რომეო მიქაუტაძე: ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით

ჰიბრიდული ტიპის ელექტროსადგურის მშენებლობა კარგია იმიტომ, რომ განახლებადი ენერგიები დაემატება ქვეყანას და ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიმართულება, ხოლო, მეორე მხრივ, ახდენს ასეთი ტიპის ელექტროსადგურების პოპულარიზებას, რომლებიც ევროპაში ძალიან გავრცელებულია,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამასა და საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას (GRPC) შორის თანამშრომლობის წერილზე ხელმოწერის შემდეგ. შედეგად, გორში, საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის კუთვნილი 21 მგვტ სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურთან 5 მგვტ სიმძლავრის მზის სადგური აშენდება და შეავსებს ელექტროენერგიის გამომუშავებას ქარის დაბალი სიჩქარის პერიოდში.

საპილოტე პროექტის განვითარებისთვის USAID-ი ტექნიკურ და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიას. ამასთანავე, ორივე მხარე ხელს შეუწყობს პოტენციური პროექტების განვითარებას, რომლებიც კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდით მოიზიდავს ინვესტიციებს საქართველოს განახლებად ენერგიაში.

„ელექტროენერგეტიკა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც უდიდესი გავლენა აქვს სოციალურ სფეროსა და ქვეყნის მოსახლეობაზე. ქვეყნის მოსახლეობისა და ბიზნესის სექტორის უსაფრთხო, სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიით უზრუნველყოფა მზარდი მოხმარების გათვალისწინებით, ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ ძირითადი წინაპირობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენი, როგორც ქვეყანაში ენერგეტიკული პოლიტიკის გამტარებლების, ძირითადი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც ნიშნავს ადეკვატური და საიმედო ენერგეტიკული წყაროების არსებობას,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მთავრობა გააგრძელებს ინვესტიციების მოზიდვას ენერგეტიკულ სექტორში ეკონომიკურად მიმზიდველი და ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ენერგიის პროექტების განვითარების მიზნით. „ჰიდრორესურსების ეფექტური გამოყენება, ახალი ჰიდროელექტროსადგურების, ქარისა და მზის სადგურების და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად ენერგეტიკულ განვითარებას და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,“ – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ

Leave a Reply

Menu Title