ინფრასტრუქტურა
რა ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება ელექტროსისტემაში?

ქვეყნის ელექტროსისტემაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები შექმნის საიმედო ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი აცხადებს.მისი თქმით, ორგანიზაცია ამ დროისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, ფლობს ყველაზე მსხვილ ინფრასტრუქტურას და გადამცემ ქსელს - 94 ქვესადგურს და 3500 კმ-ზე მეტ ელექტროგადამცემ ხაზს.„ვახორციელებთ ისეთ პროექტებს, როგორიცაა 500 კილოვოლტიანი ქვესადგური იდლიანი, ქვესადგური ლაჯანური, ოზურგეთი, წყალტუბო. ასევე, ვაშენებთ 500 კილოვოლტიან ელექტროგადამცემ ხაზებს - წყალტუბო-ახალციხე, ახალციხე-თორთუმი. ასევე, აქტიურად ვსაუბრობთ ახალციხეში არსებულ ჩვენს ქვესადგურში მუდმივი დენის მესამე ჩანართის შესყიდვაზე, რომელიც გაზრდის ექსპორტის და ტრანზიტის პოტენციალს თურქეთის მიმართულებით. ასევე, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროექტების განხორციელება, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვან ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს. ეს საბოლოო ჯამში შექმნის უფრო დიდ, მსხვილ, საიმედო ინფრასტრუქტურას და ხელს შეუწყობს საექსპორტო და სატრანზიტო პოტენციალის ზრდას მეზობელ ქვეყნებში“ - აცხადებს გიორგი გიგინეიშვილი გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2“.მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 10 წლიანი განვითარების გეგმას მიჰყვება.„ეს უმნიშვნელოვანესია, გამომდინარე იქიდან, რომ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდასა და გენერაციის წყაროების ზრდასთან ერთად, ჩვენ შევძლოთ უზრუნველვყოთ ელექტროენერგიის მოხმარების დაფარვა და გენერაციის ახალი წყაროების ქსელში ინტეგრირება“ - აცხადებს გიორგი გიგინეიშვილი.

ენგურის წყალსაცავში წყლის დონემ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია

ენგურის წყალსაცავში წყლის დონემ ბოლო 4 წლის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია.“ენგური ატრაქციის” ცნობით, ახლა შესანიშნავი დროა კაშხლის დასათვალიერებლად, სპეციალურად შემუშავებული მარშრუტების მეშვეობით.„ენგური ატრაქცია“ სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და მისი მართვაა.ორგანიზაციის ცნობით, მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში აშენებული ენგურის ჰიდროელექტრო კაშხალი საქართველოში სამოქალაქო ინჟინერიის მიღწევების ერთ-ერთი კარგი მაგალითია. ობიექტები, რომლებიც ენგურჰესის შემადგენლობაში შედის, თითქმის ათას კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.მასში შედის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი, მათ შორის ენგურის თაღოვანი კაშხალი და 400-მდე გვირაბი და არხი, რომელთაგან ყველაზე გრძელი დაახლოებით 15 კილომეტრია. ქალაქ ჯვარში, მდინარე ენგურის ვიწრო კანიონში, ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს პეიზაჟებით აშენებული ენგურის თაღოვანი კაშხალი 1978 წლიდან ფუნქციონირებს. ენგური 271,5 მეტრი სიმაღლით, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია.

