36-37 დოლარი 1 ბარელზე - როგორ შეცვლის რუსეთის პოლიტიკას ნავთობის გაიაფება

„ლუკოილს“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ექსპორტი აეკრძალა – ევროკავშირის ემბარგო

რუსული „ლუკოილი“ დასავლეთის სანქციების გამო დეკემბრიდან კასპიის ნავთობის საბადოებიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტს შეწყვეტს და მას კასპიის მილსადენის კონსორციუმის (CPC) სისტემაზე გადაიტანს. ინფორმაციას Reuters ამ საკითხის მცოდნე ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება ევროკავშირის ემბარგოს უკავშირდება, რომელიც 5 დეკემბრიდან ევროპელ მყიდველებს რუსული ნავთობის შეძენასა და ტრანსპორტირებას უკრძალავს. ემბარგო კასპიის მილსადენის კონსორციუმს არ შეეხება, რომელიც ყაზახეთის ნავთობის ძირითადი საექსპორტო მარშრუტია.

ერთ-ერთმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ „რუსული ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენს სანქციების გამო ტოვებს,“ ხოლო მეორე წყარო, რომელიც საკითხის სენსიტიურობის გამო ანონიმურობის პირობით საუბრობს, სააგენტოს უდასტურებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მილსადენის აქციონერების მხრიდან მომდინარეობს.

„ლუკოილი“ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ნავთობის ტრანსპორტირებას კასპიის ზღვის საკუთარი საბადოებიდან, „იური კორჩაგინიდან“ და „ფილანოვსკიდან“ ეწევა. ექსპორტირებული მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 2 მილიონ ტონას შეადგენს.

რაც შეეხება კასპიის მილსადენის კონსორციუმს, „ლუკოილის“ ნავთობის ექსპორტი CPC-ის მეშვეობით ნოემბრის 364 000 ტონიდან დეკემბერში 660 000 ტონამდე იზრდება, რასაც დეკემბრის წინასწარი ჩატვირთვის გეგმა და Reuters-ის გამოთვლები ასახავს.

„ლუკოილმა“ და CPC-მა სააგენტოსთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს. Reuters-ს არც SOCAR-მა უპასუხა, რომელიც რუსული კომპანიის ნავთობს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირებისთვის ყიდულობდა. ბრიტანული კომპანია BP, რომელიც ამ მილსადენის კონსორციუმს ხელმძღვანელობს, Reuters-სთან კომენტარს არ აკეთებს.

როგორც ცნობილია, კასპიის მილსადენის კონსორციუმით (CPC) ექპორტირებული მთლიანი მოცულობის 80%-ზე მეტს ყაზახური ნავთობი შეადგენს, ხოლო რუსული ნავთობის წილი, დაახლოებით, 10%-ია.

Reuters-ის მონაცემებით, CPC Blend-კლასზე, რომლის ექსპორტიც CPC-ის მილსადენით ხდება, ამჟამად მნიშვნელოვანი ფასდაკლება მოქმედებს, ვიდრე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით ექსპორტირებული აზერბაიჯანულ ნავთობის ფასია.

სააგენტო წერს, რომ „ბაქო-თბილის-ჯეიჰანის მილსადენს დღეში მილიონი ბარელი ნავთობის გამტარუნარიანობა აქვს, თუმცა სრულად არ გამოიყენება და წელს მისი დღიური ექსპორტი 660 000 ბარელით არის დაგეგმილი.

Reuters ამ მილსასდენით აზერბაიჯანული ნავთობის ძირითად ექსპორტიორებს შორის აზერბაიჯანულ SOCAR-სა და ბრიტანულ BP-ს ასახელებს. სააგენტოს ცნობით, მილსადენით აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტს, ასევე, უნგრული კომპანია, MOL, Exxon და თურქული TPAO ეწევა.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title