ელექტროენერგია
გიორგი შუკაკიძე: თუ ელ.ენერგიის ფასზე რეალური ცვლილება იქნება, დადებითად შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება

„თუ ელექტროენერგიის ფასზე რეალური ცვლილება იქნება, დადებითი კუთხით შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება,“ - ასე შეაფასა „ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორმა გიორგი შუკაკიძემ სახელმწიფოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შუამავლის გარეშე განხორციელებასთან დაკავშირებით.როგორც მან  „ბიზნესპარტნიორის“ ღამის  ეთერში განაცხადა, მნიშვნელოვანია აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ, გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი გარემოებების შექმნა არ გამოიწვიოს.„ვფიქრობ, თუ ელ.ენერგიის ფასზე რეალური ცვლილება იქნება, დადებითი კუთხით შეიძლება შეფასდეს ეს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ საბალანსო ელ.ენერგიის ბაზარზე შესაძლებელი იქნება მოხვდეს მცირედით იაფი ელ.ენერგია.  მაგრამ აქვე დავამატებდი, რომ აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ არ უნდა გამოიწვიოს საბოლოო ჯამში კონკურენტუნარიანი ბაზრის პრინციპების ცვლილება.ვფიქრობ, კონკურენცია აუცილებელია, რომ შეჯიბრობითობის პრინციპები არსებობდეს - მომწოდებლებს შორის ხდებოდეს შეჯიბრი, თუ ვინ უფრო იაფად შემოიტანს ამ ქვეყანაში ელ.ენერგიას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო და კონკრეტული ტრეიდერი, რომლებსაც ერთმანეთს შევაჯიბრებთ,“ - განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.„ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას“ დირექტორი "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში საუბრისას ინვესტირების ნაწილსაც შეეხო. გიორგი შუკაკიძის შეფასებით, დარგი ინვესტირების კუთხით საინტერესოა, თუმცა აუცილებელია ინვესტორს პროგნოზირებადი გარემო დავახვედროთ. „ეს დარგი ინვესტირებისთვის საინტერესოა, თუმცა აქვე დავამატებ, რომ აუცილებელია გარემო იყოს პროგნოზირებადი — იქნება ეს ტარიფის თუ სხვა კომპონენტის ნაწილში. ინვესტორი ყოველთვის ითვლის, რამხელაა დაბანდებული ფულის უკუგების პერიოდი და ინვესტიციას სწორედ ამის მიხედვით გეგმავს.მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორს ჰქონდეს ამ ქვეყანაში შექმნილი პროდუქტის მკაცრად გაწერილი გეგმისა და პროცესის ხედვა, რათა მარტივად მოერგოს გარემოს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი ინვესტირების პროცესი განახორციელოს და რა ვადაში უზრუნველყოს ის. ამ საინტერესო დარგის რეალურ ეკონომიკურ სარგებელში გადაყვანა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და უამრავი გეგმაა შესამუშავებელი“, — განაცხადა გიორგი შუკაკიძემ.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან  შუამავლის გარეშე განხორციელდება და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. bp.ge 

წელს ნეტო დარიცხვის სქემაში 162 მზის სადგური ჩაერთო

ნეტო დარიცხვის სქემაში მიმდინარე წლის რვა თვეში 162 მზის  სადგური ჩაერთო. უმრავლესობა, ჯამში 140 ერთეული  "ენერგო პრო ჯორჯიას" სისტემაშია ინტეგრირებული. სემეკის სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ენერგო პროს" ქსელში მიმდინარე წელს მიერთებული მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე  4.2 მეგავატია.რაც შეეხება თელასს, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვისთვის დადგენილი  20%-იანი ლიმიტი  "თელასის" ქსელში მიმდინარე წლის ივნისში ამოიწურა. მას შემდეგ კი სისტემას 22 მზის სადგური დაემატა. ამ შემთხვევაში დადგმული სიმძლავრე ერთ მეგავატზე ნაკლებია და 640 კილოვატს შეადგენს. ყველაზე მეტი, 10 ერთეული მზის სადგური "თელასის" ქსელს ივლისში მიუერთდა.ნეტო დარიცხვის სისტემამდე საქართველოში ნეტო აღრიცხვის მოდელი მოქმედებდა.  ნეტო აღრიცხვის რეგულაციით 2 720 სადგური სარგებლობს. მათი დადგმული სიმძლავრე 358 მგვტ-ია.ცნობისთვის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში გასული წლის 1 ოქტომბრიდან ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე შესაბამის საფასურს იღებს.bp.ge

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.მათივე ცნობით, სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით გაუარესდა ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირის (SAIFI) მაჩვენებლები.“კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2025 წლის მაჩვენებლების გაუარესება 2024 წლის მაჩვენებლებთან შედარებით მიჩნეულ იქნა სემეკის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად, რის გამოც, კომპანიას ფულადი ჯარიმა დაეკისრა.