ამუშავებიდან TAP-მა ევროპაში 25 მლრდ კუბური მეტრი გაზი გაიტანა

ტრანს ადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) 2022 წელს იტალიის გაზის მოხმარების 15 პროცენტი დააკმაყოფილა. ამის შესახებ TAP-ის მმართველი დირექტორი ლუკა შიეპატი აცხადებს.აზერბაიჯანული გამოცემა Trend-ის ცნობით, მდგრადი მომავლის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას შიეპატმა აღნიშნა, რომ TAP-ს შეუძლია გააფართოოს თავისი სიმძლავრე ეტაპობრივად, 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.„ჩვენ უკვე გავააქტიურეთ გაფართოების პირველი დონე, რაც გულისხმობს  დამატებით, 1.2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას 2026 წლიდან. სამხრეთ გაზის დერეფნისა და TAP-ის სტრატეგიული მნიშვნელობა აღიარებულია REPowerEU გეგმაში, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის ინტენსიფიკაციას აზერბაიჯანთან და TAP-ის სიმძლავრის გაზრდას. TAP-ით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა შეიძლება აშენდეს გადაკვეთილი ტერიტორიების მახასიათებლების სრული დაცვით“, - განაცხადა მან.მმართველი დირექტორის თქმით, TAP-ის სიმძლავრის გაზრდას შეუძლია ხელი შეუწყოს იტალიისა და ევროპის ენერგეტიკისა და კლიმატის მიზნების რეალიზებას, რაც საშუალებას მისცემს ევროპას, წყალბადის და სხვა ტიპის გაზის ახალი მოცულობები ბუნებრივ აირთან შერეული გაიტანოს კონტინენტზე.„კომერციული ოპერაციების დაწყებიდან, TAP-მა ევროპაში 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიტანა, საიდანაც 21 მილიარდზე მეტი იტალიაში გადაიზიდა. ეს პროცესი ხელს უწყობს მიწოდებაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას“, - თქვა ლუკა შიეპატიმ.TAP ტრანსანატოლიური მილსადენის TANAP-ის გაგრძელებაა. ამ მილსადენით გაზი აზერბაიჯანის შაჰდენიზის საბადოდან საქართველო-თურქეთის გავლით (სამხრეთის გაზის დერეფანი) ევროპის მიმართულებით გადაიზიდება.მილსადენი 2020 წლის დეკემბერში ჩაირთო. 2021 წელს ევროპას TAP-ის საშუალებით 8.1 მლრდ კუბური მეტრი გაზი მიეწოდა, 2022 წელს - 11.4 მლრდ კუბური მეტრი. 2024 წელს კი, დაგეგმილია, დაახლოებით 13 მლრდ-ის გატარება.

"ლაჯანურჰესის" რეაბილიტაციისთვის ₾20 მლნ-ი დაიხარჯება

„ლაჯანურჰესზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტში 20 მილიონ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდება.ამ ეტაპზე ჰესის მესამე აგრეგატის რეაბილიტაციაა დაწყებული. დასრულების ვადად კი 2023 წელია განსაზღვრული.სამუშაოების დასრულების შემდეგ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე თითქმის სამი მეგავატით, 116 მგვტ-მდე გაიზრდება.სემეკის ინფორმაციით, 2007 წლიდან 2022 წლის ჩათვლით ლაჯანურჰესის რეაბილიტაციის პროექტებში განხორციელებული ინვესტიციები 40 მილიონ ლარს აჭარბებს.ცნობისთვის, ლაჯანურჰესი მაღალი დაწნევის ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მუშაობს ლაჯანურის და ცხენისწყლის გადმოგდებით მიღებულ საერთო წყალჩამონადენზე. ლაჯანურჰესის მშენებლობა 1950-იან წლებში დაიყო და ის ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა.

