20 იანვრიდან ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება შეწყდება

20 იანვრიდან ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება შეწყდება

11 იანვარს, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მფლობელმა კომპანიამ “ჯორჯიან მანგანეზმა”, 20 იანვრიდან 20 მაისამდე,  მაღაროებში მადნის მოპოვების შეწყვეტა დაანონსა. კომპანიის ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად მანგანუმის საბაზრო ფასის დაცემას ასახელებს და აცხადებს, რომ მაღაროელებს იანვრიდან – მაისამდე ხელფასის 60% აუნაზღაურდებათ, გააგრძელებენ სამედიცინო დაზღვევის პაკეტით სარგებლობას და ასევე, იმ მუშებს, რომლებსაც სესხი აქვთ გამოტანილი, კომპანია საპროცენტო განაკვეთს დაუფარავს.

შეგახსენებთ, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგები ვრცელდება დაახლოებით 3,700 ადამიანზე, რომელიც დღეს ჭიათურის მაღაროებშია დასაქმებული. კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობები მაღაროელებისათვის ნამდვილად არ არის სახარბიელო. ისედაც მიზერულ ხელფასზე, კაბალურ პირობებში მომუშავე ჭიათურელები, რომელთა სოციალური მდგომარეობა ისედაც საკმაოდ მძიმეა, აღნიშნული 4 თვის განმავლობაში, უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ისინი უნდობლობას უცხადებენ კომპანიას და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, პირად პასუხისმგებლობაზე აიყვანოს კომპანია და მის მიერ აღებული ვალდებულებები.

20 იანვრიდან ჭიათურის მაღაროებში მადნის მოპოვება შეწყდება

12 იანვარს, ჭიათურაში, სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომის დღის წესრიგის მთავარი თემა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციის მიერ საწარმოს გაჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიზაშენწონილობა იყო. სხდომაზე გაირკვა, რომ მაღაროელთა შრომის არსებითი პირობების დროებითი ცვლილების პროცესი კანონდარღვევით მიმდინარეობს მათ აიძულებენ შეთანხმების ტექსტზე მომენტალურად მოაწერონ ხელი, რაც მათ იურისტთან კონსულტაციის მიღების უფლებას უზღუდავს. შეთანხმების ტექსტის მიხედვით, რომლებზეც მუშებს ხელის მოწერას სთხოვენ, მაღაროელთა უმეტესი ნაწილი დაკარგავს 2016 წლის კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებას.

მაღაროელები კომპანიისაგან ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გეგმის გასაჯაროებასაც ითხოვენ. მათი თქმით, მთავრობამაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე რაიმე ტიპის პასუხისმგებლობა, მაგალითად, დააყენოს საშემოსავლო გადასახადისგან მაღაროელთა განთავისუფლების საკითხი კრიზისულ პერიოდში, ასევე უზრუნველყოს გარანტია იმისა, რომ მაისის შემდეგ, სამუშაო პროცესი დაუბრუნდება ჩვეულ აქტივობას.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია საწარმოს გაჩერების მიზეზად მანგანუმის საბაზრო ფასის ცვლილებას ასახელებს, შესაძლოა ამ გადაწყვეტილების მიღებისას მას სხვა გარემოებებიც გაეთვალისწინებინა, მაგალითად, ჭიათურაში არსებობენ მცირე კერძო კომპანიები, რომლებიც რომლებიც ღია კარიერული წესით მოიპოვებენ მადანს და შემდგომ ისევ შპს ,,ჯორჯიან მანგანეზს” აწვდიან. შესაძლოა, კომპანიისათვის ნაკლებად პრიორიტეტული იყოს ამის ფონზე მადნის მაღაროს წესით მოპოვება. საინტერესოა, გააგრძელებენ თუ არა მუშაობას აღნიშნული კომპანიები მას შემდეგ, რაც საწარმო გაჩერდება.

ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის,  მალხაზ წერეთელის განცხადებით,  კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთავრობასთან იყო შეთანხმებული.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის დარგობრივი და პირველადი ორგანიზაციები ყველა შესაძლო მეთოდით, ბოლომდე იბრძოლებენ ზემოთაღნიშნული პროცესების გამჭვირვალობისა და სოციალური სამართლიანობისათვის.

Leave a Reply

Menu Title