პარლამენტმა „„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით მხარი დაუჭირა, რვა წინააღმდეგი იყო.პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კანონპროექტი კოლეგებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა გააცნო.კერძოდ, მოქმედი რეგულაციის თანახმად, წყალმომარაგების ტარიფის დადგენისას მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილია 2027 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების მომსახურების ღირებულება სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებლისთვის განსხვავებული პროპორციით გადაანაწილოს. კანონპროექტით, აღნიშნული თარიღი 2036 წლის პირველ იანვრამდე გადაიწევს.შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ცვლილების თანახმად, მარეგულირებელი კომისია უფლებამოსილი იქნება გარდამავალ პერიოდში – 2036 წლის პირველ იანვრამდე წყალმომარაგების, ხოლო 2038 წლის პირველ იანვრამდე ბუნებრივი გაზის – ტარიფის დადგენის დროს, განსხვავებული მომსახურების ღირებულება დაადგინოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული მოცულობის მიხედვით.„აღნიშნული ცვლილებების მიზანი, ერთი მხრივ, მოქალაქეთა სოციალური ინტერესების დაცვა, ხოლო მეორე მხრივ, ისეთი სამართლებრივი მექანიზმის შექმნაა, რომელიც ენერგორესურსების ეფექტიან გამოყენებას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივით მომზადდა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა მონაწილეობა მიიღო იაპონიაში, ქ. ტოკიოში წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართულ სემინარში.სემეკ-ის ცნობით, კომისიის წევრმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საქართველოში წყალმომარაგების სექტორის რეგულირების პრინციპები და სატარიფო პოლიტიკა.სემინარი გაიმართა საერთაშორისო წყლის მენეჯმენტის კომპანია „აქუალიასა“ და იაპონიაში ესპანეთის სამეფოს საელჩოს მასპინძლობით.როგორც გიორგი ფანგანმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, სემეკის საქმიანობაში წყალმომარაგების სექტორის ეფექტიანი რეგულირება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს:„წყალმომარაგება წარმოადგენს კაპიტალტევად დარგს და სექტორში მომსახურების მაღალი ხარისხის სტანდარტების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სოლიდური ინვესტირებით. დღეისათვის საქართველოს წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს 8 ლიცენზიატი კომპანია. სემეკის მიზანია, რომ ეფექტიანი რეგულირებით ხელი შეეწყოს წყალმომარაგების სექტორის პერმანენტულ განვითარებასა და სამართლიან სატარიფო პოლიტიკას, სადაც თანაბრად იქნება დაცული როგორც მომსახურე კომპანიის, ასევე მომხმარებლის უფლებები.აღსანიშნავია, რომ მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის Aqualia-ს დაინტერესება საქართველოს წყალმომარაგების სექტორით ქვეყნის გამჭვირვალე მიდგომებისა და ეფექტიანი რეგულირების დასტურია, რაც საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.სემეკ-ის ცნობით, წყალმომარაგების მენეჯმენტის შესახებ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფარგლებში გამართული სემინარი მიზნად ისახავდა წყალმომარაგების სექტორში საჯარო და კერძო თანამშრომლობის წარმატებული მოდელების, რეგულირების გამოცდილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას. გიორგი ფანგანთან ერთად, სემინარზე სიტყვით წარდგნენ წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მსოფლიო ბანკის ESPIRE მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას სემეკის მხრიდან ესწრებოდნენ კომისიის წევრები და დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.შეხვედრაზე განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკური და ფინანსური საკითხები, სატარიფო პოლიტიკის კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და სემეკის სატარიფო რეგულირების პრინციპები. ასევე, მხარეებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმაზე.ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებისთვის ელექტროკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამა (ESPIRE) მსოფლიო ბანკის ინიციატივაა. პროგრამის მიზანია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტის მომზადებისა და განხორციელების მხარდაჭერა. პროექტი ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე პარალელური ელექტრო და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მოწყობას საქართველოსა და რუმინეთს შორის.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემების კანონმდებლობით გათვალისწინებულ ტექნიკურ და უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 75 ათასი ლარით დააჯარიმა.კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა 2027 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყოს სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობებსა და სატუმბ სადგურებზე წყალმომარაგების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო საშუალებების, ასევე კომპანიის კუთვნილი ელექტრომეურნეობის მდგომარეობის ტექნიკურ რეგლამენტებთან/სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.გარდა ამისა, არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა, კომპანიამ, ყველა საჭირო სახელმწიფო, მუნიციპალურ და კერძო სამსახურებთან შეთანხმებით, უნდა უზრუნველყოს მდინარე მტკვარზე არსებული აკვედუკი 5-ის საქართველოში მოქმედ ტექნიკურ სტანდარტებთან, სამშენებლო ნორმებთან და წესებთან შესაბამისობაში მოყვანა.შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაევალა სამუშაოების დასრულების შემდგომ სემეკში წარადგინოს აკრედიტებული ორგანოს მიერ მომზადებული, საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებთან წყალმომარაგების სისტემის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, 31-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეებს პრეზენტაცია ჩაუტარდათ, როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე.მოსწავლეებმა დაათვალიერეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს გაეცნენ. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ენახათ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.შემეცნებითი ტურის პრაქტიკული ნაწილი სსე-ის ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ გაგრძელდა, სადაც მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, ასევე დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას დასაქმების პერსპექტივით.„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის შემეცნებით ტურებს 2016 წლიდან ატარებს, რაც ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ისახავს მიზნად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) მიმდინარეობს საკითხის შესწავლა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიის - შპს „ყამარი მ“-ს მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის გათიშვის ფაქტთან დაკავშირებით, რათა უმოკლეს ვადებში შესაძლებელი იყოს ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა.ამასთანავე, სემეკში ჩაინიშნა საჯარო სხდომა, სადაც განიხილება შპს “ყამარი მ“ -ს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიის გაუქმებისა და აბონენტების გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შპს „თბილისი ენერჯისათვის“ შესაბამისი მომსახურების გაწევის ვალდებულების დაკისრების საკითხი.შპს „ყამარი მ“-ს მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის გათიშვის მიზეზს წარმოადგენს კომპანიის დავალიანება შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ მიმართ. შპს „ყამარი მ“-ს სალიცენზიო არეალში მომხარებლების ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების უზრუნველსაყოფად, კომპანიასა და საბითუმო მიმწოდებელ შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტს“ შორის გაფორმებულია ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისა და მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო, შპს “ყამარი მ“-ს შპს „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ წინაშე წარმოექმნა მსხვილი დავალიანება. აღნიშნული დავალიანების გამო, შპს „ყამარი მ“-ს 2026 წლის 5 ოქტომბერს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება.შპს „ყამარი მ“ ახორციელებს ბუნებრივი გაზის განაწილებას თბილისში, ე.წ. მუხიანისაგარაკების ტერიტორიაზე.
დღეიდან საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობა ჩერდება. ბირჟის ოპერატორი აღნიშნულ ბაზარზე ოპერირებას მომდევნო წლის პირველი ივლისიდან გააგრძელებს. მანამდე კი გარიგებები მხოლოდ დღით ადრე დაიდება.როგორც ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განმარტა, ენერგეტიკულ ბირჟაზე დღიური ვაჭრობის შეჩერების მიზეზი ბიზნესის მხრიდან აღნიშნულ ბაზარზე გარიგებების მიმართ დაბალი ინტერესი გახდა.“როგორც იცით, 2024 წლის ზაფხულიდან ბაზრის მონაწილეებისთვის ორივე სეგმენტი, როგორც დღით ადრე, ისე დღიური ბაზარი გახდა ხელმისაწვდომი. პრაქტიკა აჩვენებდა, რომ მონაწილეებისთვის დღით ადრე ვაჭრობა უფრო მოსახერხებელი იყო. ზაფხულის პერიოდში დღიურ ბაზარზე ვაჭრობა ფაქტობრივად არ დაფიქსირებულა და მხოლოდ ერთი გარიგება დაიდო. ამას არ დავარქმევდი უკუსვლას, უბრალოდ, ის სეგმენტი, რომელიც იყო შეთავაზებული სექტორმა ის არ მიიღო ისე ინტენსიურად, როგორც დღით ადრე ბაზარი. სწორედ ამ სეგმენტზე ვაჭრობა ამ ეტაპზე არის შეჩერებული. სამიზნე მოდელში მყისიერად მოხდება ამ ბაზრის ხელმეორედ ამოქმედება და ის მონაწილეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ამ სეგმენტზე, მათი რეგისტრაციაც ავტომატურად გაგრძელდება,”-აღნიშნა ირაკლი გალდავამ.საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა ამ დრომდე გარდამავალი მოდელით მუშაობს. ელექტროენერგიის სავაჭრო პლატფორმა სრულად 2027 წლის ივლისში უნდა გაიხსნას. რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟას უნდა დაემატოს საათობრივი დაბალანსების შესაძლებლობა და საბალანსო ბაზარი.“სამიზნე მოდელზე გადასვლა ითვალისწინებს საათობრივი დაბალანსების ამოქმედებას, საბალანსო ბაზრის ამოქმედებას, რომელიც ამ ეტაპზე დაგეგმილია 2027 წლის 1 ივლისიდან, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გეტყვით რა შეიძლება მოხდეს ამ პერიოდისთვის.”-აღნიშნა ირაკლი გალდავამ.ენერგობირჟის მონაცემების თანახმად, 2026 წლის პირველ ნახევარში, დღით ადრე ბაზარზე, მონაწილეებმა 41 000 მეგავატ საათი ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის რაოდენობის ნახევარზე ნაკლებია.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სემეკის თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას სტატია — „საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელი ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით“.