ევროკავშირის ახალი შეთანხმებით, გემები ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადს გადაიხდიან

პირველად ევროკავშირი მის ნახშირბადის ბაზარზე საზღვაო გადაზიდვებს დაამატებს, რის შემდეგაც გემებს ნახშირბადის გამონაბოლქვისთვის გადასახადის გადახდა მოუწევთ. ევროკავშირის გადაწყვეტილება, მწვანე ტექნოლოგიებში ინვესტირების მიზნით, საზღვაო სექტორზე ზეწოლას გააძლიერებს.

საზღვაო გადაზიდვების სექტორი ამ დრომდე თავს არიდებდა ნახშირბადის ბაზარს, რომელიც ქარხნებსა და ელექტროსადგურებს, CO2-ის ემისიის ჭარბი გამოყოფის შემთხვევაში, ნებართვის შეძენას ავალდებულებს. შესაბამისად, ნახშირბადის ბაზარზე ყოფნა ერთგვარი ფინანსური სტიმულია CO2 გამონაბოლქვით დაბინძურების შესამცირებლად. თუმცა ეს ყველაფერი 2024 წლიდან შეიცვლება, როდესაც საზღვაო გადამზიდავ კომპანიებსაც მოუწევთ  ევროკავშირის ნებართვების შეძენა მათი ემისიების 40%-ის დასაფარად, რომლებიც 2025 წელს – 70%-მდე, ხოლო 2026 წელს 100%-მდე გაიზრდება.

ბლოკის ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმება, ევროკავშირის მასშტაბით, საზღვაო მოგზაურობიდან გამოყოფილ ნახშირორჟანგის, მეთანისა და აზოტის დიოქსიდის ემისიას შეეხება. შეთანხმება ევროკავშირის ტერიტორიაზე დაწყებული და დასრულებული საერთაშორისო მოგზაურობების 50%-საც მოიცავს, რაც ქვეყნების საზღვრებს შორის დაბინძურების შემცირებას შეუწყობს ხელს.

შეთანხმებით, ევროკავშირის 20 მილიონი ნახშირბადის ნებართვის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საზღვაო ემისიების შემცირების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. ევროკავშირის კანონმდებლები ნახშირბადის ბაზრის რეფორმებზე 17 დეკემბრამდე შეჯერდებიან, რის შემდეგაც კანონს ოფიციალურად დაამტკიცებენ.

საზღვაო გადაზიდვები დეკარბონიზაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სექტორად სახელდება. ამის მიზეზად ინდუსტრიული ჯგუფები კომერციულად სიცოცხლისუნარიანი ტექნოლოგიების ნაკლებობას ასახელებენ. იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით 90% საზღვაო ტრანსპორტირებით ხდება, საზღვაო გადაზიდვები CO2 გლობალური ემისიების 3%-ს შეადგენს.

წყარო: forbes.ge

Leave a Reply

Menu Title