
დიზელის ფასი მცირდება. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციაში“ აცხადებენ, რომ საქართველოში მისი ფასი ბევრად დაბალია, ვიდრე მეზობელ თურქეთში, რაც ტრანზიტით მოძრავ ავტომობილებს და გადამზიდავებს უბიძგებს, საწვავი საქართველოს ტერიტორიაზე შეიძინონ.„მე მაქვს ძალიან კარგი ინფორმაცია ჩვენ კომპანიებისთვის. დიზელის საწვავი თურქეთში ბევრად იაფი იყო, ვიდრე საქართველოში. ამის გამო ჩვენ ტრანზიტის ვაჭრობა დავკარგეთ. 90 ათასი მანქანა ტრანზიტად მოძრაობდა საქართველოს გავლით და ფაქტობრივად, არაფერს ყიდულობდნენ ჩვენს ავტოგასამართ სადგურებში - ბევრად იაფი ჰქონდათ საკუთარ სახლში. საქართველოს ტერიტორიაზე დასაფარი მანძილი მოკლე ჰქონდათ, გადადიოდნენ რუსეთში და იქ დაბალ ფასად იღებდნენ საწვავს. ახლა პირიქით, ჩვენთან შემცირდა ფასები, თურქეთში კი მკვეთრად მოიმატა. მათ ჰქონდათ თავიანთი პრობლემები, მიწისძვრები და ინფლაცია, რამაც თავისი გაიტანა. ახლა უკვე მაქვს ინფორმაცია, რომ ძალიან ბევრი თურქული მანქანა საქართველოში ავსებს საწვავის ავზებს“ – აცხადებს „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი „ენერგონიუსთან“.მისივე თქმით, ფასებს შორის სხვაობა 30 თეთრია. შექმნილი ვითარება კი, საქართველოში მოქმედი ბენზინგასამართი სადგურებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება.„საქართველოს ისევე, როგორც სხვა სახის საწვავი, დიზელიც რუსეთიდან შემოაქვს. იქ ჭარბი წარმოებაა და ფასები შემცირებულია. ამიტომ, ჩვენს ბაზარზეც იაფი დიზელი იყიდება. 90 ათასი მანქანა რომელიც საქართველოს ტრანზიტით გაივლის და საწვავს ჩაისხამს, ძალიან კარგი მაჩვენებელია“ - აცხადებს ვახტანგ იობაშვილი.2023 წელს იანვარ-ივნისში საქართველოში ტრანზიტად გამავალი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობამ 247 754 ერთეული შეადგინა. ეს რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22.4%-ითაა გაზრდილი.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ-ში ნედლი ნავთობის მარაგები 0,7 მილიონი ბარელით შემცირდა და 457,4 მლნ ბარელი შეადგინა.ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, ბენზინის მარაგები შემცირდა 1,1 მილიონი ბარელით და 218,4 მლნ ბარელი შეადგინა, დისტილატების მარაგები კი 118,2 მლნ ბარელის ნიშნულზეა.მასთან, აშშ-ში შემცირდა ნავთობის მოპოვება 200 ათასი ბარელით დღეში და დღე-ღამეში 12,2 მლნ ბარელი შეადგინა.

ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ი მდინარე ამაზონის შესართავთან, ბრაზილიის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე ტერიტორიის გამოკვლევას გეგმავს. კომპანია მიიჩნევს, რომ ნავთობისა და გაზის მარაგების საძიებოდ, ეს მნიშვნელოვანი ტერიტორიაა.მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის მარეგულირებელმა Ibama-მ რეგიონში ბურღვის შესახებ Petrobras-ს მოთხოვნის განხილვაზე უარი უთხრა, კომპანიის დირექტორი კვლავ აცხადებს, რომ მოკვლევა აუცილებელია.Petrobras-მა უკვე გაასაჩივრა Ibama-ს უარი. კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ისინი არ დანებდებიან, სანამ არ მიიღებენ მტკიცე "არას".„მიგვაჩნია, რომ ადრე თუ გვიან გვექნება ლიცენზია, სადაც გაწერილი იქნება მოთხოვნები და ჩვენთვის გათვალისწინებული ვადები“ - აცხადებს PETROBRAS-ის აღმასრულებელი დირექტორი ჟან პოლ პრატესი.მისივე თქმით, ბრაზილიის ჩრდილოეთ სანაპიროს შემდეგ, Petrobras-ს ექნება შესაძლებლობა გააფართოოს თავისი საძიებო სამუშაოები საზღვარგარეთ, მეზობელ გაიანასა და სურინამში, ეკვატორულ საზღვარზე.კომპანია კიდევ ერთი ვერსიად განიხილავს დასავლეთ აფრიკის სანაპიროების ნაწილების შესწავლას, რომელთაც ბრაზილიის ოფშორულ ველებთან გეოლოგიურ მსგავსება აქვთ.„ეს გაფართოება საზღვარგარეთ მხოლოდ ნავთობთან არ არის დაკავშირებული. აქ შეიძლება ჩაერთოს სხვა სფეროებიც. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ალიანსები, იმ საკითხებში, რომლებიც უნდა შევისწავლოთ. შეგვიძლია გვყავდეს ახალი პარტნიორები ენერგეტიკულ ტრანსფორმაციაში, განახლებად ენერგიებში, ბიოქიმიაში, ქიმიასა და გადამამუშავებელ წარმოებაში. ჩვენ არ შეგვიძლია გათიშული ვიყოთ საერთაშორისო პროცესებისგან. Petrobras გლობალური კომპანიაა“ - აცხადებს ჟან პოლ პრატესი.

ერაყმა და ფრანგულმა ნავთობკომპანია TotalEnergies-მა ხელი მოაწერეს 27 მილიარდი დოლარის ენერგეტიკულ შეთანხმებას. პროექტი დიდი ხანია მოლოდინის რეჟიმშია და ის მიზნად ისახავს გაზარდოს ნავთობის მოპოვება და გააძლიეროს ქვეყნის ენერგიის წარმოების შესაძლებლობები ნავთობის, გაზისა და განახლებადი ენერგიის პროექტებით.გარიგებას ხელი 2021 წელს მოეწერა, თუმცა, ერაყელ პოლიტიკოსებს შორის პირობებზე დავის ფონზე გაჭიანურდა. საბოლოოდ, მოლაპარაკებები აპრილში დაიხურა, როდესაც ერაყი პროექტში თავდაპირველად მოთხოვნილზე ნაკლები წილის აღებაზე - 30%-ს დათანხმდა.შედეგად, TotalEnergies-მა დაიკავა აქციების 45%, ხოლო QatarEnergy ფლობს დარჩენილ 25%-ს.ბაღდადში გამართულ ცერემონიაზე შეთანხმებას ხელი მოაწერეს TotalEnergies-ის თავმჯდომარემ, აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ პუიანმა და ერაყის ნავთობის მინისტრმა ჰაიან აბდელ-განმა.პატრიკ პუიანმა შეთანხმებას "ისტორიული დღე" უწოდა და თქვა, რომ პროექტი ამ ზაფხულს დაიწყება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.„ეს საწყისი დღეა. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელებთ ინვესტიციებს ერაყში, ყველასთვის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა TotalEnergies-ის თავმჯდომარემ.გაზის ზრდის ინტეგრირებული პროექტი (GGIP) მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ქვეყნის ელექტროენერგიის მიწოდება, მათ შორის, სამი აალებული ნავთობსაბადოს აღდგენით და გაზის თბოელექტროსადგურების მიწოდებით, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანას იმპორტის ხარჯები შეამციროს.TotalEnergies-მა განაცხადა, რომ ის ასევე განავითარებს 1 გიგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურს ბასრას რეგიონალურ ქსელში და პროექტში საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power-ს იწვევს."ეს არის ერაყის განახლებად ენერგიებში ინვესტიციის რეალური დასაწყისი", - თქვა ნავთობის მინისტრმა აბდელ-ღანიმ მზის პროექტზე.GGIP ასევე მოიცავს ზღვის წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას, რომელიც გვალვით დაზარალებულ ერაყს საშუალებას მისცემს ნავთობის წარმოების პროცესში ზღვის წყალი წყალი გამოიყენოს მდინარეებისა და ჭაობების შეზღუდული მტკნარი წყლის ნაცვლად.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, რომელიც აზერბაიჯანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის „სოკარის“ პრეზიდენტს როვშან ნაჯაფს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და „სოკარს“ შორის მრავალწლიანი, წარმატებული პარტნიორობა, ასევე სამომავლო პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ენერგეტიკის სფეროში. შეხვედრაზე აღინიშნა, მიმდინარე წელს დაგეგმილია აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის „სოკარის“ პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.