სტატიაში განხილულია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის განვითარების ძირითადი მიმართულებები, ენერგეტიკული ბაზრის კონცეპტუალური მოდელი და მისი მნიშვნელობა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. აქცენტირებულია ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამდონიანი მოდელის უპირატესობები, რომელიც ერთიანებს კონკურენტულ ბაზარს, ტრანსასაზღვრო ელექტროენერგიით ვაჭრობასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მექანიზმებს ერთიან სისტემაში.“მოდელის მიხედვით ზაფხულში ექსპორტირებული ენერგია ზამთარში ბრუნდება ელექტროენერგიის (ან სხვა სახით) სახით და ამცირებს საქართველოს სეზონურ დეფიციტს. მისი საბოლოო მიზანია სამი ამოცანის ერთდროულად შესრულება: ეკონომიკური ეფექტიანობის უზრუნველყოფა კონკურენტული ბაზრის მეშვეობით; რეგიონულ ბაზრებთან ინტეგრაციის გაღრმავება; ზამთრის დეფიციტისა და ენერგეტიკული რისკების შემცირება. ამრიგად, წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელი გარდაქმნის ზაფხულის პროფიციტულ ელექტროენერგიას არა მხოლოდ კომერციულ პროდუქტად, არამედ ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიულ რესურსად და აერთიანებს SPOT ვაჭრობას, Seasonal Energy Swap-სა და სტრატეგიული NTC-ის მართვას ერთიან საბაზრო არქიტექტურაში”, - აღნიშნულია სტატიაშიგარდა ამისა, ავტორი ყურადღებას ამახვილებს ენერგეტიკული სექტორის მდგრადი განვითარების, ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინების მნიშვნელობაზე.🔗 სტატიის სრულად სანახავად ეწვიეთ ბმულს:
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ სასწავლო კურსს, სახელწოდებით „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. სასწავლო კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ ელექტროსადგურების ოპერირებისა და ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების საბაზისო ცოდნასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.კურსი განკუთვნილია ელექტროენერგეტიკის სექტორით დაინტერესებული ყველა პირისთვის. მათ შორის, დამწყები სპეციალისტებისა და ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის, ენერგოობიექტების პერსონალისთვის.სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები მიიღებენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების მართვის საკითხებზე, ელექტროენერგეტიკის სექტორის რეგულირების მექანიზმებზე; გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციისა და ციფრული მართვის სისტემებს, რომლებიც აუცილებელია ენერგოობიექტების ეფექტური მუშაობისთვის; შეისწავლიან ქსელის ოპერატორებთან ურთიერთქმედების სამართლებრივ და პრაქტიკულ მექანიზმებს.კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.სასწავლო კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებგვერდს: https://entc.ge/ka
ქ.თბილისში ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ფორუმზე მსჯელობენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში.ფორუმი გახსნეს და მონაწილე 1000-მდე მაღალი რანგის დელეგატს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ინგა ფხალაძემ და ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) თავმჯდომარემ, დეივიდ მორტონმა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს ქ. თბილისში მასპინძლობს ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმს, რომელიც საქართველოში პირველად იმართება. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ენერგეტიკული გაერთიანების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მსოფლიო ფორუმი წარმოადგენს უნიკალურ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს ენერგეტიკის რეგულირების სფეროს ყველაზე მნიშვნელოვან და მწვავე საკითხებს.“დღეს ენერგეტიკის სექტორი ისტორიული მასშტაბის ცვლილებებს განიცდის. განახლებადი ენერგიების სწრაფი განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობა, დეცენტრალიზებული ენერგოსისტემების ზრდა, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკის გაძლიერება მარეგულირებლებისგან ახალ ხედვებსა და გადაწყვეტილებებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ არის ასეთი ფორუმები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ისინი გვაძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთის გამოცდილებაზე ვისწავლოთ, გავიზიაროთ წარმატებული პრაქტიკა და ერთად ვიპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ჩვენი სექტორის მომავალს განსაზღვრავს.დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული დისკუსიები ნაყოფიერი, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული იქნება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აქ ჩამოყალიბებული პროფესიული კავშირები და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გლობალური ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ ფორუმის გახნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER), ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან, ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ს კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა, პერუ.ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია: IX WFER | Tbilisi 2026 / Home