ყოველდღიური ძლიერი ქარი თბილისში - გარემოსდამცველები მიზეზებს განმარტავენ

ყოველდღიური ძლიერი ქარი თბილისში – გარემოსდამცველები მიზეზებს განმარტავენ

„დიდი რაოდენობით მაღალსართულიანმა შენობებმა და მდინარეების ხევების ათვისებამ, გარემო შეცვალა”

ყოველდღიური ქარები, თან იმდენად ძლიერი, რომ ხან ხეს მოგლიჯავს, ხან სახურავს გაიტაცებს – თბილისში ბევრი ამბობს, ასე ინტენსიურად ქარი არ გვახსოვს, თან ამ პერიოდშიო. ჩვენც ვცადეთ გაგვერკვია, რატომ არის თბილისში ასე ხშირად ძლიერი ქარი. ზოგადად, საქართველოს რეგიონებში ძლიერი ქარი ყოველწლიურად მილიონობით ლარის ზარალს იწვევს.

გაემოსდამცველებიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, ქარების ინტენსივნობამ და სიჩქარემ მართლაც მოიმატა.

„მწვანეთა მოძრაობის” თანადამფუძნებელი ნინო ჩხობაძე „პოლიტკომერსანტთან” საუბარში განმარტავს, რომ ქარებზე დაკვირვების სისტემა კარგად გამართული არ არის და ზუსტი მონაცემებიც ამიტომ არ არსებობს.

„ზოგადად ვხედავთ, რომ ქარების მიმართულება და სიჩქარე აშკარად შეცვლილია. ეს ძალიან ბევრ შემთხვევაში კლიმატის ცვლილების ფონზეა გამოწვეული. ზუსტად ვერ გეტყვით ქარების ინტენსივნობა რამდენით არის გაზრდილი, რადგან დაკვირვების სისტემა რამდენიმე წერტილში არსებოს და გაუმართავია. საჭიროა სისტემური და სხვა ტიპის მონიტორინგი, რომელიც სახელმწიფომ უნდა აწარმოოს და ქარების ვარდნის ახალი რუკა თავიდან უნდა შედგეს. ეს სისტემა შექმნილი იყო საბჭოთა პერიოდში და პრინციპში მისი შეცვლა არ მომხდარა. კარგია თუ მონიტორინგის სისტემა გაკეთდება და ზოგადად ყველა რეგიონისთვის ქარების მიმართულების და სიჩქარის შესწალა თავიდან მოხდება”,- ამბობს ნინო ჩხობაძე.

ქარების და ქარიშხლების ინტენსივნიბის ზრდაზე საუბრობს „მწვანეთა პარტიის” ლიდერი გია გაჩეჩილაძეც. „კიედვ ერთი უბედურება რაც შესასწავლილია, ეს არის ძლიერი ქარების და ქარიშხლების პრობლემა. საქართველოში ძლიერი ქარების და ქარიშხლების ინტენსივობა დაახლოებით 5-ჯერ არის გაზრდილი. ეს ძალიან დიდ ზარალთან არის დაკავშირებული. პარალელურად შავი ზღვის სანაპიროზე საგრძნობლად გაზრდილია შტორმების სიხშირეც”,- ამბობს გაჩეჩილაძე.

ნინო ჩხობაძის ვარაუდით, ქარების ინტენსივობის ცვლილიებას შესაძლებელია მაღალსართულიანი შენობები და მდინარეების კალაპოტების არასწორი ათვისაბაც იწვევდეს, ამიტომ გარემოსდამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ ამ კუთხით კველევები ჩატარდეს.

„ეს უკვე მარტო სახელმწიფოზე დამოკიდებული არ არის… ქარების მიმართულებისა და სიჩქარის ცვალებადობას ძალიან ბევრ შემთხვევაში იწვევს მაგალითად, მაღალსართულიანი შენობები. ქალაქში დიდი რაოდენობით გაჩენილმა მაღალსართულიანმა შენობებმა და მდინარეების ხევების ათვისებამ, გარემო ზოგადად შეცვალა. მაგალითად თბილისში ყველა მაღალსართულიანმა შენობამ რაღაცა ზემოქმედება შეიძლება იქონიოს გარემოზე. ოღონდ რა დოზით და როგორ და რამდენად მოახდინა სერიოზული ცვლილება ეს ძალიან ძნელი სათქმელია, ეს შესწავლის საგანია.

