COP27: გაეროს კლიმატის სამიტის მთავარი საკითხები და შეთანხმებები

ეგვიპტეში, შარმ-ალ-შეიხში, გაეროს კლიმატის ყოველწლიური სამიტი დასრულდა. შეხვედრებზე, რომელთაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერები და ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდებები იმ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისკენ, რომელთაც კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის პროცესში გარდამტეხი როლი აკისრიათ.

გაეროს სამიტზე განსახილველ ძირითად თემებს 2022 წლის მთავარი საკითხებიც დაემატა, მათ შორის: უკრაინაში მიმდინარე ომი, გლობალური ინფლაცია, კორონავირუსის შედეგები და, რა თქმა უნდა, გლობალურად დაფიქსირებული კლიმატური კატასტროფების მზარდი რაოდენობა. ჩამოთვლილი საკითხები, მთელი წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ქვეყნების მხრიდან, წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების პროცესზე. ამ ყველაფერთან ერთად კი, როგორც მოსალოდნელი იყო, 2022 წლის სამიტზეც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად „ზიანისა და ზარალის“ კომპენსაციის ვალდებულება იქცა.

 „ზიანისა და ზარალის“ კომპენსაცია

უკვე სამი ათწლეულია, რაც პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოები და ღარიბი ქვეყნები, მსოფლიოს მდიდარი ნაწილისგან სწორედ იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც მათ განვითარებული სახელმწიფოების მიერ გამოყოფილი გამონაბოლქვის შედეგად ადგებათ. კლიმატის ცვლილებებისთვის კომპენსაცია წლევანდელი სამიტის ოფიციალურ დღის წესრიგშიც მოხვდა. მდიდარმა ქვეყნებმა კომპენსაციის მომთხოვნ სახელმწიფოებს ადრეული გაფრთხილების სისტემები და დაზღვევა შესთავაზეს, განვითარებად ქვეყნებს კი ახალი სპეციალური ფონდის შექმნა ჰქონდათ გადაწყვეტილი.

ევროკავშირმა ფონდის მხარდაჭერისთვის რამდენიმე კრიტერიუმი წამოაყენა: დონორთა ბაზის გაფართოება, ყველაზე დაუცველი განვითარებადი ქვეყნებისაკენ მიმართული დაფინანსების უზრუნველყოფა და COP27-ის შეთანხმება ემისიების შესამცირებლად უფრო ძლიერ მოქმედებებზე.

პირობები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და განვითარებადმა ქვეყნებმა შემოთავაზება მიიღეს. შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვა მდიდარი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, დააარსონ ფონდი „ზიანისა და ზარალის“ მოთხოვნაზე რეაგირებისთვის. ახლა უკვე გარდამავალი კომიტეტი შეისწავლის დაფინანსების მოცულობისა და მისი მიღების საკითხებს, ასევე დონორთა ბაზის გაფართოებას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და კატარი.

დაფინანსების ნაწილი „არსებული დაფინანსების შეთანხმების“ საშუალებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ასეთია, მაგალითად, განვითარების ბანკები და ქვეყნებისთვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება. „ინოვაციურ წყაროებში“ წიაღისეულ საწვავზე, ავიაციასა და გადაზიდვებზე გადასახადები განიხილება.

1.5°C

2015 წლის შეთანხმება ორ ძირითად ტემპერატურულ მიზანს ეფუძნებოდა. პირველი –  შეენარჩუნებინა ტემპერატურული ზრდა პრეისტორიულ დონესთან შედარებით 2°C-ზე დაბლა და 1.5°C-მდე შეზღუდვის შესაძლებლობაზე ემუშავა. თუმცა მალევე კლიმატის მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ 2 გრადუსი მსოფლიოსთვის უსაფრთხო არ იყო და გარდაუვალი კლიმატური ზემოქმედებების ასაცილებლად, ტემპერატურული მატება 1.5 გრადუსამდე უნდა შეზღუდულიყო. 1.5 გრადუსამდე ტემპერატურული შეზღუდვა სათბური აირების ემისიებს 2040 წლისთვის, 2019 წლის დონესთან შედარებით 43%-ით შეამცირებს. შედეგად, ეგვიპტის კლიმატის სამიტზეც, როგორც წინა შეხვედრებზე, ქვეყნებმა მრავალგზის ხაზი გაუსვეს ტემპერატურული ზრდის ლიმიტის შეზღუდვის აუცილებლობას კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის პროცესში.

