მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს

მიწისქვეშა წყლებს შეუძლია მთელი თბილისი გაათბოს

ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირე და მისგან მიღებული სავალალო შედეგები გარემოს დაცვის აუცილებლობაზე სულ უფრო ხშირად გვაფიქრებს. მეცნიერების აზრით, თუკი ამჟამინდელი თაობა არ შეამცირებს ატმოსფერული ნახშირორჟანგის გამოყოფას, მათ ისეთი ექსტრემალური კატაკლიზმების ატანა მოუწევთ, როგორიცაა მიწისძვრები, წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ეკოსისტემას რომ დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, უცხო აღარავისთვის არის, მაგრამ როგორ, ამაზე კაცობრიობა ჯერ კიდევ ფიქრობს. ფაქტია, რომ არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეს სწორი გამოყენება სჭირდება.

გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ნოდარ ცერცვაძე უკვე წლებია გეოთერმული ენერგიისგან მიღებული ცხელი წყლით მოსახლეობის მომარაგების პროექტზე მუშაობს და მის დაფინანსებას მთავრობისა თუ კერძო ინვესტორებისგან ჯერჯერობით უშედეგოდ ელის. ამბობს, რომ სწორი დაგეგმარების პირობებში, მიწისქვეშ არსებული ულევი რესურსი (გეოთერმული წყლები) მთელი თბილისის გათბობისთვის შეიძლება გამოვიყენოთ, რითაც მოსახლეობას ხარჯი მნიშვნელოვნად შეუმცირდება.

– პირველ რიგში აგვიხსენით, რას გულისხმობს პროექტი და რამდენად რეალურია მთელი თბილისის გეოთერმული წყლების საშუალებით გათბობა?

ნოდარ ცერცვაძე: „დღევანდელი მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, ძალიან პოპულარული გახდა და განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ე. წ. ენერგიის განახლებადი წყაროები: ქარი, მზე, ზღვის ტალღები, მდინარეები და ჩვენთვის ამჟამად ყველაზე საინტერესო, გეოთერმული ენერგია. გეოთერმული სითბო ულევი და ამავდროულად ყველაზე იაფი განახლებადი ენერგიის წყაროა. რაც მთავარია, ამით საქართველო და განსაკუთრებით თბილისი, ძალიან მდიდარია. შავი ზღვიდან მოყოლებული 44 ცხელი წყლის აბანო გვაქვს, საიდანაც 30 გრადუსიდან 112 გრადუსამდე ცხელი წყალი ამოდის. მიწის სიღრმული სითბო, რომელიც მიწისქვეშა წყლებს ზედაპირზე ამოაქვს, ჩვენ შეგვიძლია გონივრულად გამოვიყენოთ. პროექტის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში უნდა გაკეთდეს ერთმანეთისგან მცირედით დაშორებული, 3 ათას მეტრი სიღრმის ორ-ორი ჭაბურღილი. ჭაბურღილიდან წყალი შევა მომხმარებელთან, შემდეგ კი ეს გაციებული წყალი, რომელსაც წავართვით სითბო, უკან, მეორე ჭაბურღილში ჩაიღვრება. ეს იმისთვის, რომ წყალი არ დაიხარჯოს, არ შემცირდეს მისი რაოდენობა. გამოდის, რომ ფაქტობრივად,  ეს საბადო დაკეტილი გვაქვს. ასეთი გეოთერმული სადგურის თერმული წყლით მომარაგება უწყვეტი და ულევი იქნება.

– რამდენი ჭაბურღილის შექმნაა შესაძლებელი თბილისში და რა სიღრმეზეა განლაგებული მიწისქვეშა ბუნებრივი რეზერვუარი?

– გეოთერმული წყლები 2-3 ათასი მეტრის სიღრმეზე ცხელდება. თერმოწყალშემცველი ჰორიზონტის განლაგების სტრუქტურული რუკა შედგენილია. ის გვიჩვენებს ქალაქის ნებისმიერ წერტილში ამ რეზერვუარის სიღრმეს. მიწისქვეშა წყალშემცველი ჰორიზონტები ატმოსფერული ნალექებით იკვებება.

გეოთერმული წყლით თბილისის მთელი მოსახლეობის მომარაგებაა შესაძლებელი. მცხეთიდან სართიჭალა-სამგორამდე სადაც კი გავბურღავთ, ყველგან შეგვიძლია მივიღოთ ცხელი წყალი. ეს დადასტურებულია უკვე და კარგადაა შესწავლილი სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა სამუშაოების მიმდინარეობისას. სპეციალური რუკების საშუალებით, ჩვენ წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ, სად და რა ტემპერატურის წყლის მიღებაა შესაძლებელი. იმისთვის, რომ დედაქალაქის მოსახლეობამ ბუნებრივი ცხელი წყალი მიიღოს, ბურღვითი სამუშაოების გზით, თბილისში 30-მდე გეოთერმული ცირკულაციის სისტემა უნდა გაკეთდეს.