საერთაშორისო ბაზრებზე, ნავთობის ფასი, ბოლო 2 დღეში, საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ბარელი Brent-ის ღირებულება, ამჟამად, 77 დოლარამდეა. გაზრდილია რუსული ნავთობის ფასიც. გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე კი, საწვავის ფასები მზარდია საქართველოშიც. თითქმის ყველა ტიპის ბენზინზე, მათ შორის რეგულარზე, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ, 2 კვირიან ჭრილში, ფასები საშუალოდ 10- 20 თეთრამდეა დაკორექტირებული.„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი ზაალ იაკობიძე „ბიზნესპარტნიორთან“ ქვეყანაში ბენზინის გაძვირების მთავარ მიზეზად მომწოდებელ ქვეყანას - ანუ რუსეთს ასახელებს, საიდანაც საქართველოში საწვავის 85% -ზე მეტი შემოდის.მისივე თქმით, ზაფხულის პერიოდის დადგომასთან ერთად, რუსეთში გაიზარდა საწვავის მოხმარება. გარდა ამისა, რუსულმა მხარემ გაზარდა საწვავის მიწოდება შუა აზიის რესპუბლიკებში, იმ ფონზე, როდესაც აქ ნავთობის გადამუშავება მკვეთრად შემცირებულია, უმსხვილესი კომპანიები კი სანქცირებულები არიან.„ამ ყველაფერმა, ჯამურად, საწვავის ფასზე იმოქმედა და თუ 1 თვის წინ, ბენზინის შესასყიდი ფასი 1 ტონაზე 600 დოლარი იყო, დღეს ფასი 700-დან- 750 დოლარამდეა. ამასთან, საქართველოში საწვავის გაძვირების ერთ-ერთი ფაქტორი ლარის კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურებაც აღმოჩნდა. ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ დღეს საქართველოში საწვავზე ფასების მატება შესამჩნევია“, - განმარტა ზაალ იაკობიძემ.„სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელი და დირექტორი ვარაუდობს, რომ ზაფხულის მომდევნო თვეებში, ქვეყანაში საწვავის ფასები კიდევ აიწევს, რასაც ტრადიციულად, ამ პერიოდში გაზრდილი მოთხოვნა განაპირობებს.ცნობისთვის, მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში საქართველოში საწვავის იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, იანვარ-აპრილის მონაცემებით, ბენზინისა და დიზელის იმპორტმა 347 ათას ტონაზე მეტი შეადგინა, რაც 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟებზე, ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ბოლო დღეებია, საწვავი ძვირდება საქართველოშიც. კერძოდ, ორკვირიან მონაკვეთში, სხვადასხვა ქსელში, ბენზინის სხვადასხვა ტიპის მიხედვით, ფასები საშუალოდ 10-დან 20 თეთრამდეა დაკორექტირებული.ნავთობინდუსტრიის წარმომადგენლები მოლოდინებზეც საუბრობენ და პროგნოზირებენ, რომ მომდევნო 1 წლის განმავლობაში, ენერგორესურსების ფასები მზარდი იქნება.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ „გალთ ენდ თაგარტის“ უფროსმა ანალიტიკოსმა გიორგი ბერბერაშვილმა განუცხადა, დარგის ექსპერტები ნავთობპროდუქტების სავარაუდო გაძვირების მიზეზად OPEC-ის დე-ფაქტო ლიდერის, საუდის არაბეთის გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომელმაც ნავთობის მიწოდების მკვეთრად შემცირება დაანონსა. კერძოდ, ივლისიდან ნედლი ნავთობის მიწოდება დღიურად 1 მილიონი ბარელით დაეცემა, რაც საუდის არაბეთის საერთო დღიურ წარმოებას 9 მილიონ ბარელამდე შეამცირებს.„ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, მომდევნო 12 თვის მანძილზე, ნავთობპროდუქტები 25-დან 28%-ამდე გაძვირდება და შესაძლოა, 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულება 100 დოლარიც გახდეს. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, საწვავის კიდევ უფრო გაძვირებაა ნავარაუდევი საქართველოშიც. სავარაუდოდ, ზაფხულის მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში ფასები, ეტაპობრივად, 10-15 ან 25 თეთრით გაიზრდება“, - აღნიშნა გიორგი ბერბერაშვილმა.მისივე ინფორმაციით, თუ ანალიტიკოსების პროგნოზი გამართლდა და 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 100 დოლარს მიაღწია, მაშინ საქართველოში საწვავი კიდევ უფრო მეტადაც გაძვირდება.ცნობისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე, ნავთობის ფასი, ბოლო 2 დღეში, საშუალოდ 2%-ითაა გაზრდილი და ბარელი Brent-ის ღირებულება, ამჟამად, 77 დოლარამდეა. გაზრდილია რუსული ნავთობის ფასიც. გლობალურ ბაზარზე ნავთობის გაძვირების ფონზე კი, საწვავის ფასები მზარდია საქართველოშიც. თითქმის ყველა ტიპის ბენზინზე, მათ შორის რეგულარზე, რომელსაც ქვეყანაში ყველაზე დიდი რაოდენობით მოიხმარენ, 2 კვირიან ჭრილში, ფასები საშუალოდ 10- 20 თეთრამდეა დაკორექტირებული.

რუსეთი მარტში, ნავთობის მოპოვების დღეში 500 ათასი ბარელით შემცირებას გეგმავს. ეს დასავლეთის ქვეყნების მიერ უკრაინში აგრესიის გამო, რუსული ნავთობის ფასის შეზღუდვაზე პასუხია. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა 10 თებერვალს განუცხადა.“დღეს ჩვენ სრულად ვყიდით წარმოებული ნავთობის მთელ მოცულობას, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნავთობს არ მივყიდით მათ, ვინც პირდაპირ ან ირიბად იცავს “ფასის ჭერის” პრინციპებს”, – ციტირებენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ნოვაკს.მან აღნიშნა, რომ რუსეთი მარტში ნებაყოფლობით შეამცირებს წარმოებას დღეში 500 000 ბარელით, რათა დაეხმაროს საბაზრო ურთიერთობების აღდგენას.ნოვაკის თქმით, გადაწყვეტილება რუსეთში ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ ნებაყოფლობით, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს.ამავდროულად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ჟურნალისტების კითხვას, განიხილა თუ არა მოსკოვმა პარტნიორებთან მარტის გეგმები, უპასუხა: “იყო საუბარი OPEC+ -ის რამდენიმე ქვეყანასთან.”ნოვაკის განცხადების შემდეგ ნავთობის ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. Brent-ის ნავთობის აპრილის ფიუჩერსების ღირებულება ლონდონის ICE ბირჟაზე პარასკევს, მოსკოვის დროით 15:00 საათისთვის 86.38 დოლარი იყო ბარელზე, რაც 2.2%-ით მეტია წინა სესიის დახურვის ფასზე.