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით იწყებს

ყაზახეთის სახელმწიფო კომპანია „ყაზმუნაიგაზი“ მიმდინარე თვეში კომპანია Tengizchevroil-ის რესურსებიდან ნავთობის ექსპორტს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) ნავთობსადენით დაიწყებს. ინფორმაციას აზერბაიჯანული საგენტო Report ინდუსტრიის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.სააგენტოს ცნობით, თებერვალში მიწოდებამ შესაძლოა, 120 000 ტონას მიაღწიოს.აქტაუს ნავთობტერმინალის მფლობელ კომპანია Kaztransoil-ის პრესსამსახურში Report-ს განუცხადეს, რომ „2023 წლის თებერვალში Kaztransoil აქტაუს პორტში Tengizchevroil-ის კუთვნილი 120 000 ტონა ნავთობის ჩატვირთვას გეგმავს,“ თუმცა შემდგომ მარშრუტს კომპანია არ აკონკრეტებს.ტრეიდერების მონაცემებით, „ყაზმუნაიგაზი“ ბთჯ-ის მილსადენით ტრანსპორტირებისთვის კომპანია Tengizchevroil-ის ნავთობს გამოიყენებს, რომელსაც ამერიკული კომპანია, Chevron მართავს. Tengizchevroil-ში წილი ყაზახეთის სახელმწიფო ჰოლდინგ „ყაზმუნაიგაზსაც“ ეკუთვნის, რომელიც თურქეთის პორტ ჯეიჰანიდან გადაზიდვით Azeri BTC-ის მარკის ნავთობს თავად გაყიდის. ერთ-ერთი წყარო აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ჯეიჰანიდან თვეში Azeri BTC-ის ნავთობის თითო პარტიის გატანა იგეგმება, რაც შემდეგ ორ პარტიამდე გაიზრდება.ყაზახეთის ნავთობი ბთჯ-ის მილსადენს შერეული გზით მიეწოდება. კერძოდ, მარშრუტის ნაწილი რკინიგზას, ნაწილი კი კასპიის ზღვით ტრანსპორტირებას მოიცავს, სადაც ნედლეული აქტაუს პორტიდან მცირე ტანკერებით ჯერ ბაქოს მიეწოდება, შემდეგ კი ბთჯ-ის მილსადენში იტვირთება.Tengizchevroil-ის ნედლეულის ექსპორტი 2015 წლამდე სწორედ ბთჯ-ის მილსადენით ხდებოდა. ყაზახეთი ამ მილსადენით წელს 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს გეგმავს, რაზეც „ყაზმუნაიგაზი“ მოლაპარაკებებს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-თან აწარმოებს, ხოლო სამომავლოდ ყაზახური მხარე ყოველწლიური მოცულბის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდას განიხილავს. თუმცა ამჟამად ყაზახური ნავთობის ექსპორტი კასპიის ზღვით შეზღუდულია, რადგან აქტაუს პორტის წლიური სიმძლავრე 5,5 მილიონ ტონას შეადგენს, საიდანაც, დაახლოებით, 2,1 მილიონი ტონა მახაჩკალაში, შემდეგ კი ნავთობსადენით ნოვოროსიისკში იგზავნება.ტრანსკასპიური გადაზიდვის კიდევ ერთი პრობლემა ტონაჟის დეფიციტი და ტანკერების მცირე ფლოტია. თუმცა ტრანსკასპიური ტრანზიტის გასაზრდელად „ყაზმუნაიგაზმა“ გასულ თვეში არაბეთის გაერთიანებული საემიროების Abu Dhabi Ports Company-სთან (ADP) სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა. შეთანხმების ფარგლებში მხარეები გეგმავენ ტანკერების ფლოტის შექმნას ყაზახური ნავთობის ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების გათვალისწინებით, რაშიც მთავარ მარშრუტად აქტაუს გავლით აზერბაიჯანი-საქართველოს მიმართულება სახელდება.Tengizchevroil-ის მთავარი აქციონერები ამერიკული Chevron (50%), Exxon Mobil (25%), „ყაზმუნაიგაზი“ (20%) და „ლუკოილი“ (5%) არიან.25 იანვარს სააგენტო Reuters ინდუსტრიის ორ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ Tengizchevroil ნედლი ნავთობის ექსპორტს ბათუმის პორტის გავლითაც გაზრდის, რაც იანვარ-თებერვალში 150 000 ტონას მიაღწევს.სააგენტო სარკინიგზო მონაცემებზე დაყრდნობით წერდა, რომ გასულ წელს ბათუმის პორტის გავლით Tengizchevroil-ის ყოველთვიური ექსპორტი, საშუალოდ, 21 000 ტონას შეადგენდა. Tengizchevroil-მა ექსპორტი დეკემბერშიც გაზარდა, როცა ბათუმის გავლით 50 700 ტონა ნავთობი გაიტანა, ხოლო 2022 წელს მიწოდების მთლიანმა მოცულობამ 252 510 ტონა შეადგინა.Reuters-ის შეფასებით, მართალია, Tengizchevroil-ის მთავარი საექსპორტო მარშრუტი კასპიის მილსადენის კონსორციუმია, რომლის ბოლო წერტილიც ნოვოროსიისკის მიმდებარე რუსეთის საზღვაო ტერმინალი „იუჟნაია ოზერეევკაა,“ თუმცა ყაზახური კომპანია „ალტერნატივას ეძებს, რომ მოსკოვზე ევროპული სანქციებით წარმოქმნილი ნებისმიერი რისკი თავიდან აიცილოს.“მაშინ Reuters-ს ანონიმურმა წყაროებმა განუცხადეს, რომ Tengizchevroil-ს ბათუმამდე რკინიგზით, ხოლო შემდეგ საზღვაო ექსპორტზე იანვარში 100 000 ტონა, ხოლო თებერვალში 50 000 ტონა ნავთობი უნდა გაეგზავნა. თუმცა სააგენტოსთვის იანვარში გაგზავნილი რეალური მოცულობა უცნობი იყო, რადგან ტრეიდერებს ბათუმში Tengizchevroil-ის ნავთობკასრები არ შეუნიშნავთ.Reuters-ის ცნობით, ბათუმის ტერმინალის მფლობელი ყაზახეთის მილსადენის ოპერატორი კომპანია Kaztransoil-ია, რომელსაც, ასევე, აქტაუს ნავთობტერმინალი ეკუთვნის.წყარო: bpn.ge

