ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება 2025 წლის პირველ კვარტალში, წლიურად 1.3%-ით, 3.7 ტვტ.სთ -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2025 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მატება ძირითადად საცალო (+5.4% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+1.3% წ/წ) გაზრდილი მოთხოვნის შედეგი იყო.
“მოხმარებაზე უარყოფითად იმოქმედა აფხაზეთის რეგიონის მოხმარების წლიურმა შემცირებამ (-8.7% წ/წ). პირდაპირი მომხმარებლების კატეგორიაში აღსანიშნავია კრიპტო-მაინინგ კომპანიების მოხმარების გახუთმაგება, რაც საერთაშორისო ბაზრებზე კრიპტო აქტივების ფასების ზრდამ და ახალი საწარმოების დამატებამ (ძირითადად თავისუფალი ინდუსტრიული ზონები) გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ფერაშენადნობების ქარხნები 2024 წლის ოქტომბრიდან გაჩერებული იყვნენ, ხოლო მარტის თვეში, შეინიშნება აქტივობის ზრდა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე ფეროშენადნობების ფასის ზრდის მოლოდინს უკავშირდება.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, 2025 წლის პირველ კვარტალში საცალო მოხმარება გაიზარდა, როგორც თელმიკოს (+5.4% წ/წ), ასევე ეპ ჯორჯიას (+6.7% წ/წ) მომხმარებლებისთვის, კერძოდ: მოსახლეობის ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 8.5%-ით გაიზარდა და 0.8 ტვტ.სთ შეადგინა.
"თბილისის მაცხოვრებლების (თელმიკოს აბონენტები) მოხმარება გაიზარდა წლიური 6.0%-ით, ხოლო რეგიონების (ეპ ჯორჯია მიწოდების აბონენტები) 10.4%-ით. კომერციული სექტორის მოხმარებაც წლიურად 4.4%-ით გაიზარდა, აქედან თელმიკოს აბონენტების წლიურად 5.0%-ით, ხოლო ეპ ჯორჯია მიწოდების 3.9%-ით”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
რაც შეეხება ელექტროენერგიით საგარეო ვაჭრობას, იმპორტი 2025 წლის პირველ კვარტალში წლიურად 122.2%-ით 1.0 ტვტ.სთ-მდე გაიზარდა.
მათივე ცნობით, იმპორტირებულ ელექტროენერგიის 59.5% რუსეთიდან განხორციელდა, რომელიც სრულად აფხაზეთის რეგიონის მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი.
"იმპორტის დანარჩენი ნაწილი შემოვიდა აზერბაიჯანიდან (ჯამური იმპორტის 33.8%) და სომხეთიდან (ჯამური იმპორტის 6.7%). ჯამურად, იმპორტულ ელექტროენერგიაში გადახდილმა თანხამ 23.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ კვტ.სთ-ზე 1.9 აშშ ცენტია. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის რეგიონისთვის იმპორტი სპეციალურ ფასად, კვტ.სთ-ზე 0.1 აშშ ცენტად ხორციელდება, რაც იმპორტის საშუალო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აზერბაიჯანიდან იმპორტის საშუალო ფასმა შეადგინა კვტ.სთ-ზე 5.9 აშშ ცენტი, ხოლო სომხეთიდან იმპორტმა 6.6 აშშ ცენტი“, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.