ილიას უნივერსიტეტი მომდევნო წლიდან მზის ელექტროენერგიით მომარაგდება

ილიას უნივერსიტეტი მომდევნო წლიდან მზის ელექტროენერგიით მომარაგდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსი მომდევნო სასწავლო წლიდან მზის ენერგიით მიღებული, ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიით მომარაგდება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე იაპონური კომპანია, აწარმოებს სამუშაოებს, რომლის შედეგადაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე განთავსდება მზის ფოტოვოლტური სისტემები.

მზის ფოტოვოლტური სისტემები საშუალებას იძლევა, მზის ენერგიით მიღებული, მავნე ემისიისგან თავისუფალი, ეკოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მისაღები ელექტროენერგიით სრულად მომარაგდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F და G კორპუსები. მისი სიმძლავრე იქნება 35 კილოვატი. როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, ამ მასშტაბის მზის ენერგიის პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება.

პროექტი, გარდა იმისა, რომ არის ეკო-მეგობრული, არის საკმაოდ ეფექტიანიც, ვინაიდან მზის ენერგია ელექტროენერგიას გამოიმუშავებს დაწესებულებისთვის ყველაზე უფრო საჭირო დროს – სამუშაო საათებში. ამასთან, ის მხოლოდ საწყის ინვესტიციას მოითხოვს და მისი შემდგომი ოპერირებისთვის დანახარჯები საჭირო არ არის. პროექტი იძლევა თვეში 23 000 ლარის დაზოგვის შესაძლებლობას.

პროექტის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს არა მხოლოდ ალტერნატიულ, განახლებად, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას, არამედ იაპონური მხარის მიერ მომზადებულ და სათანადოდ აღჭურვილ ლაბორატორიასაც, რომელშიც ეკოლოგიის მიმართულების მკვლევრები და სტუდენტები იმუშავებენ. აქვე გაიმართება სკოლის მოსწავლეებისა და ფართო საზოგადოებისათვის საჩვენებელი საგანმანათლებლო ტურები – ვიზიტორები გაიღრმავებენ ცოდნას, თვალნათლივ ნახავენ, რას წარმოადგენს მზის ენერგია, მისგან როგორ მიიღება ელექტროენერგია, რა ეკოლოგიური სიკეთე მოაქვს მზის ენერგიის განვითარებას და სხვა.

წყარო: ბიზნესკონტაქტი

Leave a Reply

Menu Title