ჯეიჰანიდან აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი ამ დრომდე ვერ ხერხდება

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ჯეიჰანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზრებზე ექსპორტს უამინდობაც აფერხებს, ვინაიდან ამ პირობებში შეუძლებელია ტერმინალის წყალქვეშა მონაკვეთის მდგომარეობის შემოწმება.კომპანია British Petroleum–ში (BP) განაცხადეს, რომ აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტის განახლების ვადები ჯერ არ არის დადგენილი. ჯეიჰანის პორტში შექმნილი ვითარების გამო კომპანიამ ხუთშაბათს, 9 თებერვალს, ფორს–მაჟორი გამოაცხადა.ინფორმირებული წყაროები ანონიმურობის პირობით აცხადებენ, რომ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ტერმინალის გაშვება შეიძლება დაგეგმილზე ბევრად დიდი ხნით გადაიდოს. თუმცა, მათი თქმით, ნავთობსადენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და აზერბაიჯანული ნავთობი ჯეიჰანის პორტის რეზერვუარებში იტვირთება.აზერბაიჯანული სააგენტო haqqin.az წერს, რომ ბაქოსთან მდებარე სანგაჩალის ტერმინალის საცავებში საკმარისი ადგილია იმისთვის, რომ მოპოვება შეუფერხებლად გაგრძელდეს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ტერმინალის ტევადობა მხოლოდ 2 დღე ეყოფა საბადოდან მოპოვებულ ნავთობს. ამიტომ, თუ პორტის ტერმინალიდან ტანკერებზე გადატვირთვა არ განახლდება, ნავთობმოპოვების მოცულობის შემცირების საკითხს განიხილავენ.აზერბაიჯანული ნავთობის კიდევ ერთი საექსპორტო მიმართულებაა ბაქო–სუფსის მილსადენი, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ეს ხაზი არ მუშაობს.წყარო: gbc.ge

ლავროვი: აშშ აღიარებს, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ აფეთქებებში მათი ხელი ურევია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკის შეერთებული შტატები „ჩრდილოეთ ნაკადის“ გაზსადენის აფეთქებაში დაადანაშაულა. „ფაქტობრივად, ამერიკელი ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აფეთქებებში, რომლებიც მოხდა „ჩრდილოეთ ნაკად 1“-სა და „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ზე, მათი ხელი ურევია, ახლა ამაზე სიამოვნებითაც კი საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა.ცნობისთვის, აფეთქება მილსადენებზე გასული წლის 26 სექტემბერს მოხდა და გაზის გაჟონვა ერთდროულად 4 ადგილას დაიწყო. მომხდარზე გამოძიებას შვედეთი, დანია და გერმანია აწარმოებენ, მაგრამ მათ ჯერ რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. კრემლმა მომხდარს„ საერთაშორისო ტერორისტული აქტი“ უწოდა.წყარო: pia.ge

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ

Nato-ს ქვეყნები 14-15 თებერვალს კრიტიკული ინფრასტრუქტურის, კაბელებისა და მილსადენების დაცვას განიხილავენ. ამის შესახებ Nato-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.„Nato ამაზე მრავალი წელია მუშაობს და ჩვენ ამ სამუშაოს ახალ საფეხურზე ავდივართ. მე გადავწყვიტე, შემექმნა ახალი საკოორდინაციო ჯგუფი Nato-ს შტაბ-ბინაში ჩვენი მოწყვლადობის შესამოწმებლად და ინდუსტრიასთან ურთიერთობისთვის. ეს გააძლიერებს ჩვენს ძალისხმევას თავიდან ასაცილებლად და ეწინააღმდეგება კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალქვეშა კაბელებს და მილსადენებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე მინისტრთა მოახლოებულ შეხვედრაზე.მისი თქმით, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები 11-12 ივლისს ვილნიუსში ორგანიზაციის სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების შესახებ.„ჩვენ ასევე მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ევროკავშირთან ნატო-ევროკავშირის სამუშაო ჯგუფის მეშვეობით კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგრადობის შესახებ“, – დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა.