LPG) და ორ მილიონ ტონა ხორბალს მიაწვდის. შეთანხმება თავდაპირველად საცდელი ვადით იმოქმედებს, თუმცა მხარეების კმაყოფილების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, უფრო გრძელვადიანი კონტრაქტი გაფორმდება.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title