"მნიშვნელოვანია, რომ ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან შუამავლის გარეშე განხორციელდება" - პრემიერი

მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება, აზერბაიჯანთან გაფორმებული საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებით, 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის, ისე დაბალი ფასის კუთხით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.პრემიერის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან.„შევეხები საერთაშორისო ეკონომიკურ თანამშრომლობას. ძალიან მნიშვნელოვანი იყო მეზობლებთან ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერება და ამ კუთხით ცალკე გამოვყოფ აზერბაიჯანთან გაფორმებულ საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას, რომელიც პირველ რიგში უკავშირდება  ქვეყნის გაზმომარაგებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-წლიან პერსპექტივაში საქართველომ მიიღო გარანტიები როგორც გაზის მოცულობის კუთხით, ისე დაბალი ფასის კუთხით. ძალიან ეფექტურად წარიმართა მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან და მთლიანად გუნდს და ქალბატონ მინისტრს ამისათვის მადლობა გადავუხადო. ამას ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და მადლობა ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებს მეგობრული დამოკიდებულებისთვის, რისი შედეგიც იყო საინტერესო ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა ჩვენი ქვეყნისთვის, გაფორმდა ორ ქვეყანას შორის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუამავლის გარეშე განხორციელდება ელექტროენერგიის იმპორტი აზერბაიჯანიდან და არც ერთი ქვეყნიდან აღარ განხორციელდება იმპორტი შუამავლის მეშვეობით. შუამავალი ნიშნავდა სახელმწიფოსთვის დამატებით ხარჯებს და მხოლოდ აზერბაიჯანის შემთხვევაში, შუამავლის ჩახსნის შედეგად, ყოველწლიურად რამდენიმე მილიონის შემოსავალს მიიღებს, დაიტოვებს სახელმწიფო. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ჩვენ შევთანხმდით აზერბაიჯანთან ბაქო-თბილისი-სუფსის მილსადენის და სუფსის ტერმინალის ერთობლივი ოპერირების შესახებ ძალიან კარგი პირობებით, ესეც იყო ამ შეთანხმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი.სომხეთთან გვაქვს არაჩვეულებრივი ეკონომიკური ურთიერთობა. იგივე შეეხება თურქეთს“, - განაცხადა პრემიერმა.

"მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით არის შემცირებული" - ირაკლი კობახიძე

ენერგეტიკის სფეროში ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას.„ენერგეტიკაში ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა. ბევრჯერ გვისაუბრია იმაზე, რომ არასწორი პრაქტიკით ფუნქციონირებდა სისტემა, მთლიანობაში განხორციელდა სექტორის რეფორმირება, მათ შორის ოპტიმიზაცია განვახორციელეთ შესაბამის კომპანიებში. ჯამურმა ოპტიმიზაციამ შეადგინა 373 მილიონი ლარი, ასევე მოწესრიგდა პროექტების გამჭვირვალედ მართვის პროცესები. იყო დაჯავშნილი დაერთების ნებართვების პრაქტიკა, რაც მთლიანად აღმოიფხვრა, გაცემის ვადები იყო ხელოვნურად გაჭიანურებული და ეს პრაქტიკა აღმოიფხვრა. ნებართვების გადაყიდვის პრაქტიკა იყო ჩამოყალიბებული და ეს პრაქტიკად მთლიანად აღმოიფხვრა, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, მოხსნის ხელოვნურ ბარიერებს და დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას  ძალიან მნიშვნელოვანი ფორმით.პირველად შემუშავდა სექტორის განვითარების 10-წლიანი სტრატეგია, რაც აქამდე არ ჰქონდა ქვეყანას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი. დღევანდელი გენერაცია არის დაახლოებით 4800 მეგავატი და ჩვენი 10-წლიანი გეგმის მიხედვით, გენერაცია უნდა გაიზარდოს 11 500 მეგავატამდე, რასაც სჭირდება სწორი ხედვა, სწორი გეგმა და სწორედ ეს გეგმა შემუშავდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, მიმდინარე წელს დასრულდა ერთი ქარის სადგურის და სამი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა.„წლის ბოლომდე დამატებით 6 ელექტროსადგური შევა ექსპლუატაციაში, შედეგად უკვე წლის ბოლომდე დამატებით 300 მეგავატი შეემატება ჩვენს მთლიან გენერაციას. ეს არის განახლებადი ენერგიის წყაროები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერებისთვის. 20-ზე მეტი ასეთი პროექტი ხორციელდება ჯამური ღირებულება არის მილიარდ 800 მილიონი ლარი. ჯამში ეს ყველაფერი შეეხება 900 კილომეტრამდე ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას.ასევე მიმდინარეობს მუშაობა 114 კილომეტრი მონაკვეთი მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა-რეკონსტრუქციაზე, რასაც აქვს ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. გაფორმდა ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების მიწოდების და მონტაჟის ხელშეკრულება. მესტიის გამრიცხველიანება, ესეც იყო დაუძლეველი პრობლემა წლების განმავლობაში. დაახლოებით 20 მილიონი ლარის ღირებულების ელექტროენერგიას კარგავდა ქვეყანა ე.წ. მაინინგის გამო, ეს იყო უკანონო შემოსავლები. 33 სოფელში უკვე დამონტაჟდა 54 საბალანსო მრიცხველი. წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდება დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. უნდა აღინიშნოს, რომ უკვე არსებული მაჩვენებლებით 22 პროცენტით არის შემცირებული ელექტროენერგიის მოხმარება მესტიაში, თუმცა ეს საკმარისი არ არის, ბევრად უფრო მეტია შესამცირებელი და ეს შედეგი აუცილებლად გვექნება, როცა მთლიანად დასრულდება გამრიცხველიანების პროცესი მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში გამოცხადდა რეგისტრაცია სასწავლო კურსზე: „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას სასწავლო კურსზე - „მარეგულირებელი აუდიტის პრინციპები, თეორია და პრაქტიკა“.სემეკ-ის ცნობით, სასწავლო კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირებად საწარმოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისა და იურისტებისთვის. ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის, რომელთა პროფესიული ინტერესები მოიცავს სატარიფო მარეგულირებელი აუდიტის მექანიზმებისა და პრაქტიკის კუთხით ცოდნის გაღრმავებას. კურსი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას სატარიფო მიზნებისათვის რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.მათივე ინფორმაციით, სასწავლო კურსის ავტორები არიან რეგულირების საკითხებზე მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ექსპერტები. სასწავლო კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს:https://entc.ge/ka

"ჩვენ ვაბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებიც წლების განმავლობაში ჩიხში იყო მოქცეული"

„2026 წელს დასრულდა სამი ჰიდროელექტროსადგურისა და ერთი ქარის პროექტის მშენებლობა - წლის ბოლომდე დასრულდება კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის, ორი ქარის და სამი მზის პროექტის მშენებლობა“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, მხოლოდ მიმდინარე წელს საქართველოს ენერგოსისტემას 300 მეგავატზე მეტი ახალი განახლებადი სიმძლავრე შეემატება.„ეს დინამიკა გრძელდება. 2027 წელს 100-მდე მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით, 12 ელექტროსადგურის პროექტი, ჯამში, 70 მეგავატზე მეტი შევა ექსპლუატაციაში. წელს ასევე აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დასრულდა 250 მეგავატი სიმძლავრის ენერგიის შემნახველი ბატარეების შესყიდვა, სამუშაოები 2026 წელს დაიწყება და 2029 წელს დასრულდება. ეს უზრუნველყოფს სისტემის მდგრად და უსაფრთხო ფუნქციონირებას, ასევე განახლებადი ენერგიის ინტეგრაციის ლიმიტების გაფართოებას.მაგრამ, ჩვენ მხოლოდ ახალ პროექტებს არ ვიწყებთ. ჩვენ ვაბრუნებთ და ვუბრუნებთ სიცოცხლეს იმ პროექტებშიც, რომლებსაც წლების განმავლობაში პრობლემები ჰქონდათ. შეიძლება ითქვას, რომ ჩიხში იყვნენ მოქცეული: ენერგეტიკულ პროექტზე ჯარიმებისა და პირგასამტეხლოების მოცულობა ერთ მილიარდ ლარს აჭარბებდა. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სიცოცხლისუნარიან პროექტებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა მისცემოდათ. ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილების შედეგი სახეზეა - ჯარიმების პირობიანი პატიების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაუგრძელდა 111 პროექტს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1600-მდე მეგავატია.ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ პრობლემა აღმოფხვრა და მხარდაჭერა გამოუცხადა კერძო სექტორს, არამედ ქვეყანას დაუბრუნა 1600 მეგავატის განვითარების პოტენციალი“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

"ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმა, რომლის თანახმად, 2036 წლამდე საქართველოში გენერაცია 2.5-ჯერ უნდა გაიზარდოს"

ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, ამბიციური გეგმის თანახმად, 2,5-ჯერ უნდა გაიზარდოს გენერაცია საქართველოში 2036 წლამდე. ეს არის ამბიციური გეგმა, თუმცა მისი განხორციელება არის სავსებით რეალური და ამისათვის მთლიანად ჩვენი გუნდი ძალისხმევას არ დააკლებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა.„მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობას, ქალბატონ მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილს, მის გუნდს, ქალბატონ ინგა ფხალაძეს, რომელიც არის ენერგეტიკის კურატორი. ეკონომიკის სამინისტროში თითოეული სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელს, რომელიც ფუნქციონირებს ენერგეტიკის სფეროში. თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგია ეს ცვლილებები, რომლებიც ჩვენ უკვე მივიღეთ ამ პერიოდის განმავლობაში და რომელიც საფუძველს ჩაუყრის ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპს ჩვენს ქვეყანაში.ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ადამიანურ კაპიტალს.  პროფესიონალების ცოდნა არის ჩვენი წარსული წარმატების და ჩვენი სამომავლო წარმატების უმთავრესი გარანტი. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ დღეს საქართველოს ჰყავს მაღალკვალიფიციური, თანამედროვე გამოწვევებზე ორიენტებული ენერგეტიკოსები, რომლებიც აგრძელებენ იმ დიდი საინჟინრო და პროფესიული ტრადიციის განვითარებას, რომელიც საქართველოში ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმ იმისათვის, რომ მაქსიმალურად გონივრულად და რაციონალურად იყოს გამოყენებული ჩვენი რესურსები, ჩვენი პოტენციალი. გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მოვიძიოთ ახალი ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში, გავაძლიეროთ ინფრასტრუქტურა და ხელი შევუწყოთ თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებას ამ სფეროში. ასევე გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ მაქსიმალურად დავაფასოთ ჩვენი ღირსეული პროფესიონალები, თითოეული ის ადამიანი, რომელიც ემსახურება ენერგეტიკის სისტემას და ენერგეტიკის სისტემის განვითარებას საქართველოში. მადლობას გადაგიხდით თითოეულ ენერგეტიკოსს თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის, თქვენი ღირსეული საქმიანობისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისთვის, თქვენი თავდადებისთვის. თითოეული თქვენგანის ძალისხმევაზე დგას ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ქვეყნის მიღწევები. გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ივლისში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 4.1%-ით შემცირდა" - Galt & Taggart

2026 წლის ივლისში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 4.1%-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა ექსპორტი, რის გამოც ჯამური მოთხოვნა უცვლელი დარჩა (+0.2% წ/წ). ამის შესახებ Galt & Taggart-ის განახლებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი.მათივე ცნობით,  ექსპორტის ზრდა გამოიწვია თურქეთში საბითუმო ფასების ზრდამ ($c 5.9 ივლ-26 vs $c 2.9 ივნ-26) და ესკოს ბარტერმა (ექსპორტის 76.8%)."2026 წლის ივლისში ჰიდროგენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ჰიდროლოგიური პირობების დამსახურებით. მოთხოვნა-მიწოდებას შორის სიჭარბე, წინა 2 თვის მსგავსად ივლისშიც დაფიქსირდა, რამაც ელექტროსისტემის მხრიდან გენერაციის შეზღუდვა გმოიწვია. ჩვენი შეფასებით გენერაციის შეზღუდვა დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო ბარტერის გარეშე ეს მოცულობა გაიზრდებოდა 10-15%-მდე. ბარტერმა, ერთი მხრივ, ჭარბი ჰიდროგენერაციის ათვისებას შეუწყო ხელი, თუმცა, მეორე მხრივ, საბალანსო ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად, დაახლოებით 25%-ით შეამცირა - კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტამდე.2026 წლის პირველმა შვიდმა თვემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ძირითადი გამოწვევები მკაფიოდ წარმოაჩინა: 1) 2026 წლის საექსპორტო სეზონზე თურქეთში დაბალმა ფასებმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება; 2) იანვარ–აპრილში გაზრდილმა იმპორტმა, მაის–ივლისში გენერაციის შეზღუდვებმა და შემცირებულმა ექსპორტმა სეზონური დისბალანსის პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენა. არსებული დინამიკა ზრდის წყალსაცავიანი ჰესების, ქარის ელექტროსადგურების, ენერგიის დაგროვებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ ინფორმაციასი.bp.ge 

სემეკის გადაწყვეტილებებით, 8 თვეში, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებზე ₾456 000-ზე მეტი კომპენსაცია გაიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილი მომსახურების სტანდარტების დარღვევის გამო, 8 თვეში კომუნალური მომსახურების კომპანიებმა მომხმარებელზე 456 890 ლარის ოდენობის კომპენსაცია გასცეს.მიმდინარე წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპენსაციების დიდი წილი ელექტროენერგეტიკის სექტორში გაიცა - 264 650 ლარის ოდენობით, წყალმომარაგების სექტორში გაცემული კომპენსაციების ჯამმა 190 440 ლარი შეადგინა, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში - 1800 ლარი.სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც  სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე. სემეკისთვის განცხადებებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.