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 5.04 მილიონი ბარელით გაიზარდა და 467.62 მლნ ბარელი შეადგინა.ბენზინის მარაგები შემცირდა 1.38 მილიონი ბარელით და 218.33 მლნ ბარელი შეადგინა. დისტილატების მარაგები 80 ათასი ბარელით გაიზარდა და 106.23 მლნ ბარელი შეადგინა.ნავთობის მოპოვება აშშ-ში გაიზარდა 100 ათასი ბარელით/დღეში და შეადგინა 12,3 მლნ ბარელი/დღე-ღამეში.ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

ქვეყანაში საწვავის გაიაფების პროცესი გაგარძელდება, ამის შესახებ გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა.ვეფხვაძის ინფორმაციით, ბაზარზე ტენდენცია კლებადი, ხოლო ვალუტა გამყარებადია, შესაბამისად ეს ყველაფერი ეტაპობრივად აისახება ფასებშიც და გაიაფების პროცესი გაგრძელდება. მისი თქმით, კონკურენციის სააგენტოს მიზანი უნდა იყოს არა მარჟები, არამედ როგორია კომპანიებს შორის კონკურენცია და არის თუ არა კომპანიებს შორის საბაზრო შეთანხმება.როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, მსოფლიოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ინფლაციის თვალსაზრისით დიდი წნეხია, რომელიც საერთაშორისო ბაზრების პრობლემაა. შესაბამისად, ოჯახის შემოსავალი ამ წნეხს ვერ უმკლავდება.„არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც კომპანიას აქვს შესაძლებოლობა ქვეყანაში ერთი კონკრეტული ქვეყნიდან ნავთობპროდუქტები შედარებით იაფად შემოიტანოს, მაგრამ სხვა კომპანიას ამის შესაძლებლობა არ აქვს , რადგან ის ევროპაში, ევროპული სტანდარტებით პროდუქტს უფრო ძვირ ფასად ყიდულობს. შესაბამისად, ბაზარზე პროდუქტებს შორის განსხვავებები წარმოიქმნება, ასეთი ბაზრის კონიუქტურა, როგორიც დღეს არის, აქამდე არასდროს არ ყოფილა იმიტომ, რომ განსხვავება ძალიან დიდია ერთ კონკრეტულ ქვეყანასა და სხვა ქვეყნებს შორის,”- ამბობს ლევან ვეფხვაძე.ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ზოგადად ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის და მიწოდების უსაფრთხოებისთვის სწორი არ იქნება თუ ყველა ერთ ქვეყანაზე გადაერთვება, რადგან თუ საქართველო მთლიანად ჩრდილოეთზე იქნება დამოკიდებული, მყისიერად მოწოდების შეფერხების შემთხვევაში შეიძლება შიდა ბაზარზე პრობლემა შეიქმნას.„თუ კომპანიები მოახერხებენ და გაითვალისწინებენ, რომ მყისიერად ერთ ქვეყანაზე გადმორთვის შემთხვევაში მოწოდების ნაწილში პრობლემა არ ექნებათ, მაშინ ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება პრობლემა არ იქნება.“ – აღნიშნავს ვეფხვაძე.„არ შეიძლება ასე ერთ ქვაბში კომპანიისა და პროდუქტების მოხარშვა, რადგან მომწოდებელი ქვეყნები განსხვავებულია. დიზელი არის დეფიციტური ყველგან, შესაბამისად ჩვენთანაც უფრო ძვირი ღირს და ევროპულ ფასთან თანხვედრაშია. რეგულარის ნაწილში არის მეტი შესაძლებლობა ერთი კონკრეტული ქვეყნიდან წამოღების და შედარებით იაფია. აქედან გამომდინარე, არასწორი იქნება ასე ერთ სიბრტყეზე გადატანა.“ – აღნიშნავს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია. პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის გაიაფების მიუხედავად, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასები ისევ მაღალია, ზოგიერთ შემთხვევაში კი ლიტრ ბენზინზე მოგების მარჟა ლარსაც აღწევს.
მწვანე ენერგიასა და ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში სასტუმროებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ბრიგადები სტიქიის გამო დაზიანებული ქსელის აღდგენაზე მუშაობენ
აჭარისწყალი ჯორჯია: შუახევი ჰესის ოპერირება უსაფრთხოა
CFD აუქციონში გამარჯვებულ სადგურებთან 165 მგვტ-ის პროექტებზე ხელშეკრულებები გაფორმდება
კასპიის ბიზნეს ფორუმზე ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტის საკითხები განიხილეს