ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს, მუხთარ ბაბაევს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ოთარ შამუგიამ ქვეყნებს შორის მრავალწლიანი კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი მიმართულებით საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„გარემოს დაცვა ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მოგეხსენებათ, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე აზერბაიჯანიდან შემოყვანილი ქურციკების პოპულაციის ზრდის ხელშეწყობის პროექტი. ვფიქრობ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნებისა და რეგიონისთვის არაერთ სასარგებლო ღონისძიებას განვახორციელებთ“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მუხთარ ბაბაევმა მადლობა გადაუხადა მინისტრს საიმედო პარტნიორობისთვის და წყლის რესურსების, ტყის მდგრადი მართვის და ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

„საქართველოს გარემოსდაცვითი კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს. საუბარი ეხება სატყეო რეფორმის, წყლის რესურსების მართვის და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხებს. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება საყოველთაო პრობლემაა. ვფიქრობ, გამოცდილების გაზიარებით შევძლებთ ურთიერთსასარგებლო და ეფექტიან თანამშრომლობას“, – განაცხადა მუხთარ ბაბაევმა.

შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დელეგაციის წევრები, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები – ნინო თანდილაშვილი, იური ნოზაძე, კახა კაკაბაძე და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც დაცული ტერიტორიების საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით მართვას, ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვასა და კონსერვაციას ითვალისწინებს.

Leave a Reply

Menu Title