ბაზრის გახსნამდე იმდენი კითხვის ნიშანია, პროგნოზს ვერ ვაკეთებთ - ამის შესახებ “თიბისი კაპიტალის“ უფროსი ასოცირებული მკვლევარი ანდრო თვალიაშვილი აცხადებს.
მისი თქმით, ჯერჯერობით, რთული სათქმელია, მომავალში როგორ შეიცვლება ბაზარი და ფასები, რადგან, მნიშვნელოვანია, ბაზარზე განვითარებული მოვლენები - სახელმწიფოს მხრიდან როდის გადაიდგმება ნაბიჯები ბაზრის სტრუქტურის შესაცვლელად.
„ბოლო მონაცემებით, 2024 წლის 1 ივლისს უნდა გაიხსნას ელექტროენერგეტიკული ბირჟა და სწორედ, ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ, რადგან, ახლა იმდენად დიდი კითხვის ნიშნებია, რომ პროგნოზებს ვერ ვაკეთებთ.
ყველაზე დიდი ინტერესი სექტორში მაინც ფასების პროგნოზთან დაკავშირებითაა და ფასების პროგნოზის გაკეთება არის ძალიან რთული, როცა არ ვიცით როგორი მოწყობა ექნება ბაზარს საშუალოვადიან პერსპექტივაში. სწორედ ამიტომ ჩვენც დამოკიდებული ვართ მთავრობის გადაწყვეტილებაზე“ - ამბობს ანდრო თვალიაშვილი გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“.
რაც შეეხება საექსპორტო მიმართულებას, მისივე თქმით, 2022 და 2023 წლების მონაცემები საკმაოდ შთამბეჭდავია.
„აქვე, ალბათ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რთული საექსპორტო პროდუქტია ელექტროენერგია, რადგან პირდაპირი კავშირის არის საჭირო. მთავრობის მიერ გაჟღერებული პროექტი - შავი ზღვის კაბელი დიდი პოტენციალი იქნება ამ სექტორისთვის, რადგან პირდაპირ დავუკავშირდებით ევროპას და გვექნება ამ ბაზრებზე გატანის შესაძლებლობა“ - აცხადებს ანდრო თვალიაშვილი.