წიაღისეული საწვავი

გასულ წელს, გლაზგოში, COP26-ზე, ქვეყნებმა მკაფიოდ დასვეს ტემპერატურული ზრდის 1.5 გრადუსამდე შენარჩუნების საკითხი, როგორც ის თავდაპირველად, 2015 წლის პარიზის შეთანხმებით განისაზღვრა. COP26-ზე სახელმწიფოთა ლიდერებმა ქვანახშირი ტემპერატურული მატების რეალურ გამომწვევ მიზეზად დაასახელეს და მისი გამოყენების ეტაპობრივ შეზღუდვაზეც შეთანხმდნენ. Cop27-ზე, ქვეყნების ნაწილი, მათ შორის ინდოეთი, წიაღისეული საწვავის გამოყენების ეტაპობრივი შეწყვეტის ვალდებულების მიღებას ითხოვდა. საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, საბოლოოდ კი Cop27-ის ტექსტში კვლავ გლაზგოს რეზოლუციად დარჩა.

ბუნებრივი აირი

Cop27-ის საბოლოო ტექსტი შეიცავს დებულებას „დაბალი ემისიების ენერგიის“ გაზრდის შესახებ. ამას კი ფართო განსაზღვრება აქვს და შესაძლოა მოიცავდეს ქარის, მზისა და ბირთვული რეაქტორების ენერგიას, ასევე ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურებსაც, რომლებიც აღჭურვილია ნახშირბადის დაჭერისა და შენახვის ტექნოლოგიებით. „დაბალი ემისიების ენერგია“ შეიძლება განიმარტოს როგორც ბუნებრივი აირიც, რომელსაც ნახშირზე ნაკლები გამონაბოლქვი აქვს, თუმცა მაინც ძირითადად წიაღისეულ საწვავის კატეგორიაში გადის. საინტერესოა, რომ ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით აფრიკიდან, ეგვიპტეში, ბუნებრივი აირის მოგებიანი გარიგებების დასადებადაც ჩავიდა.

მსოფლიო ბანკის რეფორმა

განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მზარდი რაოდენობა მსოფლიო ბანკსა და სხვა საჯარო საფინანსო ინსტიტუტებში დაუყოვნებლივი რეფორმების მომხრეა. მათივე განცხადებით, აღნიშნული საფინანსო ორგანიზაციები ვერ უზრუნველყოფენ საჭირო დაფინანსებას ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ ემისიების შემცირება და კლიმატურ კრიზისთან ადაპტაცია. Cop27-ზე ყველაზე ფართოდ განხილულ რეფორმებს შორის განვითარების ბანკების რეკაპიტალიზაციის საკითხი მოხვდა. აღსანიშნავია, რომ კლიმატთან დაკავშირებული საკითხების ეკონომისტის ნიკოლას სტერნის გამოთვლით, განვითარებად სამყაროს, კრიზისთან საბრძოლველად, 2030 წლის შემდეგ, ყოველწლიურად $2.4 ტრილიონი დასჭირდება.

ადაპტაცია

წყალდიდობისგან დამცავი საშუალებების აშენება, ჭაობების შენარჩუნება, ტყეების აღდგენა – იმ ზომებს შორისაა, რომლებიც მსოფლიოს კლიმატურ კრიზისთან ადაპტაციაში დაეხმარება. თუმცა ღარიბი ქვეყნებისთვის, მსგავსი აქტივობებისთვის,  დაფინანსების მოპოვება ძალიან რთულია. მდიდარი ქვეყნების მიერ დაპირებული $100 მილიარდიდან კი მხოლოდ $20 მილიარდი ხმარდება ადაპტაციის საკითხებს. გლაზგოში ქვეყნები ამ პროპორციის გაორმაგებაზე შეთანხმდნენ, ეგვიპტეში კი ადაპტაციისთვის თანხის გაორმაგების საჭიროება კიდევ ერთხელ დადასტურდა.

რიგი შეთანხმებები

ეგვიპტეში გამართული კლიმატის სამიტის ფარგლებში, ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნები, ოფშორული ქარის ენერგიის გასაძლიერებლად, საერთაშორისო ალიანსს შეუერთდნენ. ქვეყნებს შორის, რომელთაც „გლობალური ოფშორული ქარის ალიანსს“ (GOWA) ხელი მოაწერეს, არიან: ბელგია, კოლუმბია, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. ცნობისთვის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) თანახმად, 2050 წელს, ოფშორული ქარისგან მიღებულმა სიმძლავრემ 2,000 გიგავატს უნდა გადააჭარბოს, რათა გლობალური დათბობის შენარჩუნება 1.5°C-მდე მოხერხდეს და მსოფლიომ კლიმატური კატასტროფა თავიდან აიცილოს.

