ნიკოლოზ ანთიძე: “მნიშვნელოვანია აფხაზური მხარე დარწმუნდეს “ენგური ატრაქციის” წარმატებაში”

ცოტა ხნის წინ “ენგურჰესი” კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში არცთუ სასიამოვნო კუთხით – წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა, რაც ასე ადრე პირველად მოხდა. მთავარი მიზეზი კვლავაც აფხაზეთია, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება.

თუმცა, ამჯერად “ენგურჰესის” არაპირდაპირ დანიშნულებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, საუბარია ობიექტის ტურისტულ მნიშვნელობასა და როლზე.

2021 წლის ნოემბერში, „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და მისმა შვილობილმა კომპანიამ ენგურის ატრაქციამ დაიწყეს.

იმავე წლის დეკემბერში კი „ენგურჰესის“ თაღოვანი კაშხალი ოფიციალურად „ევროპის საბჭოს, კულტურული მარშრუტების პროგრამის, ევროპის ინდუსტრიული მემკვიდრეობის მარშრუტის“ სერთიფიცირებული წევრი გახდა. ის საქართველოდან პირველი ობიექტია, რომელიც ხსენებულ მარშრუტში გაწევრიანდა.

ცოტა ხნის წინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია შპს „ენგური ატრაქციის“ ენერგეტიკის განვითარების ფონდიდან შპს „ენგურჰესის“ დაქვემდებარებაში გადასვლის თაობაზეც.

მიზეზად ბიუროკრატიისა და ოპერირების პროცესების გამარტივება დასახელდა.

ობიექტის მომავალი გეგმებისა და სიახლების შესახებ “ენერგონიუსი” შპს „ენგური ატრაქციის“ დირექტორს ნიკოლოზ ანთიძეს ესაუბრა:

 

რა სანახაობას სთავაზობს “ენგურჰესი” ვიზიტორებს?

ტურისტულ მარშრუტზე, რომელსაც პროფესიონალი გიდი უძღვება, ვიზიტორებს საშუალება აქვთ, მოინახულონ თაღოვანი კაშხლის განსაკუთრებით საინტერესო მონაკვეთები, რომლებიც აქამდე დამთვალიერებლისთვის მიუწვდომელი იყო.

ტურისტული მარშრუტის ხანგრძლივობა დაახლოებით 2 საათს შეადგენს, რა დროსაც, სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ: კაშხლის ხიდი (გადასახედი), დისკური ფარების შენობა, კაშხლის 315-ე ნიშნულზე არსებული გვირაბი, სადაც ახსნილი იქნება კაშხლის სტრუქტურა და მისი გამორჩეული საინჟინრო თვისებები, ასევე მოინახულებენ ინჟინრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს პერიმეტრალურ გვირაბსა და კაშხლის ფარების განყოფილებას, რომელიც წყალსაცავში წყლის დონეს არეგულირებს.

ვიზიტორები შეიმეცნებენ თაღოვანი კაშხლის მოწყობის განსაკუთრებულ თავისებურებებს და გაეცნობიან ჰიდრორესურსების გამოყენებით ენერგიის წარმოშობის მთავარ ასპექტებს.

       ნიკოლოზ ანთიძე

მნიშვნელოვანია ასევე, რომ ჩვენ ამ ვიზიტის ფარგლებში ვათვალიერებთ არა მარტო კაშხალს და მის მიმდებარე ტერიტორიას, არამედ “ენგურჰესის“ იმ მნიშვნელოვან ადგილებს როგორიცაა, მაგალითად აკვედუკი, ერთ-ერთი უზარმაზარი და დიდი ბეტონის ხიდი, რაზეც გადადის წყალი, რომელიც მოემართება მიწისქვეშა ჰიდროელექტროსადგურისთვის.

ეს ნაგებობა მართლა გამორჩეულია, რომელსაც წყლის მატება დაკლებასთან ერთად აქვს ამპლიტუდა, გადახრა. ამ ნაგებობაში ძალიან ბევრი საინჟინრო ღირებულებაა ჩადებული, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ქართველი ინჟინრები, რომლებიც ამას აპროექტებდნენ, ფუნდამენტურ მეცნიერებაზე დაყრდნობით აკეთებდნენ ყველაფერს იმ პერიოდში.

