ირანი ურანის გამდიდრებას 60%-მდე ზრდის

ირანმა დაიწყო ურანის 60%-მდე გამდიდრება ფორდოს მიწისქვეშა ქარხანაში. ამ ინფორმაციას ირანული ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ISNA 22 ნოემბერს ავრცელებს.

ამის შესახებ ირანის ხელისუფლებამ უკვე გაუგზავნა შეტყობინება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA).

ასევე ცნობილია, რომ დამონტაჟდა დამატებითი ცენტრიფუგები ფორდოსა და ნეტანზეს ობიექტებში. ირანი სხვა ატომურ სადგურზე უკვე ამდიდრებს ურანს 60%-მდე. 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების მიხედვით, ირანს არ აქვს 3,67%-ზე მეტი ურანის გამდიდრების უფლება.

ბირთვული იარაღის წარმოებისთვის საჭიროა ურანის 90%-მდე გამდიდრება.

საერთაშორისო ბირთვულმა შეთანხმებამ მოქმედება რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა შეერთებული შტატების ცალმხრივი გასვლის შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.

ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევნის შემდეგ შეტანხმების აღდგენაზე მოლაპარაკებები უშედეგოდ მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ, ირანში ურანის კვალი სამ არადეკლარირებულ ადგილზე აღმოაჩინეს. ამასთან დაკავშირებით, IAEA-ს მმართველთა საბჭომ 17 ნოემბერს მიიღო შეერთებული შტატების და ევროპული სამეულის რეზოლუცია, რომელიც ითხოვს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

გარდა ამისა, IAEA-მ ირანისგან მოითხოვა დაუყოვნებლივ აეხსნა არადეკლარირებული ობიექტებზე აღმოჩენილი ბირთვული მასალის წარმოშობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდება და ამ ობიექტებზე წვდომა.

ირანული სააგენტო ISNA წერს, რომ თეირანმა ფორდოს ქარხანაში ურანის 60%-მდე გამდიდრების შესახებ გადაწყვეტილება, ამ რეზოლუციის საპასუხოდ მიიღო.

Leave a Reply

Menu Title