თუმცა, ზოგადად მთელ საქართველოში ქარების ინტენსივნობასთან დაკავშირებით, სიტუაცია არ შეცვლილა, დიდი გრადაციები და მიწისძვრები არ გვქონია რომ ცვლილება ყოფილიყო. ეს პრობლემა უფრო მეტად არის გლობალური კლიმატის ნაწილი. ქარების სიჩქარე აშკარად მომატებულია…”, -განმარტავს ჩხობაძე

„პოლიტკომერსანტს” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, რომ ქარების სიხშირის მონიტორინგი ხორციელდება, თუმცა იმდენი სადგური რამდენიც საბჭოთა პერიოდში არსებობდა, აღარ არის.

„მონიტორინგი რა თქმა უნდა ხორციელდება, მაგრამ ისეთი ქსელი როგორიც 30 წლის წინ გვქონდა, რომელიც მთელი საქართველოს ფარავდა, სამწუხაროდ აღარ არის. სადაც გვაქვს დაკვირვების პუნქტები იქ რა თქმა უნდა მონიტორინგი გრძელდება”,- განმარტეს მეტეოროლოგიის და კლიმატოლოგიის სამმართველოში.

სანამ, შესაძლებლობის ფარგლებში, მონიტორინგი ხორციელდება და სანამ, ამ ძლიერი ქარების გამომწვევ რელურ მიზეზს დავადგენთ, სიცივეს უნდა გავუძლოთ. გარდა ამისა, შეგვიძლია წინასწარ გავერკვეთ, უახლესი ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ქარიანი და წვიმიანი ადგილი საქართველოში სად იქნება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო მონაცემების თანახმად კი, საქართველოში ქარების ინტენსივნობის არა მატება, რამედ კლებაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნულ სააგენტოში შექმნილია „კლიმატის ცვლილების შესახებ საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინება”, სადაც კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პროგნოზებია განსაზღვრული.
დოკუმენტში საუბარია, რომ ქარის საშუალო წლიურმა სიჩქარემ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად დაიკლო და მათ შორის ყველაზე დიდი კლება ფოთში ფიქსირდება. „მომავალში, საუკუნის ბოლომდე საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე კლებას განაგრძობს. მთა-საბუეთზე საუკუნის ბოლოსათვის სიჩქარე ეცემა 9.2 ვ/წმ-დან 4.3 მ/წმ-მდე. ყველაზე მეტად ქარის საშუალო სიჩქარე იმატებს ახმეტაში, თუმცა საუკუნის ბოლოსათვის ყველაზე ქარიანი სადგურები მოსალოდნელია იყოს ქუთაისი, ბათუმი და გოდერძი”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ამავე „ეროვნულ შეტყობინებაში” ნალექების პროგნოზზეცაა საუბარი. დოკუმენტის თანახმად, ყველაზე უხვნალექიან ადგილად საქართველოში მომვალი 100 წლის განმავლობაში კვლავ აჭარის სანაპირო დარჩება.

„ნალექების წლიური ჯამების განაწილების თავისებურება მომავლის პროგნოზშიც უცვლელია. კერძოდ, ყველაზე ნალექიანი აჭარის სანაპირო ზოლი იყო (2 300 მმ და ზემოთ) და მიმდინარე ცვლილების პირობებშიც და 2100 წლისთვისაც ასე რჩება. აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე უხვნალექიანი – 1 101 მმ მთა-საბუეთია. ასევე აღმოსავლეთ საქართველოში სხვა სადგურებთან შედარებით ნალექების ჯამი მაღალია ფასანაურში, ლაგოდეხსა და ყვარელში. მომავალშიც ეს ტენდენცია შენარჩუნდება. ისევე, როგორც უმცირესი ნალექის რაოდენობა ქვემო ქართლში”, – აღნიშნულია დოკუმენტში.

politcommersant.ge

თამთა ვირსალაძე

 

Leave a Reply

Menu Title