უკრაინის ენერგოსისტემის სტაბილიზაციას რამდენიმე დღე დასჭირდება

უკრაინის ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი, მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ ენერგოსისტემის სტაბილიზაციას რამდენიმე დღე დასჭირდება. უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, „უკრენერგოს“ ხელმძღვანელ ვოლოდიმირ კუდრიცკის ინფორმაციით, 5 დეკემბერს, 70-ზე მეტი რუსული რაკეტიდან 10-მდე სამიზნეებს მოხვდა და მნიშვნელოვნად დააზიანა ელექტროსადგურები და ქვესადგურები.

კუდრიცკი ვარაუდობს, რომ სამშაბათის ჩათვლით ენერგოსისტემაში დეფიციტი იქნება, სანამ ავარიულად გათიშული ენერგობლოკები სიმძლავრეს აღიდგენენ და ამის შემდეგ სიტუაციის სტაბილიზაცია დაიწყება. ვითარება რთულია უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ოდესაში. ვოლოდიმირ კუდრიცკის ინფორმაციით, კვების სარეზერვო სქემებს იყენებენ იმისთვის, რომ ელექტროენერგია მიაწოდონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებს.

5 დეკემბერს, რუსეთის სამხედრო ძალებმა, ბოლო ორ თვეში მერვე მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ენერგოობიექტებზე ოდესის, კიევის, ვინიცის, პოლტავის, დნეპროპეტროვსკის და სხვა ოლქებში. დაიღუპა 4 ადამიანი.

რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებზე მასირებული სარაკეტო დარტყმები 10 ოქტომბრიდან დაიწყო. ენერგოსისტემის მნიშვნელოვნად დაზიანების გამო, უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი დააწესეს, თუმცა, ყოველი შეტევის შემდეგ, მწყობრიდან გამოსული სისტემის სტაბილიზაციამდე გრაფიკის დაცვა შეუძლებელი ხდება და ე.წ. ავარიული გათიშვა იწყება.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ინფორმაციით, 5 დეკემბერს რუსეთმა ისროლა 70-ზე მეტი ფრთოსანი და მართვადი საავიაციო რაკეტა, საიდანაც 60-ზე მეტი უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. სარდლობის თანახმად, 38 ფრთოსანი რაკეტა ნასროლი იყო კასპიის ზღვის და როსტოვის ოლქის რაიონებიდან, რუსეთის 8 სტრატეგიული ბომბდამშენიდან ტუ-95.

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასირებული სარაკეტო შეტევა 5 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში განახორციელა. რამდენიმე საათით ადრე, რუსული მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთის რიაზანის და სარატოვის ოლქებში მდებარე სამხედრო ბაზების აეროდრომებზე მოხდა თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, დაიღუპა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა სტრატეგიული ბომბდამშენები ტუ-95.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მხოლოდ ღამით დაადასტურა და შეტევაში უკრაინა დაადანაშაულა. უკრაინას ოფიციალურად ამ დრომდე არ განუცხადებია, რომ რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე დარტყმები განახორციელა. გამოცემა „უკრაინსკა პრავდას“ ინფორმაციით, 5 დეკემბერს, უკრაინის საჰაერო ძალების ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ორი ფოტო, წარწერით: „რიაზანი. ვგლოვობთ“, რომლებზეც ასახული იყო დაზიანებული ბომბდამშენი და სატვირთო ავტომანქანა, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ეს ფოტოები ტელეგრამიდან წაშალეს.

წყარო: radiotavisupleba.ge

Leave a Reply

Menu Title