ტარიფის სუბსიდირების გამო ნავთობისა და გაზის კორპორაციას მაღალი რისკის სტატუსი მიანიჭეს

ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 2021 წელს 137.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღო. რომ არა სახელმწიფო საწარმოს კვაზი ფისკალური ვალდებულებები, კომპანიის ფინანსური მაჩვენებელი 302 მლნ ლარით მეტი იქნებოდა.

სწორედ ეს თანხა უჯდება კორპორაციას გაზის ტარიფის სუბსიდირება. კერძოდ, 2013 წლიდან სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახდენს საყოფაცხოვრებო გაზის სექტორის მომხმარებელთა ტარიფის სუბსიდირებას, რაც კომპანიის შესაძლო მისაღებ მოგებას ამცირებს.

პანდემიის გამო მოსახლეობის მხარდაჭერისთვის სოციალური ტარიფის საშუალო გასაყიდი ფასი გასულ წელს  52.5 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე შემცირდა. 2020 წელს  სოციალური ტარიფი შემცირებული იყო 40.5 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე, ხოლო ანალოგიური მაჩვენებელი 2019 წელს 25.4 აშშ დოლარით ათას კუბ. მეტრზე.
2022 წლისთვის კომპანიის მიერ საყოფაცხოვრებო სექტორის გაზის მომხმარებლის ტარიფის სუბსიდირების შედეგად მოსალოდნელია 220 მლნ ლარით ნაკლები შემოსავლის მიღება.

სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც კორპორაცია ფინანსთა სამინისტრომ რისკიან საწარმოდ მიიჩნია.
„2021 წლის ფინანსურ კოეფიციენტებზე დაყრდნობით სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია არის  საშუალო რისკიანი, თუმცა მას მიენიჭა მაღალი რისკის სტატუსი დიდი მოცულობის კვაზი-ფისკალური რისკების გამო. კერძოდ, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მკვეთრად იზრდება ფინანსური ტვირთი, რომელიც კორპორაციის მიერ საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფების შენარჩუნებას უკავშირდება“, – განმარტავს ფინანსთა სამინისტრო.

წყარო: gbc.ge

Leave a Reply

Menu Title