ქვეყნებმა, რომლებიც გლობალური ეკონომიკის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ, სატრანსპორტო, ფოლადისა და ელექტროენერგიის სექტორებიდან გამოყოფილი ემისიების შემცირების დასაჩქარებლად, ახალი ქმედებები შეათანხმეს. ეგვიპტეში გამართულ გაეროს კლიმატურ სამიტზე შეთანხმებული ოცდახუთი „პრიორიტეტული ქმედების“ (“Priority Actions”) მხარდამჭერებს შორის ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, იაპონია და კანადა არიან.

არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ეგვიპტის პრეზიდენტებმა მსოფლიოში ქარის ერთ-ერთი უდიდესი ელექტროსადგურის პროექტის განხორციელებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს. საინფორმაციო სააგენტო WAM-ის ცნობით, ურთიერთგაგების მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების ენერგეტიკულ ფირმა Masdar-სა და ეგვიპტის განახლებადი ენერგიის მთავარ დეველოპერ Infinity-ისა და Hassan Allam Utilities-ს შორის გაფორმდა. 10-გიგავატიანი სიმძლავრის ახალი პროექტი ყოველწლიურად 47,790 გვტ/სთ სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს.

ბოლოს კი, უკანასკნელ ორ კვირაში კლიმატური მიმართულებით უმნიშვნელოვანესი აშშ-ჩინეთის ურთიერთობის აღდგენა და კლიმატურ კრიზისთან ბრძოლის ლიდერად ბრაზილიის „დაბრუნება“ აღმოჩნდა. COP27-ის მეორე კვირას G20-ის ლიდერების შეხვედრა დაემთხვა, სადაც სახელმწიფოთა ხელმძღვანელებს შორის განხილულ უმთავრეს საკითხებს შორის კლიმატური კრიზისიც მოხვდა. შეხვედრაზე G20-ის ლიდერები გლობალური ტემპერატურის მატების 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შენარჩუნებისა და ქვანახშირის გამოყენების ეტაპობრივი შეჩერების დაჩქარების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

G20-ის სამიტი ყურადღების ცენტრში იყო შარმ-ალ-შეიხში, გაეროს კლიმატის ყოველწლიურ სამიტზე. COP27-ზე მყოფი დელეგატები შეხვედრაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს გულდასმით აკვირდებოდნენ, რათა შეესწავლათ განვითარებული ქვეყნების მზადყოფნა კლიმატური ვალდებულებების გაძლიერებასთან დაკავშირებით. სამიტზე, 2017 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შედგა. ჯო ბაიდენი და სი ძინპინი, სხვა საკითხებთან ერთად, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის აღდგენაზე შეთანხმდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ დიალოგის მექანიზმების განახლების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, ქვეყნებს შორის, მაღალი თანამდებობის პირების დონეზე, კომუნიკაციების გაძლიერების სურვილი ორივე მხარემ გამოთქვა. მსოფლიოს ორ უმსხვილეს დამბინძურებელს შორის დიალოგის აღდგენას დადებითად შეხვდნენ კლიმატის დამცველები მთელ მსოფლიოში.

ბრაზილიის დაბრუნება კი, გასულ თვეში, საპრეზიდენტო არჩევნებში ჟაირ ბოლსონარუს დამარცხებასა და ყოფილი პრეზიდენტის, ინასიო დე ლულას დაბრუნებას უკავშირდება. ლულას წარმომადგენლები ეგვიპტეში კლიმატურ სამიტზეც იმყოფებოდნენ, თუმცა ტროპიკული ტყეების ქვეყნებს შორის შეთანხმებას ხელი ინდონეზიაში მოეწერა. სამმხრივ ალიანსში, ჯუნგლების შენარჩუნებაზე თანამშრომლობისთვის, ბრაზილია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ინდონეზია არიან გაწევრიანებულნი. ბრაზილიის პრეზიდენტ ლულას წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ ამაზონის აუზის დაცვის საკითხში სხვა ქვეყნების ჩართვასაც შეეცდებოდა.  „მე მჯერა, რომ ამაზონის დაცვის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევთ კლიმატურ უსაფრთხოებას“, – განაცხადა მან.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title