ენერგეტიკის სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა

ენერგეტიკის სექტორის დარგობრივი უნარების ორგანიზაციის (დუო) ჩამოყალიბების მიზნით საქართველოში პროფესიული უნარების სააგენტოს ხელშეწყობით დუოს საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა.
დუო სექტორში პროფესიული განათლების განვითარებაზე იმუშავებს. კერძოდ, მოხდება სექტორში უნარებთან დაკავშირებული საჭიროებების იდენტიფიცირება, დარგში შესაბამისი კვალიფიკაციების განვითარება და დანერგვის მხარდაჭერა.
„ენერგეტიკის სექტორში კვალიფიციური კადრების დეფიციტი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ხშირ შემთხვევაში ბიზნესს უჭირს ადგილობრივი მუშახელის დაქირავება, საჭირო ხდება თანამშრომლების საზღვარგარეთიდან ჩამოყვანა. გარდა ამისა, არსებული მონაცემების მიხედვით, მომდევნო 5 წლის განმავლობაში დარგში მოღვაწე ადამიანების ერთი მეხუთედი საპენსიო ასაკში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ გვმართებს, ვიმოქმედოთ სწრაფად, რათა სექტორს ახალი პროფესიონალები შეემატოს,“ – განაცხადა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.
მემორანდუმს ამჟამად ოთხი ხელმომწერი ჰყავს: საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), მზის ენერგიის ასოციაცია, საქართველოს ქარის ენერგიის ასოციაცია „ვინდ ჯორჯია“ და ენერგოეფექტურობის ცენტრი. სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება.
ინიციატივის მხარდამჭერი პროფესიული უნარების სააგენტო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან ერთად პროფესიული განათლების განვითარებისა და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელების მიზნით დააარსეს.

Leave a Reply

Menu Title