ტურით სარგებლობა შესაძლებელია კვირის ნებისმიერ დღეს, ორშაბათის გარდა (სამშაბათი-კვირა). სამუშაო საათები: 11:00 სთ-დან – 5:00 სთ-მდე. ფასებს რაც შეეხება, ჯერჯერობით, არ შეგვიცვლია: ფეხით მოსიარულეებისთვის – 2 ლარი, მოკლე ტური – 10 ლარი, გრძელი ტური – 20 ლარი.

 

ხომ არ იგეგმება აფხაზურ მხარესთან ერთობლივი ტურების მოწყობა?

ნებისმიერს შეუძლია ტურში მონაწილეობა, მათ შორის აფხაზური მხრიდან. ჩვენი მათი პროექტში ჩართვის მომხრეები ვართ, მით უმეტეს, რომ ენგურჰესის მეორე ნაწილი, რომელიც აფხაზურ მხარეს მდებარეობს, არანაკლებ სანახაობრივი და შთამბეჭდავია. ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, რომ ამ ობიექტს -“ენგურჰესს” შეუძლია ტურისტული თვალსაზრისითაც გარკვეული დიალოგის პლატფორმა გახდეს აფხაზურ მხარესთან.

თუმცა, ამისთვის მნიშვნელოვანია აფხაზური მხარე დარწმუნდეს “ენგური ატრაქციის” წარმატებაში, რადგან ისინი ყურადღებით გვაკვირდებიან. ამის დამადასტურებელად ის ფაქტიც შეიძლება მოვიყვანოთ, როდესაც ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ნაგეგბობას მივანიჭეთ კულტურული ძეგლის სტატუსი, მათაც “მოგვბაძეს” და თავადაც იგივე გააკეთეს მათ მიერ კოტროლირებად ნაწილთან მიმართებაში.

მაგალითად, ძალიან კარგია, რომ სტუმრების რაოდენობა ძალიან გაიზარდა და კაშხალს მაისის დასაწყისიდან ნოემბრის დასაწყისის ჩათვლით, 35 ათასამდე ვიზიტორი ეწვია. სხვა დანარჩენთან ერთად, აღნიშნული მიზნითაც უნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ხსენებული მაჩვენებელი.

 

კიდევ უფრო დიდი რაოდენობის ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, თუ იგეგმება სიახლეების ან დამატებეითი ატრაქციების დანერგვა?

საფოსტო მარკა, რომელზეც გამოსახულია ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი

ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი უკვე მომზადდა და ნაწილის მომზადება მიმდინარეობს, იგეგმება  “ენგურჰესის” გვირაბში სამი მუზეუმის მოწყობა იგეგმება. მათგან ერთში ფილმის ჩვენება გაიმართება, მეორე ენერგიის წარმოქმნის დაკვირვებას უზრუნველყოფს, ხოლო მესამეს მეშვეობით ვირტუალური ტური ჩატარდება ენგურჰესის იმ ნაწილში, საბერიოში, რომელიც აფხაზეთის რეგიონში მდებარეობს.

ასევე, დაგეგმილია ვიზიტორთა ცენტრის გახსნა, სადაც სტუმრებს განაგხლებადი ენერგიის წყაროების შესახებ მოვუყვებით. გარდა ამისა, ვამზადებთ ანიმაციურ ფილმს “ენგურჰესზე”.

 

ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ ჰუვერის ცნობილი კაშხლიდან ელით წარმოამდგენლების სტუმრობას, რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს?

ამერიკის საელჩოს შუამავლობითა და დახმარებით, იგეგმება მათი ვიზიტი “ენგურჰესზე”. გაფორმებული მემეორანდუმის თანახმად, წარმომადგენლები ჰუვერის ცნობილი კაშხლიდან დაგვეხმარებიან ვიზიტორთა ნაკადების სწორად მართვისა და უსაფრთხოების ზომების დაგეგმვის კუთხით. როგორც იცით, მათ დიდი გამოცდილება აქვთ აღნიშნული მიმართულებით.

 

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title