საქართველომ შესაძლოა არსებული რუსული გაზიც დაკარგოს

საქართველომ შესაძლოა არსებული რუსული გაზიც დაკარგოს

„გაზპრომთან“ და „სოკართან“ საქართველოს ურთიერთობის თემას რუსული „კომერსანტი“ აშუქებს სტატიით, რომლის სახელწოდებაცაა „საქართველო აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაიჭედა“.

სტატიაში მოყვანილია ექსპერტის, Small Letters–ის ხელმძღვანელის ვიტალი კრიუკოვის შეფასება, რომლის თანახმად „გაზპრომისთვის“ საქართველო, რომლის მოხმარებაც წელიწადში 3 მილიარდზე ნაკლებია, ვერ გახდება მსხვილი ბაზარი, თუმცა ახლა კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი დამატებითი შემოსავალი. ექსპერტი ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანი უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში ვერ შეძლებს საქართველოში საექსპორტო მიწოდების გაზრდას, რადგან ბაქო, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, თავად ყიდულობს რუსულ გაზს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველომ, რომელიც გაზის დეფიციტს უჩივის, ვერ შეძლო მოწოდების გაზრდაზე შეთანხმების მიღწევა თავის მთავარ მომწოდებელთან – აზერბაიჯანთან. ამ დეფიციტის შევსების მზადყოფნას კი „გაზპრომი“ გამოთქვამს, რომელიც ამასთანავე, ქართულ მხარეს უფრო დაბალ ფასს სთავაზობს. თუმცა, გამოცემის შეფასებით, დამატებითი რუსული გაზის შესყიდვის გეგმები გააფთრებულ წინააღმდეგობას აწყდება ქართული ოპოზიციის მხრიდან.

რუსული „კომერსანტი“ კახა კალაძის გუშინდელ განცხადებებსაც აფასებს, რომლებიც ენერგეტიკის მინისტრმა „სოკარის“ ხელმძღვანელ როვნაგ აბდულაევთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ბატონი კალაძის სიტყვებით, აზერბაიჯანიდან მომავალი, ორი არსებული გაზსადენის გამტარუნარიანობა დღეღამეში 9 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს, ზამთრის პერიოდში კი საქართველოს მინიმუმ მილიონი კუბური მეტრით მეტი ესაჭიროება. ქვეყანაში გაზის მოხმარება 2012 წლიდან 38%–ით გაიზარდა. აზერბაიჯანული გაზის გარდა საქართველო დღეღამეში 2–2,5 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს იღებს სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები „გაზპრომთან“ მიწოდების გაზრდის მიზნით, თანაც მონოპოლისტი მზადაა უფრო დაბალი ფასი შესთავაზოს საქართველოს,  ვიდრე აზერბაიჯანული გაზია. კომერციული კონტრაქტებით SOCAR–ის გაზის ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 192 დოლარია იმ დროს, როდესაც „გაზპრომი“ სომხეთს გაზს 165 დოლარად აწვდის.

გარდა ამისა, „გაზპრომმა,“ რომელსაც სომხეთში გაზის მიწოდების გაზრდა სურს, მიანიშნა საქართველოს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია გაცვლითი ოპერაციის საშუალებით ირანთან და ამ შემთხვევაში საქართველომ შესაძლოა უკვე არსებული რუსული გაზიც დაკარგოს,“ – წერს „კომერსანტი“ და აღნიშნავს, რომ თბილისის მცდელობებმა, გაზის მიწოდების დივერსიფიცირება მოახდინოს, ბაქოს შეშფოთება გამოიწვია. მოლაპარაკებების შემდეგ SOCAR-Georgia–ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ შესაძლებელია ერთერთი გაზსადენის სიმძლავრის გაზრდა დღეღამეში მილიონი კუბური მეტრით, რათა საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მან ასევე აღნიშნა, რომ შაჰ–დენიზის საბადოს მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ საქართველო შეძლებს დამატებითი გაზის მიღებას სამხრეთკავკასიის გაზსადენით. თუმცა ის საუკეთესო შემთხვევაში 2019 წელს ამოქმედდება. ამიტომ კახა კალაძე მიანიშნებს, რომ „გაზპრომთან“ შესაძლო შეთანხმების თემა დღის წესრიგიდან არ იხსნება.

წყარო: კომერსანტი

Leave a Reply

Menu Title