– რა თანხების მობილიზებაა საჭირო იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და მოსახლეობას რამდენით შეუმცირდება გათბობისთვის საჭირო დანახარჯი?

– სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, პროექტი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ გეოთერმული ენერგია ნებისმიერი სითბოს წყაროზე 6-7-ჯერ იაფია. რაც შეეხება თანხებს, საწყისი კაპიტალდაბანდება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ერთი 3 ათასი მეტრი სიღრმის ჭაბურღილის გაყვანა, სავარაუდოდ, 3 მილიონი ლარი დაჯდება. ასეთი ასი რომ გავაკეთოთ, შესაბამისად 300 მილიონია საჭირო. მართალია, დიდი თანხაა, მაგრამ აუცილებელი ხომ არაა ყველა ერთად გავაკეთოთ?! პროექტი ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, პირველ ეტაპზე.
– მთავრობის ან კერძო ინვესტორების მხრიდან თუ გამოითქვა ინტერესი ამ პროექტის მიმართ და რა უშლის ხელს მის განხორციელებას?

– პროექტით არაერთი უცხოელი ინვესტორი დაინტერესებულა, მაგრამ საბოლოოდ თანხის ჩადებისგან ყველა თავს იკავებს. ვფიქრობ, მათ საქართველში არსებული არასტაბილური პოლიტიკური თუ ეკონომიკური გარემო აშინებთ. რაც შეეხება მთავრობას, პროექტი საპარლამენტო სესიაზეც კი გავიტანე. თითქოს მოიწონეს კიდეც, მაგრამ მერე ისევ თაროზე შემოდეს. მათი ინტერესი ამომრჩევლების მოზიდვაა, ერთ-ერთმა თბილისის მერმა ისიც კი მითხრა: ერთი ასეთი ჭაბურღილის გაკეთება რამდენ ხმას მომიმატებს არჩევნებზეო?! როგორც ჩანს, საწყისი პოლიტიკური შედეგი რომ შეაფასა, ინტერესიც გაუქრა. ეჭვი მაქვს, ისინი არ ცდილობენ ღრმა ანალიზის გაკეთებას. მარტო იმისთვის ღირს პროექტის დაწყება, რომ ჩვენ აღარ ვიქნებით დამოკიდებულნი არავითარ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებზე. თუმცა ამავდროულად, აქ ზოგი კომპანიის ბიზნესინტერესებიც დგას. მოკლედ რომ ვთქვათ, ხელის შემშლელი ფაქტორი ძალიან ბევრია.

– ჩადებული ინვესტიციის ამოღების მექანიზმებზე თუ გიფიქრიათ?

– ინვესტიციას, რომელსაც ინვესტორი ამ პროექტში განახორციელებს, ჩვენი გათვლებით მაქსიმუმ ორ წელში ამოიღებს და რაც მთავარია, შემდეგ სულ მოგებაზე იმუშავებს. მას აღარ ექნება მნიშვნელოვანი ხარჯები გასაწევი. როგორც კი გაიგებენ თანხას, სამას მილიონს, მოსმენა აღარ უნდათ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ პროექტი მალე გავა მოგებაზე.

– თუ არსებობს უცხოეთში გეოთერმული წყლის რესურსის გამოყენებით თბომომარაგების პრეცედენტები?

– პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ თბილისშიც 20 ათასამდე მოსახლე დღესაც სარგებლობს ბუნებრივი ცხელი წყლით. ეს რამდენიმე მიკრორაიონშია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ჭაბურღილებს, ევროპის ბევრ ქვეყანაშია მსგავსი სისტემა. იტალიაში, თურქეთში, საფრანგეთში. ვისაც აქვს თერმული წყლის რესურსი, ყველა ცდილობს მის ექსპლუატაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკოსისტემის დაცვისა და გაფრთხილებისთვისაც. რადგან ბუნებრივი აირის გამონაბოლქვით დღეს ისევ მოსახლეობა იწამლება. რითაც შეგვიძლია ბუნებისა და საკუთარი თავის დაცვა საგანგაშო შედეგებისაგან, იმით მაინც დავიცვათ.

წყარო: bpn.ge

Leave a Reply

Menu Title